ფეხბურთი და პოლიტიკა - კვირის პალიტრა

ფეხბურთი და პოლიტიკა

ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში, საპარიკმახეროს შესასვლელში გამოკრულია გაფრთხილება, რომ დალაქს საქმიანობის დროს ფეხბურთსა და პოლიტიკაზე არ უნდა დაელაპარაკოთ, თორემ შეიძლება, დაგასახიჩროთ. მართლაც უხილავი ძაფითაა გადაბმული ერთმანეთზე ფეხბურთი და პოლიტიკა და ბრაზილიელებს მათ სიყვარულში არ ჩამოვრჩებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ვერც ერთ სფეროში ვერ ვივარგეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, საფეხბურთო გუნდი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსებისგან ჩამოგვეყალიბებინა და ყველას თავისი ადგილი მივუჩინეთ, ისე, როგორც ამას ფეხბურთის მწვრთნელები აკეთებენ. მაშ, ასე:

მიხეილ სააკაშვილი - იქნება უნივერსალური ფეხბურთელი და ითამაშებს ყველგან: თავდასხმაშიც, დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც. მსოფლიოს ქვეყნებს ისე სწრაფად მოივლის, არა გვგონია, მოედანზე თავდასხმიდან დაცვაში ჩამოსვლა გაუჭირდეს.

ვანო მერაბიშვილი - აუცილებლად მეკარედ უნდა გავამწესოთ. 30 ათასი პატიმრის დაჭერა მოახერხა და ერთ ბურთს როგორ ვერ დაიჭერს?

წიკლაური, კუბლაშვილი და მინაშვილი - მათ აქვთ უნიკალური ნიჭი, დაიცვან ნებისმიერი აბსურდული კანონი, რომელსაც მთავრობა იღებს, ამიტომ სამივე დაცვაში დავაყენოთ.

გიგი უგულავა - იქნება სათადარიგო ფეხბურთელი, რომელსაც არ მიეცა შანსი, ითამაშოს ყველგან და სავარაუდოდ, თუ გაისადაც არ ათამაშეს, ალბათ, გუნდის შეცვლაზე იფიქრებს.

ბოკერია - საყრდენი ნახევარმცველი, არ უნდა განმარტება, ხვდებით, ალბათ, რატომაც.

გიგი წერეთელი და მიშა მაჭავარიანი - გუნდის ტექნიკური პერსონალი, რომლებსაც არ აინტერესებთ, გუნდის მწვრთნელი შეიცვლება, კაპიტანი თუ ფინანსური მენეჯერი - არიან და არიან...

ხათუნა, ვერა და ნინო - არიან გოგონები, რომლებსაც ფეხბურთის არაფერი გაეგებათ, მაგრამ სტადიონზე დადიან იმიტომ, რომ ფეხბურთელი ბიჭები მოსწონთ.

ზურაბ ხარატიშვილი - მთავარი მსაჯი, რომელიც ერთ-ერთ გუნდს არასოდეს უფიქსირებს თამაშგარეს.

გიორგი თარგამაძე - ახალი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ახალ წესს შემოიტანს ფეხბურთში - იმ გუნდში ითამაშებს, რომელიც შეუტევს.

"იმედის", "რუსთავი 2"-ისა და 1-ლი არხის ჟურნალისტები - "აუტჩიკები".

ბიძინა ივანიშვილი არის ახალი გადმოსული თავდამსხმელი, რომელმაც ძველი თავდამსხმელები სათადარიგო სკამს მიაჯაჭვა.

ალასანია და ხიდაშელი - გამთამაშებლები, ახალ გადმოსულ თავდამსხმელს პასებით მოამარაგებენ.

და ბოლოს:

ჯონ ბასი - მატჩის კომისარი, რომელიც ბოლო დროს სულ გაიძახის, სტადიონი არ შეესაბამება სტანდარტებსო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.