ხალხი იცინის, მეფეო!.. - კვირის პალიტრა

ხალხი იცინის, მეფეო!..

წყევლა გურულად

ეს ამბავი გურიის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, სადაც ერთი პატიოსანი, მშრომელი გურული კაცი, ბატონი ბეჟანი ცხოვრობდა. იგი თავისი შრომით ცოლ-შვილს არაფერს აკლებდა, მაგრამ სმა უყვარდა და სამუშაოს მერე გადაკრავდა ხოლმე არაყს ან ღვინოს. მისი ცოლი ანეტაც მშრომელი ქალი იყო, თუმცა როგორც ყველა გურულმა ქალმა, კაი გემრიელი წყევლა იცოდა. მთვრალი ბეჟანი ხშირად გამხდარა მისი წყევლის ადრესატი, თუმცა შეჩვეული იყო და აღარაფრად აგდებდა. ერთხელ ბეჟანი, ჩვეულებისამებრ, სახლში დაბრუნდა. ანეტამ დიდხანს წყევლა გალეშილი მეუღლე, თუმცა ბევრი ვერაფერი შეასმინა. ბოლოს ძალიან გამწარდა და ჯერ რომ არც ერთ გურულ ქალს არავინ დაუწყევლია, ისე დაწყევლა:

- შენ დაგიდგი კუბო და გლობალ TV-ის ანტენა მე!

არ ვიცი, წყევლამ გაჭრა თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ მას მერე შეშინებულ ბეჟანს კარგა ხანს არ დაულევია.

ოთხკუთხედი სახლი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ოხუნჯობით ცნობილმა გლეხმა, ბატონმა დავითმა, გლობალ TV-ის ანტენა დააყენა. ოჯახში ყველა კმაყოფილი  იყო. ის კი არა, მეზობლად მცხოვრები მასწავლებელი, რომელიც გამგებლის შიშით თვითონ ვერ დგამდა ანტენას, ხშირად გადმოდიოდა მასთან და "მე-9 არხს" უყურებდა. ეს ამბავი გამგებლის ყურამდე მივიდა და ისიც ერთ დღეს თავისი ჯიპითა და სათვალიანი, ჯანიანი მოადგილით დავითს სახლში მიადგა

- მობრძანდით, ბატონო, - შეიპატიჟა სტუმრები სახლში მასპინძელმა.

- საქმეზე ვართ მოსული, - მკაცრად დაიწყო გამგებელმა, - რატომ გიდგას გლობალ TV-ის ანტენა სახლში? ჩვენ ხომ ყველანაირად გიწყობთ ხელს, ეს რატომ ქენი?!

დავითს ჩაეცინა,  თავის სახლს გახედა და გამგებელს უთხრა:

- ჩემი სახლის სახურავს კიდევ სამი კუთხე აქვს ცარიელი, ვინ დაგიშალათ? მოიტანეთ თქვენი ანტენა და ისიც დავდგათ.

მოხერხებული გამგებელი

გურიაში აქცია რომ ჩატარდა, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირმა დაიბარა  სოფლის გამგებელი და გაბრაზებულმა უთხრა:

- ახლავე ჩამომიწერე, ვინ იყო ივანიშვილის აქციაზე, მერე მე ვიცი!

გამგებელმა ერთი პირობა ჩამოწერა გადაწყვიტა, თუმცა უცებ რაღაც გაახსენდა და თქვა:

- ბატონო უფროსო, ვინც არ იყო, იმას ჩამოვწერ და უფრო მალე მოვრჩები.

ალბათ, ხვდებით, რომ დღეს აღარც ეს კაცია გამგებელი და აღარც ის მეორე - თანამდებობის პირი.

ძალიან მოიტყუა

ერთმა გამგებელმა ასე მიმართა სოფელში შეკრებილ მოსახლეობას:

- არ დაუჯეროთ ივანიშვილს, ხალხო, ფულიზა უნდა მაგ კაცს მთავრობაში მოსვლა, ერთ 10 მილიონს იშოვის და წავა მერე, დამიჯერეთ.

ერთმა გლეხმა უპასუხა:

- მართალია ეს კაცი, იშოვის 10 მილიონს და ექვსი მილიარდ ათი მილიონი ექნება, ცუდია მერე?