This is Mishaaa! - კვირის პალიტრა

This is Mishaaa!

რაც უნდა საკვირველი იყოს, ბევრი ცნობილი ფილმი ძალიან ჰგავს დღევანდელ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას. მთლიანი ფილმი თუ არა, რაღაც კადრები მაინც. ჩვენ მოვძებნეთ ასეთი ფილმები, ზოგიერთ კადრში შევცვალეთ პერსონაჟები და აი, რა მივიღეთ:

კინოფილმი "მამლუქი"

მოქმედება ხდება ავლაბრის სასახლეში. კადრში ჩანან მიშა, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე. ბაქრაძე იღებს მესიჯს, წამოხტება და ამბობს:

- საფრანგეთიდან მტერი მოემართება.

ვანო:

- ვინ, მოკლე ფაშა?

გიგა:

- რა დაგვიშავებია მისთვის, სად საფრანგეთი და სად ჩვენ?

მიშა:

- ეგ რა შუაშია, ის კაცი ამბობს: ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ხართ და დამხვდითო. შეკრიბეთ ნაციონალთა არმია!

კინოფილმი "სამასი სპარტელი"

ავლაბრის რეზიდენცია. ივანიშვილის მიგზავნილ ელჩს მიაქვს წერილი.

მიშა:

- რა წერია მაგ წერილში, ვანო?

ვანო:

- არ მინდა ეგეთ არჩევნებში მონაწილეობაო, დამიბრუნე მოქალაქეობაო.

მიშა (ღრიალებს):

- მაშ, რას მაცვლევინებდა კონსტიტუციას?!

ელჩი:

- ჩემმა ბატონმა ასევე შემოგითვალათ, თუ დატოვებთ ამ სასახლეს, სამასივე ნაციონალს უვნებლად გაგიშვებთო.

მიშა დიდხანს ფიქრობს, მერე უცებ თვალები უნათდება, ელჩს ფეხს ჰკრავს და ღრიალებს:

- This is Mishaaaaa!

კინოფილმი "ტროა"

კადრი პირველი:

მიშას დაქვემდებარებაში მყოფმა მოგელაძის უწყებამ ბიძინას მეგობარ "ქომაგს" აუკრძალა მუშაობა. გაბრაზებული ბიძინა მივარდა ავლაბრის რეზიდენციასთან და შესძახა:

- მიშააააა! მიშააააა! მიშაააა! მიშაააა, ლაჩარო! წამოდი, "მაესტროში" დებატებში გიწვევ!..

კადრი მეორე:

მიშას სასახლეში არიან პალიკო და მიშა.

პალიკო:

- არ წახვიდე, მიშა, დაგამარცხებს, მაგას დებატებში ასი კაცი ჰყავს დამარცხებული.

ფილმის ორიგინალისგან განსხვავებით, მიშა პალიკოს ეუბნება:

- ოჰ, შენ რომ არ გეთქვა, ხო რას ამბობ, მივფრინავდი...

კინოფილმი "გიორგი სააკაძე"

26 მაისი. რუსთაველის გამზირი, უამრავი კარავი. გამოფენა - "დამზადებულია საქართველოში". მიშა კამერების წინ თავს იწონებს. ყველა ნაციონალი მხიარულობს. ამ დროს პრეზიდენტს დაღონებული ვანო უახლოვდება:

- მიხეილ, შედი კარავში!

- რა მინდა, ვანო, კარავში?!

- იქ ჯონ ბასის განცხადებაა... ჩვენზე...

- ქართული ტიტრებით?

- ქართული ტიტრებით...

- ავაჰმეეე!

კინოფილმი "მაია წყნეთელი"

მოდულის სასახლეში გაკოჭილი ჰყავთ თინა ხიდაშელი. თავზე ადგანან კეზერაშვილი, უგულავა და გუბერნატორები.

კეზერაშვილი:

- აბა, ახლა შემხედე, მათე-ბიჭო, და მითხარი, ჩემი ბენზინის ფასნამატი რამდენი დათვალე?

ხიდაშელი:

- შენგან? ლიტრზე 50 თეთრი...

კეზერაშვილი:

- უხ შენი... ვერ დაგითვლია კარგად, 1 ლარს ვამატებ!

უგულავა:

- ჩემს მეგობრებზე გაცემული რამდენი ტენდერი აღმომიჩინე?!

ხიდაშელი:

- ხუთი!

უგულავა:

- უხ, შენი! შეგეშალა, მარტო ამ თვეში 10 ტენდერი მოვაგებინე მეგობრებს...

ერთ-ერთი გუბერნატორი:

- აბა, მე თუ მეტყვი, რამდენი გამოვიწერე პრემია?

ხიდაშელი:

- შენ რომელი ხარ? აა, ხო, 3 ათასი ლარი...

გუბერნატორი:

- შეცდი ძვირფასო, 10 ათასი ლარი გამოვიწერე.

ამ დროს ვაჟაზე ისმის ბერას სიმღერა "ოცნება ქართული". თინა გახარებული თავს წამოწევს და იტყვის: "ჩემი ბიჭები მოდიან".

კინოფილმი "ფესვები"

პარიზი. მიშა ჯდება ტაქსიში. ტაქსის მძღოლია ლევან მამალაძე.

ცოტა ხანში მიშა იწყებს სიმღერას: "დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია...”

ტაქსი ჩერდება.

მამალაძე:

- ქართველი ხართ, ბატონო?

მიშა:

- ქართველი ვარ. შენ სადაური ხარ?

მამალაძე:

- რუსთავიდან ვარ.

მიშა:

- დიდი ხანია, რაც წამოხვედით საქართველოდან?

მამალაძე:

- შევარდნაძე რომ ჩამოაგდეს, იმ წელს.

მიშა:

- ეჰ, ათი წლის შემდეგ ჩვენც ჩამოგვაგდეს...