ხაში და 100 გრამი - კვირის პალიტრა

ხაში და 100 გრამი

კომუნისტების დროს სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობდა ყველასათვის საყვარელი კაცი გურამ ბ-ძე, განთქმული თავისი თამადობითა და ენაკვიმატობით.

სიბერეში გურამს ძალიან შეუყვარდა ხაში და 100 გრამი. მის სახლთან ახლოს სასადილო იყო და ყოველ დილით იქ დადიოდა. გურამის შვილებს, რომლებიც დედაქალაქში ცხოვრობდნენ, სასადილოს მებუფეტე გაფრთხილებული ჰყავდათ, რამდენჯერაც შემოვა და ხაშს მოითხოვს, ნისიად მიეცი, რვეულში ჩაიწერე და რომ ჩამოვალთ, გადავიხდითო. უარს ვინ ეტყოდა - გურამს ყველა დიდ პატივს სცემდა. ასე გრძელდებოდა თვეების მანძილზე, შვილები კი ჩამოდიოდნენ და ვალს იხდიდნენ. ერთხელაც ჩამოსვლა დააგვიანდათ. ერთ დღეს სასადილოში შესულმა გურამმა ჩვეულებისამებრ უთხრა მებუფეტეს:

- დანახარჯი ჩაწერე დავთარში!

- გაივსო რვეული, ბატონო გურამ, - ღიმილით მიუგო მებუფეტემ. გურამმა ჯიბეში ხელი ჩაიყო, 5-კაპიკიანი ამოიღო, მაგიდაზე დაუდო და უთხრა:

- აჰა, ფული და იყიდე ახალი რვეული.

ჯ.ბ. სამეგრელო