ხელშეკრულება - კვირის პალიტრა

ხელშეკრულება

თანდათან ხურდება საარჩევნო კამპანია. ბოლო დღეებში იმდენი დაპირება დახვავდა (ხელისუფლებისგანაც და ოპოზიციისგანაც), ყველა რომ შესრულდეს, შეიძლება სიხარულისგან მთელ ერს გული გაუსკდეს, ამიტომ ნახევრის ნახევარიც საკმარისია. თუმცა წარსულშიც ბევრი იყო ასეთი დაპირება, მაგრამ... ჰო, ხალხს ყველაფერი ახსოვს, ახსოვს ხელისუფლებასაც. ამიტომ ცარიელ სიტყვებს რომ არავინ დაიჯერებს, ყველამ კარგად იცის. ჰოდა, მოიფიქრა ჩვენმა "ბრძენმა" მთავრობამ და ეს დაპირება ხელშეკრულებად აქცია, ანუ მთავრობა ქართველ ხალხთან დებს ხელშეკრულებას, რომ დაასაქმებს უმუშევრებს, დააზღვევს ყველას და ააღორძინებს სოფლის მეურნეობას. ძალიან კარგი იდეაა, მივესალმებით და გვინდა, რამდენიმე მუხლი ჩაემატოს ხელშეკრულებას. ასევე გვინდა, მსგავსი ხელშეკრულება დაიდოს "ქართულ ოცნებასთანაც". ჩვენ გაგიმხელთ, კიდევ რა გვაწუხებს და ხელშეკრულებაში თქვენ ჩაამატეთ! მაშ, ასე:

ხელისუფალნო, დაგვპირდით:

რომ ჩვენთან შეხვედრაზე ჯიპებით არ მოხვალთ! სხვაგან იარეთ, ბატონო - ქალებში, რესტორნებში, ჩვენ კი ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა და დაგვინდეთ.

არ ისარგებლებთ იმით, რომ ბარსელონასა და ნიცაში არ ვართ ნამყოფი და როცა ჩვენი აღმშენებლობის რომელიმე ქალაქთან შედარება მოგინდებათ, შეადარეთ ერევანს, ლვოვს, ნიჟნი ნოვგოროდს და ა.შ.

დაგვპირდით, რომ დენზე ნაგვის გადასახადის მიბმა ვინც მოიფიქრა, იმ კაცს რომელიმე ქვეყანაში გაუშვებთ ელჩად.

მიშა თავხელიძეს კი დანიშნავთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. გვჯერა, თავხელიძე ისე "გააპრავებს" წაგებას, სიხარულის ცრემლს გვაფრქვევინებს.

დაგვპირდით, რომ არ გვცემთ (ამის გროტესკი ვერ მოვიფიქრეთ)!

რომ საბოლოოდ მივაღწევთ კონსენსუსს, არც თქვენი, არც ჩვენი. ერთ ახალაიას მაინც გაუშვებთ თანამდებობიდან.

რომ ჩვენი ბენზინის ფასები დაემთხვევა მსოფლიოში ნავთობის ფასს.

რომ თუ უმუშევრობასთან ბრძოლაა, ბრძოლა იყოს და რაიონების გამგებლები და მოადგილეები ნუღარ იქნებიან ზონდერები. სხვები იყვნენ - ათასი უმუშევარია.

რომ ან გააუქმებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, ან კაცებიც შეურიეთ უფროსებად - თავისუფალი ლამაზი ქალი აღარ დარჩა ქალაქში.

რომ უმოკლეს დროში დამთავრდება პროექტი "ნაციონალური მოძრაობა სიღარიბის გარეშე!" და დაიწყებთ დაპირებულ პროექტს - "საქართველო სიღარიბის გარეშე!"

ბატონო ბიძინა, დაგვპირდით:

რომ თქვენი მოსვლის შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება და გადააჭარბებს თქვენს ქონებას.

დარწმუნებული იყავით, თქვენ გარდა არც ერთ უცხოელს არასოდეს მოუნდება ჩვენს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამიტომ ჯანდაბას, იყოს როგორცაა და დაგვპირდით, რომ არ შეცვლით კონსტიტუციას.

რომ გაითვალისწინებთ თბილისელების სურვილს და პარლამენტს, თავის ლეიბორისტების აქციებიანად, დატოვებთ ქუთაისში.

თქვენ თქვით, სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდს ჩავდებო, ვანომ - 4 მილიარდსო, ამიტომ შეთანხმდით: არც - თქვენი, არც - ვანოსი და 2,5-2,5 მილიარდი ჩადეთ ორივემ.

ჯერ არ ხართ ხელისუფლებაში და ეს საკმარისია.