პოლიტიკურ-საზოგადოებრივი განცხადებები - კვირის პალიტრა

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი განცხადებები

ვარ 23 წლის გოგო, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება. მაქვს კარგი მკერდი, სწორი ფეხები. მინდა დავიწყო მუშაობა რომელიმე სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. მაქვს სამუშაო გამოცდილება - ვმუშაობდი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მდივნად.

***

ქირავდება ფართი საოფისედ, იაფად. მეუღლე მუშაობს მუნიციპალიტეტში, მყავს შვილები, ამიტომ "ქართული ოცნების" წევრები ნუ გამომეხმაურებიან.

***

სამუშაოდ ვიწვევთ ჟურნალისტებს მიტინგების გასაშუქებლად. აუცილებელი მოთხოვნაა: კარგი მეტყველება, ინგლისურის ცოდნა და მათემატიკის არცოდნა.

***

ვარ პროფესიონალი მსახიობი. ვეძებ სამსახურს. შესრულებული მაქვს როლები: ოტელო (მოსკოვის დიდი თეატრი), ჰამლეტი (ლონდონის სამეფო თეატრი), რიჩარდი III (უოლ სტრიტის თეატრი) და მუშა და ავადმყოფი (გურჯაანის ცენტრალური საავადმყოფო).

***

იაფად და ხარისხიანად ვცვლი კონსტიტუციას. მისამართი: თბილისი, რუსთაველის #8. ან ქუთაისი, ავტომშენებლის #1.

***

იყიდება მიწის ნაკვეთი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ან იცვლება მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელების ხმებზე. მსურველებმა მიაკითხეთ "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ ოფისს.

***

გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას. სამსახურში მიიღება პირი, რომლის შვილი არ ყოფილა 27 მაისის აქციაზე და უცხოეთში მცხოვრებ დედმამიშვილს არ გამოუცხადებია სოლიდარობა "ქართული ოცნებისთვის".

***

ნუგზარ წიკლაურის სახელობის რუსეთის აგენტების ამოსაცნობი სასწავლებელი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას შემდეგ სპეციალობებზე:

1) ბიძინათმცოდნეობა;

2) შერჩევითი სამართალი;

3) მონოპოლისტიკა (დეკანი დ. კეზერაშვილი).

***

შემოდგომის აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება შემდეგი ლოტი: XVI საუკუნის ხელით ნაქსოვი ხალიჩა, XVIII საუკუნის ოქროს ხანჯალი და დეპუტატთა ე.წ. ,,ტროიკა" (გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი).

***

მხოლოდ ერთი დღით თბილისის მერიაში! გრანდიოზული ტენდერი! მონაწილეობენ: გიგი და მეგობრები. მობრძანდით და უყურეთ.