ალბათობის თეორემის თანახმად
ალბათობის თეორემის თანახმად
ჩვენს პრეზიდენტს ბრალად სდებენ, ისეთ დაპირებებს იძლევა, რომელთაც არ ან ვერ ასრულებსო. მინდა ამ პესიმისტ, მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს პრეზიდენტის სიტყვებითვე ვუთხრა: ნურას უკაცრავად!ყველაფერია მოსალოდნელი და ყველაფრის ასრულება შეიძლება, თუმცა ეს მარტო მიშაზე არ არის დამოკიდებული - ბუნებამ,  ხალხმა და სხვა ქვეყნის ლიდერებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი. აი, მაშინ კი ყველა დაპირება ასრულდება. მკითხველს ვთავაზობთ პრეზიდენტის რამდენიმე დაპირებას, რომელთა ასრულება სულ იოლად შეიძლება:

ხომ შეიძლება, ერთ დღეს ბარსელონაში მოხდეს მიწისძვრა, ნიცაში -
ქარბორბალა, მაიამიში ვულკანმა ამოხეთქოს! განა მაშინ არ ასრულდება პრეზიდენტის სიტყვები: ჩვენი ქალაქები ნიცას, ბარსელონასა და მაიამის აჯობებსო? რა თქმა უნდა, ასრულდება!

ხომ შეიძლება, ერთ დღეს ბილ გეიტსს მოუნდეს და ანდერძში ჩაწეროს, მთელ ჩემს ქონებას ლაზიკის აშენების ფონდში ვრიცხავო; მერე მას მიბაძონ სხვა მაგნატებმაც. ჰოდა, პესიმისტებო,
200 მილიარდი რომ შეგროვდეს (აქედან თუნდაც 80 მილიარდი ელიტამ რომ დაიტაცოს, მერე, რა!), განა ქალაქს ვერ ავაშენებთ? - ავაშენებთ!..
პრეზიდენტმა რომ თქვა, ჩემი მმართველობის ვადის გასვლამდე დავიბრუნებ აფხაზეთსა და ოსეთსო, არ გჯერათ, ხომ? არადა, ხომ შეიძლება, პუტინმა კასპში დედამისი ნახოს.  ვერ მცნობ, შვილოო? - ჰკითხოს დედამ; ჯერ გაჯიუტდეს პუტინი, ვითომ დედას ვერ ცნობს, მერე კასპელმა დედამ იავნანა უმღეროს, "დედა!" - იყვიროს პუტინმა, გადაეხვიოს დედას, მივიდეს მიშასთან თვალცრემლიანი და მისი სხეულის გარკვეული ნაწილების მოთხოვნის გარეშე დაგვიბრუნოს  ტერიტორიები? - სრულიად შესაძლებელია, ჰოდა, ნუ წუწუნებთ, შანსი გვაქვს!
გახსოვთ, ალბათ, მიშას დაპირება, 100 დოლარი იქნება პენსიაო. ჰოდა, იქნება! ხომ შეიძლება, ამერიკაში დაიწყოს კრიზისი? მაგათ ადრე ჰქონდათ "შავი ორშაბათი", "შავი ხუთშაბათი" და ასე შემდეგ, ჰოდა, მსგავსი რამ ისევ რომ მოხდეს, დოლარი გაუფასურდება, ჩვენთან, რა თქმა უნდა, ისევ მყარი ეკონომიკა იქნება, ერთი ლარი 20 დოლარი ეღირება და პენსია 100 დოლარიც გახდება და მეტიც! ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ პრეზიდენტზე იტყვით, დაპირებებს არ ასრულებსო!

სასამართლო რეფორმის შემდეგ გახდება თავისუფალიო, ბრძანა ერთხელ. ეს ერთი შეხედვით თითქოს ძნელია, მაგრამ არა უშავს, მაინც შესაძლებელია და აი, როგორ: უნდა ჩამოვიდეს შვარცენეგერი, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა (რა პრობლემაა მოქალაქეობის მიღება) და დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ის, რა თქმა უნდა, მოსამართლეებად დანიშნავს ჩაკ ნორისს, ჯეკი ჩანს, ვან დამის და სხვა კარატისტებს; ამის მერე მივიდეს პროკურორი და შეაშინოს მოსამართლეები თუ ბიჭია! შედეგად მივიღებთ თავისუფალ სასამართლოს!
წყალტუბო გახდება ევროპაში ყველაზე ლამაზი ქალაქიო, გახსოვთ ხომ, რომ გვითხრა? გაგეცინათ, ალბათ, მაგრამ აბა, დაფიქრდით და წარმოიდგინეთ: ერთ მშვენიერ დღეს შეიკრიბება პარიზის საკრებულო და გადაწყვეტს, რომ პარიზი ლამაზი სიტყვა არ არის, ჰოდა დაადგენენ, პარიზს სახელი შეუცვალონ. განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს. ამ დროს  საკრებულოს ერთი წევრი მეორეს უყვება საქართველოში ვიზიტის ამბებს და წაიმღერებს იმ სიმღერას, რომელსაც მთვრალს ამღერებდნენ: "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქაროოოო". ამ სიტყვებს გაიგონებს მერი, მოეწონება სიტყვა "წყალტუბო" (თანაც ფრანგულად კარგად ჟღერს) და გადაწყვეტენ, პარიზს დაარქვან წყალტუბო. ესეც თქვენი ევროპის ყველაზე ლამაზი ქალაქი!

"10 მილიონი ტურისტი და სამუშაო ადგილები!" მართალია, ბევრ უცნაურ შენობას ვაშენებთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გამო არავინ ჩამოვა, ამიტომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს:  ტურისტების მოსაზიდად შეიქმნება სპეციალური სამსახური, სადაც დასაქმდებიან ე.წ. "დამჭყანები". ეს ხალხი დაეჭყანება უცხოელებს, ისინიც შემოვლენ საქართველოში მათ საცემად. ამით ორ კურდღელს დავიჭერთ: ხალხს დავასაქმებთ და ტურისტებსაც მოვიზიდავთ. ესეც შენი 10 მილიონი ტურისტი! და აღარ გავიგონო მეორედ, მატყუარა პრეზიდენტი გვყავსო!
"არჩევნები ჩატარდება სამართლიანად!" - ესეც ისეთი პირობაა, რომლის შესრულება შეიძლება. ხომ შეიძლება, მაგალითად, ყველა ნაციონალს გამოეცხადოს პირადი ანგელოზი და ნამუსზე შეაგდოს, მერე ჩამოვიდეს ხუთი მილიონი დამკვირვებელი (კაცზე თითო), არჩევნების დღეს ზონდერბრიგადების ბიჭებს აუწიოს სიცხემ, მერე... მოკლედ, კიდევ 200-ოდე ვარიანტის განხილვა შეგვიძლია (რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) და თუ ყველაფერი ასე მოხდა, გარწმუნებთ, მიშას დაპირებას, არჩევნებს სამართლიანად ჩავატარებთო, წინ ვერაფერი დაუდგება!
ilona
22 ივნისი 2012 09:51
მაგარია,რას იზავთ ნაცებო, რაც არ გაწყობთ ის ყოველთვის მდარე და უნიჭოა. აი თქვენი ბოსების მიერ გაკეთებული დაპირებები "ნიჭიერების" ამოფრქვევაა. ბაყაყები და ნიანგები დააგემოვნეთ უკვე?
tvalsazrisi
22 ივნისი 2012 02:09
სტატიამ დაგლიჯა :)))))
al kapone
21 ივნისი 2012 14:29
ეს სტატია,ვერც იუმორისტულად გამოდგება და ვერც სერიოზულად.ანუ ამ სტატიის მხატვრული ღირებულება ნულის ტოლია.ძალიან უგემოვნებო,უნიჭო და მდაბიო პიროვნებისგან არის დაწერილი.

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები