რკინის ლოგიკა - კვირის პალიტრა

რკინის ლოგიკა

ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს საზოგადოება, რომელსაც მმართველ ელიტასთან პრეტენზია არ ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ჩვენ ხალხსაც აქვს თავისი წილი პრეტენზიები ქვეყნის მმართველებთან, მაგრამ ისე მიდის საქმე, არ უნდა გქონდეთ, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია რუსეთის აგენტობასთან. ფორმულა მარტივია - პრეტენზია გაქვს, რუსეთის აგენტი ხარ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ არ შეიძლება გქონდეთ პრეტენზიები მთავრობასთან და, რა თქმა უნდა, პასუხიც მივიღეთ მთავრობისგან. პასუხები ძალზე საინტერესოა და რკინის ლოგიკითაც გამოირჩევა. გთავაზობთ პასუხებს, რომლებიც მთავრობის წევრებმა გასცეს მოქალაქეთა დასმულ კითხვებზე:

კითხვა: ოჯახს ვერ ვარჩენ, არა მაქვს სამუშაო, ძალიან მიჭირს, რა ვქნა?

პასუხი: გენაცვალე, ქვეყანა 1, 2, 5 ან თუნდაც 20 წელიწადში არ აშენებულა, მოითმინეთ ცოტა და იქნება ყველაფერი. სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: ბენზინი ყოველდღე ძალიან ძვირდება. რასთან არის ეს დაკავშირებული?

პასუხი: ეს დაკავშირებულია მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებასთან, სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კონტრკითხვა: კი მაგრამ, როცა ბენზინის ფასი მსოფლიო ბაზარზე იკლებს, ჩვენთან რატომ არ იაფდება?

პასუხი: იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის კორუფცია, სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: რატომ ჰყავთ დიდჩინოსნებს ძვირად ღირებული ჯიპები, როცა ხალხს ძალიან უჭირს?

პასუხი: იმიტომ, რომ ჩვენი დიდჩინოსნები გემოვნებიანი ადამიანები არიან. აბა, წარმოიდგინეთ, რუსული წარმოების "06" ტიპის მანქანები რომ ჰყავდეთ, მაშინ იქნებოდნენ უგემოვნოები, გინდათ გყავდეთ უგემოვნო დიდჩინოსნები? სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: ამას წინათ შევესწარი, ზონდერები ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სცემდნენ, რატომ?

პასუხი: ჯერ ერთი, ზონდერები კი არა, პატრიოტები და მეორე - ცემა კარგი არ არის, თუმცა, დაველოდოთ გამოძიებას, სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: რატომ არ უნდა დავიდგა შინ სატელიტური ანტენა?

პასუხი: რაში გჭირდებათ? "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს ჩვეულებრივი ანტენაც იჭერს, სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: რატომ მიაბით დენზე ნაგავი?

პასუხი: აბა, გრეჩიხა ჯობდა? სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: რატომ არის სასამართლო მიკერძოებული?

პასუხი: ქურდების დაბრუნება გინდათ, ხომ? სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: რატომ არის ივანიშვილი რუსეთის კაცი?

პასუხი: აბა, ვისი კაცია, კაი რა, ამას კითხვა რად უნდა? სამაგიეროდ, არის შუქი და გზები.

კითხვა: მიშა უნდა იყოს თუ არა მესამე ვადით პირველი პირი?

პასუხი: ეგ არ არის მთავარი, მთავარია, არის შუქი და გზები.