როგორ გავთავისუფლდი პუტინის მონობისგან - კვირის პალიტრა

როგორ გავთავისუფლდი პუტინის მონობისგან

ჩემი უბედურება იმ დღეს დაიწყო, როცა მაღაზიაში კედები ვიყიდე. გაგიკვირდათ, ალბათ, კედების ყიდვასთან უბედურება რა შუაშიაო, მაგრამ სწორედ ამ უბრალო, 12-ლარიანმა ჩინურმა კედებმა დაუდო სათავე ჩემს უბედურებას, რადგან სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ნაყიდი ფეხსაცმელი არ მერგებოდა და ახალ გაცნობილ მეზობელს წავუღე:

- მადლობა, - მითხრა მეზობელმა, - გადამეხადოს.

ბოლო სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ოთახში უცხო კაცი შემოვიდა. "აა, შე რუსეთის აგენტო, მოისყიდო გინდა მეზობელიო", - მითხრა, მერე მკლავში ხელი მომკიდა და დაპატიმრებული ხარო, დაამატა:

- რას მერჩით, ბატონო? - ავკვნესდი მე.

- მოსყიდვაში გედებათ ბრალი, პუტინის ხელქვეითო! - მითხრა შემოსულთაგან ერთ-ერთმა.

- არა, რას ამბობ, მეზობელია ჩემი და ისე მაჩუქა, "პროსტო", - ახსნა ვითარება ჩემმა მეზობელმა.

- ხედავ, მოუსყიდია უკვე! -  დაასკვნა შემოსულთაგან მეორემ, - რუსული სიტყვებიც უსწავლებია. უხ, შე პუტინის მონავ! - დაიძახა მერე ხმამაღლა, მე და ჩემს მეზობელს ხელი მოგვკიდა და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანა.

შენობასთან, სადაც ჩვენ მიგვიყვანეს, ხალხი ირეოდა, თითქმის ყველანი, ჩემი და ჩემი მეზობლის არ იყოს, "პუტინის მონები" იყვნენ, ჩემ წინ ვიღაც ქალი ლობიოს ამოსალესი ჯოხით იდგა და ამტკიცებდა, მეზობელმა კი არ მომისყიდა, უბრალოდ, ორი თავი ხახვი მასესხა, ლობიოზე მაკლდებოდაო; იქვე შუახნის თვალცრემლიანი კაცი გაიძახოდა: "მარშრუტკაში" ფული გადავუხადე ნაცნობს, მოსყიდვა გულშიც არ გამივლიაო, ერთი სტუდენტი ბიჭი გაოცებული იყო: რაებს მაბრალებთ, ხალხო, ჯოკერში წავაგე ლუდი და ბიჭებს იმიტომ დავურიგეო... თუმცა ამ ხალხის არავის სჯეროდა, მეტიც, ის ორი გაურკვეველი ხელობის ჩონოვნიკი ადამიანებს ფაუსტური სიბრძნით მისჩერებოდა და თავის ქნევით ამბობდა:

- ხედავ, რამდენი მონა ჰყოლია პუტინს?!

როგორც იქნა, ჩემი დაკითხვის დრო მოვიდა. ოთახში ქალი დამხვდა.

- გაიხადე ტანსაცმელი! - მითხრა მან.

არც ისეთი ლამაზი სხეული მაქვს, უცებ ვინმეს რომ მოვწონებოდი, თანაც ცოლიანი ვარ, ამიტომ ამ შემოთავაზებაზე ოდნავ წამოვწითლდი და ვთქვი:

- უხერხულია, ქალბატონო...

სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ქალბატონმა იქვე მჯდომ ხელქვეით მამაკაცს რაღაც ანიშნა; იმანაც არ დაყოვნა, კარგა გემრიელი სილა მითავაზა და შარვალი თვალის დახამხამებაში გამაძრო. ასევე სტრიპტიზიორული პროფესიონალიზმით გამხადა ხალათი და საცვლის ამარა კინოფილმ "ძირითად ინსტინქტში" მოთამაშე შერონ სტოუნივით სკამზე დამსვა.

- სად გაქვს კედების საწყობი? - დაიწყო დაკითხვა ქალბატონმა.

- რა საწყობი, ბატონო! - გამიკვირდა მე.

- კედების საწყობი, ამომრჩევლის მოსასყიდად რომ გაქვს, პუტინის მონავ! - განმიმარტა მან.

- არა, ქალბატონო, მაღაზიაში ვიყიდე, - ლამის ავტირდი მე.

- ეგ ზღაპრები პუტინს მოუყევი, - გაიცინა ქალბატონმა, მერე ხელქვეითს ისევ რაღაც ანიშნა, იმანაც - რაზეა ბაზარი, აბა, მე რას ვაკეთებ აქო, თქვა, სადღაც ოთახში გამიყვანა და ისეთი ცემა დამიწყო, რომ ზუსტად ერთ წუთში ფურცელი და კალამი მოვითხოვე და შემდეგი შინაარსის ჩვენება დავწერე:

"მე, პუტინის მონა, დავიბადე 1970 წელს,  ვიზრდებოდი პუტინისეულად; სკოლა დავამთავრე  ისე რა ატესტატით (როგორც პუტინმა); მერე ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე, რათა კარგად მეანგარიშა პუტინის მიღწევები, სწორედ ამ დროს ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოვიდა, რომ მე და პუტინს გეგმებს გვიშლიდა, ამიტომ ვიყიდე კედები და პუტინის მხარეზე გადავიყვანე ჩემი მეზობელი, თუმცა ანტიპუტინისტურად განწყობილმა ქალბატონმა, რომელიც პატრიოტია, გამოააშკარავა ჩემი და პუტინის გეგმები და გაიმარჯვა. ახლა უკვე ვხვდები, რომ პუტინმა შემაცდინა, პირობას ვდებ, რომ აწი პუტინურს არაფერს ჩავიდენ.

მე"

მერე ეს სიტყვები ვთქვი კამერების წინ, რის შემდეგაც სახლში გამომიშვეს. მეორე დღეს ჩემი შვილის დაბადების დღე იყო, ველოსიპედს ვიყავი შეპირებული, თუმცა თვალცრემლიან შვილთან ერთად ისე ჩამოვუარე მაღაზიის ვიტრინებს, შიგნით არც შემიხედავს.

- მიყიდე რა, ველოსიპედი, მამა, - მეხვეწებოდა მკლავზე ჩამოკიდებული შვილი.

- რას ამბობ, შვილო, ხომ არ მოგისყიდი? პუტინის მონა კი არა ვარ! - პატრიოტული ენერგიით აღსავსე ვიძახდი მე და ქუჩას ამაყად, არაპუტინისეულად მივუყვებოდი.