გამოცდები, გამოცდები... - კვირის პალიტრა

გამოცდები, გამოცდები...

მოგეხსენებათ, სულ მალე იწყება ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება, თუმცა როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, უკანასკნელად. მომავალი წლიდან აბიტურიენტები უმაღლესში უკვე სხვაგვარად ჩაირიცხებიან. ამბობენ, სკოლის გამოსაშვები გამოცდები იქნება გადამწყვეტიო. ძველი დრო გაგვახსენდა - სკოლებში რომ ტარდებოდა გამოცდები, ქართული წერა რომ ყველაზე რთული იყო...

ვეხმიანებით გამოცდების საკითხს და გთავაზობთ მომავალი წლის გამოსაშვებ გამოცდაზე დასაწერი თემის ჩვენეულ ვარიანტს. მაშ ასე:

მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმირ პუტინის შედარებითი დახასიათება მსოფლიო პოლიტიკური რომანის ამ პერსონაჟების დახასიათებისას თვალში გვხვდება მათი სულიერი და ფიზიკური თვისებები, შინაგანი მისწრაფებები და სურვილთა ერთობლიობა. თუ, მაგალითად, მიშა ფიზიკურად უფრო მაღალია, რაც მის გმირს გარეგნობით პუტინზე უკეთ წარმოაჩენს, სამაგიეროდ, პუტინი ძიუდოისტია და ხანდახან ქალებს ხელის გადაწევაში ეჯიბრება. მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობების ასეთი თვალსაჩინო განსხვავებისა, საერთოც ბევრი აქვთ: ორივესთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძალაუფლებისაკენ დაუსრულებელ სწრაფვასა და მასმედიის კონტროლს. ციტატა ნტვ-ს ჟურნალისტის რეპორტაჟიდან (ქართული თარგმანი): "ჩვენმა სახელოვანმა პუტინმა დღეს გახსნა ხიდი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის. ახლა მოვუსმინოთ "რუსთავი2"-ის კორესპონდენტს: "ჩვენმა პრეზიდენტმა ისეთი ხიდი ააგო, რომლის ანალოგი "გუგლიშიც" ვერ მოვიძიეთ."

ამ ორი მაგალითით ნათლად ჩანს ამ ადამიანთა სულიერი სიახლოვე. ისინი არა მარტო თვითონ ემსგავსებიან, არამედ გარემოცვასაც ამსგავსებენ ერთმანეთს. ნიშანდობლივია, აგრეთვე, მათი პარტიების სახელწოდებები: "ნაციონალური მოძრაობა" და "ედინაია რასია". თუ რუსეთში პუტინს ყველაფერში ეთანხმება მარკოვი და ყველა არაპუტინისტში ამერიკის აგენტს ხედავს, ჩვენთან იგივე როლი წიკლაურმა მოირგო და ვინც მიშისტი არაა, ყველა რუსეთის აგენტად მონათლა.

პუტინისა და სააკაშვილის დახასიათებისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ბიზნესს. მეორეხარისხოვანი გმირის, პეტრე ცისკრიშვილის გამოსვლის ციტატა: "ბენზინი იმიტომ ძვირდება, რომ კორუფცია არ არის." მშვენიერი გამართული ფრაზაა. გმირი მიგვითითებს, რომ კორუფციის შემცირება ფასებს ზრდის, ამით თითქოს მისი ქვეცნობიერი მიგვანიშნებს, რომ კორუფცია ცუდი არ არის და თუ გვინდა იაფი ცხოვრება, კორუფციას უნდა დავუბრუნდეთ. აქ თვალში საცემია გმირის პიროვნული გაორება - მას თითქოს კორუფცია არ უნდა, მაგრამ იაფი ბენზინიც უნდა. ეს გაორება მის სულიერ სამყაროზე უარყოფითად მოქმედებს და არც არის გასაკვირი, პრეზიდენტის შენიშვნა მიიღოს.

პუტინი ამ საკითხში პეტრე ცისკარიშვილის ანტიპოდია - მას სიიაფეც აქვს  და კორუფციაც. შესაძლოა, პუტინსაც არ უნდა კორუფცია, მაგრამ ეშინია, პროდუქტი არ გაძვირდეს, ამიტომ, ერზე ფიქრით გატანჯული, ხელს უწყობს კორუფციას. საინტერესო გმირია ციხეში მყოფი ხადარკოვსკი, რომელსაც პუტინის სასამართლო სასჯელს უმატებს. მართალია, მიშას ბიზნესმენები არ დაუპატიმრებია (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირე მეწარმეს), მაგრამ დაჭერა რა საჭიროა -  ბიზნესმენს, რომელიც არ დაემორჩილება, ქვეყნიდან წასვლა მოუწევს! პუტინის მსგავსად, მიშასაც ყურებით ჰყავს დაჭერილი მოსამართლეები. მიშას მოსამართლის გამონათქვამის ციტატა: "მოსამართლე მიდის განაჩენის გამოსატანად". ალბათ, ეს ციტატა ცალკე განხილვას იმსახურებს, აქ უნდა ამოვიცნოთ მოსამართლის ფიქრები. "მართლა მე მივდივარ განაჩენის გამოსატანად თუ პროკურორი?" - ფიქრობს ის. ეს გაორება სტანჯავს, თუმცა პროკურორი თვალებს ისე უბრიალებს, რომ მას შიში იპყრობს და ისეთი განაჩენი გამოაქვს, როგორიც პროკურორს მოეწონება.

ასეთი დიდი მსგავსების მიუხედავად, არსებობს მცირე განსხვავებაც: პუტინი უფრო გაბედულია - ის ფეხებზე იკიდებს დასავლურ სამყაროს და პრემიერი ხდება, რათა ექვსი წლის შემდეგ პრეზიდენტად დაბრუნდეს. ბრუნდება კიდეც. მას ატომური იარაღი აქვს და არავისი ეშინია. მიშასაც უნდა, ასე მოიქცეს, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს, ამერიკის ელჩს ანგარიშს უწევს და პუტინისგან განსხვავებით, პრემიერად თითქოს ბოკერიას ნიშნავს, თუმცა კარგად იცის, ბოკერიას რეიტინგის ამბავი. რა იმალება მისი ჩანაფიქრის უკან? იქნებ სურს, ხალხმა თქვას, ოღონდ ბოკერია არ იყოს და ისევ მიშა გვირჩევნიაო?!

მის მგზნებარე სულში დაბუდებული აზრები ჯერჯერობით მისივე ფონდივით ბნელია და ამოუცნობი, თუმცა დრო თავისას შვრება - როგორც თავის დროზე პუტინს, მასაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. ამერიკაში დადის, ჰილარის ელაქუცება, ლამაზ და ძლიერ ქალბატონს უწოდებს, მაგრამ პუტინისგან განსხვავებით, ძლიერი ოპონენტი ჰყავს, ულევი ფულითა და მიშასათვის უცნობი პოლიტხერხებით. მიშას, პუტინის მსგავსად, ბრძოლა აღაგზნებს, მის დაუოკებელ ენერგიას ახალი ხიფათი სჭირდება. პუტინი კვლავ ქვეყნის სათავეშია და კიდევ 12 წელი იქნება, მიშა კი... გახდება პრემიერი? იქნება ისევ პირველი? ეს კითხვები ფუთფუთებს დღეს მის გონებაში და ცდილობს, ხალხი შეაგუოს აზრს, რომ კვლავ პირველ კაცად დარჩება - ტელევიზიით გვაჩვენებს სამოთხეს,  რომელიც ესიზმრება. იგი ყოველდღე ცრუობს, ამბობს, რომ ხალხზე ზრუნავს, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - კიდევ დიდხანს, იქნებ მუდმივადაც კი, დარჩეს ხელისუფლებაში, ისევე როგორც მისი უფროსი მეგობარი, დიდი მასწავლებელი და კოლეგა - ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი.