გულთბილი წერილი ჯორჯ დაბლიუ ბუშს - კვირის პალიტრა

გულთბილი წერილი ჯორჯ დაბლიუ ბუშს

უცნაური ხალხი ვართ ქართველები!.. ყოველთვის ძველს მივტირით... გამსახურდიამ კომუნისტები გაყარა, - კომუნისტებს ვიხსენებდით, მერე შევარდნაძემ გამსახურდია ჩაანაცვლა, - გამსახურდია გვენატრებოდა, მერე მიშამ შევარდნაძის ადგილი დაიკავა და ახლა შევარდნაძე გვენატრება. ეს თვისება მარტო ჩვენი პრეზიდენტების მონატრებით არ შემოიფარგლება, სხვა ქვეყნების პირველი პირების გახსენებაც ვიცით. შესაბამისად, საქართველოში უკვე ბევრგან გაიგონებთ: "რა კარგი იყო ჯორჯ დაბლიუ ბუში, რა კარგად იცეკვა ჯორჯ დაბლიუ ბუშმა, რა წყალი გამოგვიგზავნა ჯორჯ დაბლიუ ბუშმა, რა კარგი აღშფოთება იცოდა ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და ასე შემდეგ". ჩვენც მოგვერია მონატრება და სიყვარულით, ცრემლითა და მოგონებით დატვირთული გულთბილი წერილი მივწერეთ ჯორჯ დაბლიუს. იმედი გვაქვს, აუცილებლად წაიკითხავს და მადლობას გვეტყვის, რომ ამერიკელებისგან განსხვავებით, ჩვენ გვახსოვს იგი.

ბატონ ჯორჯ დაბლიუ ბუშს

მოკითხვა...

მოგესალმებით ჯორჯ! ჩვენ იმ ქვეყნიდან ვართ, თქვენ რომ დემოკრატიის შუქურა უწოდეთ. შესაბამისად, თქვენ რომ ნათურა დააყენეთ ამ შუქურაზე, ახლაც ანათებს! ისე, როგორ ხართ, ჯორჯ? ჯორჯ ბუში უფროსი როგორაა? ჩვენთან ედუარდ უფროსი მშვენივრად გამოიყურება. როგორ მიეჩვიეთ ცხოვრებას პრეზიდენტის სკამის გარეშე? Aარა მგონია, თქვენთვის ეს რთული გადასატანი ყოფილიყო, რომც იყოს, გაფიცებთ შვილებს, სადმე ინტერვიუში არ წამოგცდეთ, თორემ მერე 2013 წელსაც არ წავა ჩვენი პრეზიდენტი. კონდოლიზა როგორაა, უფრო სწორად, როგორც მოფერებით უწოდებდით, კონდი როგორაა? ისიც თქვენთან ერთად ხომ არ კითხულობს ლექციებს? ერთხელ თქვით, სააკაშვილსაც წავიყვან ჩემს უნივერსიტეტში ლექტორადო. გვინდა გითხრათ, რომ მიშასგან ძლიერი ლექტორი დადგება. ასე რომ, ერთ წუთსაც ნუღარ დაკარგავთ, მალე მიიწვიეთ. ძვირფასო ჯორჯ, თქვენ შეიძლება არ იცით, კიდევ ბევრს აქვს ჩვენთან ლექტორობის ნიჭი, ჯერ ეს წაიყვანეთ და დანარჩენები შემდეგისთვის იყოს. სხვა მხრივ, ჩვენთან ყველაფერი ძველებურადაა, გზებს ვაგებთ და სხვ.

ჩვენთან, საქართველოში...

ძვირფასო ჯორჯ, ის ომი გემახსოვრებათ, ჩვენ რომ მოვიგეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თქვენი მეგობარი რომ იყო პუტინი, საბოლოოდ ჩამოვხსენით ნიღაბი. ნიღაბჩამოხსნილი ისეა შეცვლილი, რომ ნახოთ, შეიძლება ვეღარც იცნოთ. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის. თქვენი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გამოთქმული შეშფოთება რომ არა, ომი შეიძლება წაგვეგო კიდეც. სხვა მხრივ, მშვიდობაა ჩვენთან, ინვესტიციები ინვესტიციებზე შემოდის. მართალია, ავი ენები ამბობენ, რომ ფულის გასათეთრებლად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩვენი ეკონომიკის მამები ამბობენ, ინვესტიციებს სუნი არა აქვს. პოლიტიკაშიც მშვიდობაა, ჯორჯ. პატარა აქციები კი იყო აპრილში, მაგრამ მარტო საზოგადოებრივი არხის დირექტორი შეიცვალა, მეტი არავინ. ის კი არადა, ამ აქციის ბევრი ორგანიზატორი ახლა უკვე ხელისუფლებისკენ გადმოვიდა. ის ბიჭი ხომ გახსოვს, რობერტ დე ნიროს რომ ჰგავს ხალით, აუცილებლად გეყოლებათ მანდ, ნიუ-იორკში ნანახი, ირაკლი ჰქვია. ვეჭვობთ, რომ პრეზიდენტი ის გახდება (ისე, დაიდეთ გულზე ხელი და გვითხარით, თქვენი გამოშვებული ხომ არის?). მაგრამ თუ თქვენ ლექციების წასაკითხად არ წაიყვანთ მიშას, შეიძლება ვერც გახდეს პრეზიდენტი. სხვა მხრივ, ცოტა დაბნეულად ვართ პოლიტიკაში. თქვენ რომ თბილისში იყავით და მიშას გვერდით რომ ქალი იჯდა, ის ახლა რადიკალური ლიდერია; რადიკალური ლიდერი რომ იყო ერთი მთამსვლელი, ის ხელისუფლებაში მოვიდა; ზომიერი ლიდერი, ექიმი და მეწარმე რომ იყო, ის ჯერ გარადიკალდა და ახლა ისევ ზომიერია; დანარჩენი ოპოზიცია ხან ზომიერია, ხან რადიკალური და ხან ხელისუფლებასთან ალიანსში შეიმჩნევა. მოკლედ, ყველაფერი ისე მიდის, როგორც დემოკრატიის შუქურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას ეკადრება. ჰო, მართლა, ჯორჯ, თქვენ რომ მილიარდი დოლარი გამოგვიგზავნეთ, იმ ფულით გზები დავაგეთ და სხვ.

გახსენება...

ძვირფასო ჯორჯ, წერილის ამ ნაწილში  მადლობები მინდა გითხრათ. გახსოვთ, 5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ყველას რომ ეგონა ჩამოვიშალეთ და დავიღუპეთ, თქვენ იყავით პირველი, რომელიც არჩევნებისა და ეგზიტპოლის შედეგებს არ დაელოდეთ და მიშას პრეზიდენტობა მიულოცეთ. სხვა ლიდერებივით კი არ მოქცეულხართ, ყველაფერი რომ გამოქვეყნდა და მერე დაიწყეს მილოცვა. მოკეთის გარდა, ვინ იზამდა ამას? ან კიდევ, აგვისტოს ომის დროს სიტყვა საქმით რომ დააგვირგვინეთ და წყალი გამოგვიგზავნეთ, ამისთვისაც მადლობა, ბატონო ჯორჯ. მართალია, იმ წყლით ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ ჩამოვაგდეთ, მაგრამ საჩუქარზე უარს ხომ არ ვიტყოდით. თქვენ ხომ ის კეთილი გულით გამოაგზავნეთ. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი, თუნდაც ის საოცარი ცეკვა, თქვენ რომ თბილისში შეასრულეთ, მას მერე სუხიშვილებმა ილეთად შეიტანეს ის მოძრაობა. ბატონო ჯორჯ, ობამასაც უთხარით ჩამოვიდეს, იქნებ რცხვენია, თქვენსავით ცეკვა რომ არ იცის, მაგრამ არა უშავს, მივიღებთ მაინც. იმ დახმარებისა და ფულისთვის, თქვენი პრეზიდენტობის დროს რომ გვაწვდიდით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ხომ იმ ფულით უამრავი გზა გავაკეთეთ და სხვ.

მცირე საყვედურიც...

ძვირფასო ჯორჯ, ანგელა მერკელს რომ მასაჟი გაუკეთეთ, არ მოეწონა ეტყობა და ნატოში არ გვიშვებს. ბატონო ჯორჯ, ტალიავინისთვისაც ხომ არ გაგიკეთებიათ მასაჟი? რაღაც ვერ წერს ეს ქალი კარგ დასკვნებს. და კიდევ ერთი მცირე საყვედური, ჯორჯ, გახსოვთ, ბაზები რომ გაიყვანეთ ახალციხიდან და ბათუმიდან? კარგი იქნებოდა, ბოლომდე გედევნებინათ თვალი, იმიტომ, რომ ახლა ისინი თბილისთან დგანან და არსად არ მიდიან. იქნებ ბარაქს უთხრათ, გაიყვანოს და ისიც სთხოვეთ, რომ ფინანსურად დაგვეხმაროს, ჩვენ  ხომ უამრავი გზა უნდა დავაგოთ და სხვ.

p.s. სხვა რა გითხრათ, ბატონო ჯორჯ, გეცოდინებათ ალბათ, თქვენი სახელობის ქუჩა რომ გვაქვს. მართალია, თქვენი რუსი კოლეგა ამაზე ძალიან გაბრაზდა და ტანკებით წამოვიდა ჩვენთან თავისი ქუჩის გასახსნელად, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ისე ბარაქს უთხარით, რომ თუ ჩამოვა, ბევრი ქუჩა გვაქვს და მისი სახელობის ქუჩასაც გავხსნით. აბა, კარგად იყავით, ჯორჯ, და მიშაზე რომ გითხარით წერილის თავში, კარგი ლექტორია-მეთქი, იფიქრეთ ამაზე, ოღონდ ძალიან სწრაფად. მანამდე კი თქვენი გამოგზავნილი ფულით ბევრ გზას დავაგებთ და სხვ.