მე ის კონსტიტუცია აღარა ვარ, არა... - კვირის პალიტრა

მე ის კონსტიტუცია აღარა ვარ, არა...

საქართველოს კონსტიტუციას უკვე თამამად შეიძლება ეწოდოს მიხეილ სააკაშვილის სახელობის კონსტიტუცია. რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, კვირა არ გასულა, კონსტიტუცია არ შეცვლილიყო. ამ ამბავს ჯერ გაოცება მოჰყვა, მერე - გაბრაზება, ამ ბოლო დროს კი კონსტიტუცია ისეთი ტემპით იცვლება, ხალხი უკვე იცინის. ნახეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მოვლენას საზოგადოებაში.

გამონათქვამები:

ა) რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს?

ბ) კონსტიტუციასავით რო მეცვალა ზეთი მანქანაში, მატორი კი არ "დამისტუკებდა".

გ) ამ კონსტიტუციას ისე ხშირად ცვლიან, მალე კონსტიტუციას კი არა, პაულო კოელიოს "ალქიმიკოსს" მივიღებთ.

დ) - მეგობარო, თეფშის გამოცვლა არ შეიძლება, ბედი გამოგეცვლებათ...

- თეფში კი არა, კონსტიტუცია იცვლება ყოველდღე და არაფერი მომხდარა.

ანეკდოტები:

საქართველოს კონსტიტუცია ხვდება ამერიკის კონსტიტუციას:

- ვაიმე, ამერიკის კონსტიტუცია, როგორ ხარ?

- რომელი ხარ?

- საქართველოს კონსტიტუცია ვარ, ვერ მიცანი?

- ვაიმე, როგორი შეცვლილი ხარ?

- სტილისტი მყავს კარგი და იმიტომ.

საქართველოს კონსტიტუციის ხშირად ცვლის ამბავმა უცხოეთის ქვეყნებამდე მიაღწია.

ორი ინდოელი ზის და საუბრობს:

- აუ, ჩვენი სამშობლო, საქართველო, ძალიან მიყვარს!

- საიდანაა საქართველო ჩვენი სამშობლო?

- მოიცა ცოტა ხანს, შეცვლიან კონსტიტუციას და იქნება.

ამინდის პროგნოზი:

საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქარი და კონსტიტუციის ცვალებადობა.

გაბრაზებული ქართველი:

- რამ გაგაბრაზა, ჟორიკია?

- ვისზე ნაკლები ვარ! პალიკო კუბლაშვილს შევხვდი ამას წინათ და ვთხოვე, კონსტიტუციაში ჩაწერე, რომ ჟორიკიასთან სიდედრის მისვლა არ შეიძლება-თქო.

- მერე, არაო?

- ჯერ არა, სხვა საქმეები მაქვსო, კაცი უნდა გყავდეს ყველგან, რა!

რეკლამა ტანსაცმლის მაღაზიაში:

"შეცვალე შენი ჩაცმის სტილი იმაზე ხშირად, ვიდრე კონსტიტუცია!"

პარტიის საუკეთესო ლოზუნგი:

"აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, გავზრდით პენსიებსა და ხელფასებს და არ შევცვლით კონსტიტუციას."

განცხადება წიგნის მაღაზიაში:

"გამოვიდა გოჩა მანველიძის "მგლები-4" და მიხეილ სააკაშვილის "კონსტიტუცია-35".

ახალი ქართული ფილმის - "კონსტიტუციის ნაამბობის" - ანონსი:

- ვა, საქართველოს კონსტიტუცია!!!

- მე ის საქართველოს კონსტიტუცია აღარა ვარ, არა!!!

როგორ დაუძახებს მიხეილ სააკაშვილი ფანჯრიდან დავით ბაქრაძეს:

- დათუნა, ამოდი, შეცვალე კონსტიტუცია და ჩადი ისევ.