გურიაში სტუმრობაო - კვირის პალიტრა

გურიაში სტუმრობაო

ზაფხულის დადგომა ძალიან მიხარია, მხოლოდ იმიტომ, რომ სოფელში წავალ, ჩემს საყვარელ გურიაში. გურულების პოლიტიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ამბავი გაგონილი გექნებათ, სწორედ ამიტომაც მიყვარს იქ ჩასვლა. ახლაც შვებულებამ მომიწია, თანაც გახურებული წინასაარჩევნო პერიოდია და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი.

ჩავედი თუ არა, დიდი მუხის ქვეშ შეკრებილ პოლიტიკურ საზოგადოებას მივაშურე. კრებას ესწრებოდნენ: ბაბუაჩემი მამია, მეზობლები: ნიკო, ნოდარა, ზაური და სოფლის გამგებელი ავთო. თემა მეტად სერიოზული იყო:

- ჰოდა, მომისმინეთ ახლა, - ლაპარაკობდა სოფლის გამგებელი, - მე მეცით პატივი, ხვალ 12 საათზე მოვა ის პატიოსანი კაცი...

- რომელი პატიოსანი კაცი? - ვიკითხე მე.

- რას ვერ ხვდები, აბდალა, მთავრობის კაცზე ამბობს, - დამცინა ნიკომ.

- ა, კიდო, მე რას ვჩივი და აგი თავისას უბერავს! - გაცხარდა გამგებელი. - ეს კაცი არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, არ აქ დიდი თანამდებობა და ნუ დოუწყებთ საყვედურებს, მოუსმინეთ და ისე დასვით კითხვები.

- კი, ავთოია, მაგაზე რავა გაწყენინებთ, - დაუტკბა ბაბუა, - ვკითხავთ, ტრაქტორი რომ არ გვყავს სოფელში, რაფრა მოვიქცეთ-თქო.

- მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ მამია, ჩვენი დეპუტატი ხომ დაგვპირდა, მომავალ წელს უეჭველად გეყოლებათო... - შეიჭმუხნა ავთო.

- ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ბიძიკო, - ეს უკვე ზაური იყო, - ყოველ წელს რო მოდის ის ჩვენი დეპუტატი და ერთსა და იმავეს გვპირდება, არ გეცოდებათ? ჩაწერეთ მაგნიტოფონზე და მოგვასმენინეთ, რას ამოგყავთ ამხელა გზაზე?

ყველას გაეცინა.

- კარგი, მაშინ, რახან ტრაქტორზე არ გინდა ვკითხოთ, საწვავზე ვკითხავთ. ხომ არ იგეგმება მოსავლის აღების დროს სალიარკის გაიაფება? - იდეა მოგვაწოდა ნოდარამ.

- აპ, მაგი არ კითხო, დაგვაქციო გინდა? - ავიშვიშდა ბაბუაჩემი. - არ გახსოვს, შარშან რო იყო ვინცხა ჟურნალისტი მოსული და რო წააგდე ენა, სალიარკას ვერ ვყიდულობთო, გამოჩნდი "მაესტროზე" და მეორე დღეს 10 თეთრი მოუმატა ბახვაია მებენზინემ დიზელს... - გადააბრალა შავი ოქროს ფასის მატება ნოდარას.

- ხალხო, რით ვერ შევიდა თქვენს გამოტვინებულ თავებში, რომ საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ნავთობის ფასებს გვიწესებს მსოფლიო!.. - შეეცადა მთელი თავისი ეკონომიკური ცოდნის გამომჟღავნებას გამგებელი.

- ხედავ, ნიკოია? შენ კიდო ბახვაიაზე იძახი, აბდალიაო და კაცი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას ემორჩილება თურმე, - ჩაიცინა ზაურმა და განაგრძო: - გამოდის, არც საწვავზე უნდა ვკითხოთ... მაშინ სასუქის ამბავი გავარკვიოთ იმ პატიოსან კაცთან, - ბოლო სიტყვები აშკარად ბრჭყალებში იგულისხმებოდა.

- ბოლო თათბირზე ვიკითხე ეგ რაიონის გამგებელთან და მუშაობს მთავრობა, სასუქის ფასი დიდად რომ არ გაიზარდოსო, - სიამაყით გამოაცხადა ავთომ.

- ჰოდა, ახლა მეორე თათბირზე რო წახვალ, ჩვენგან გადაეცი: დიდი მადლობა, რომ ზრუნავ ჩვენზე, მარა ნამეტანი ნუ მეიკლავთ თავს, ახლა რა ფასიც აქ, იმ ფასადაც ვერ ვყიდულობთ-თქო... - დაარიგა ნიკომ.

- ესე იგი, არც სასუქზე უნდა ვკითხოთ... - დანაღვლიანდა ბაბუა.

- დამიჯერეთ, რასაც მე გეუბნებით, ისიც იმავეს გეტყვით... - დამაჯერებელი ტონი გამოურია გამგებელმა.

- კარგით რა, ხალხო, - დაიწყო ნიკომ, - მართლა ხო არ მოვახსნევინებთ ავთოიას მაგ დამპლებს რაცხა სამი შეკითხვის გულობიზა? დავანებოთ თავი ამ ტრაქტორს, საწვავს და სასუქს, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს... - ავთო წელში გასწორდა და იმედის თვლით შეხედა მოსაუბრეს, - ჰოდა, დავანებოთ მაგათ თავი და ვკითხოთ, მაგალითად, გარემონტებულ საავადმყოფოზე.

- რა უნდა კითხო მაგაზე? რა, ცუდია? - დაიბნა გამგებელი.

- რა უნდა ვკითხოთ და არ შეიძლება, იმ საავადმყოფოს შიგნიდან სურათები გადაუღონ, გადაამრავლონ და პენსიასთან ერთად დაგვირიგონ სახლებში? - უცნაური მოთხოვნა წამოაყენა ნიკომ. ყველა მიუხვდა სათქმელს, მაგრამ ბაბუაჩემმა მაინც ჰკითხა:

- რად გინდა საავადმყოფოს სურათი, ნიკოია?

- დავხედავ ხანდახან, აბა, მე შიგ ვერასდროს შევალ, იმხელა ფასები აქ... - თქვა ნიკომ.

- არაფერი არ გამოვა თქვენგან, - ხელი ჩაიქნია გამგებელმა და წასასვლელად მოემზადა. მისმა უკან დახევამ კიდევ უფრო გაათამამა გურულები და დააყარეს კითხვები:

- იმას ვკითხავთ, თუ გინდა, სირიაში რატომ ვერ დალაგდა დღემდე სიტუაცია...

- ანდა მთლად საშენოს: ხელფასს რატო არ გიმატებენ სოფელზე გადამკვდარ კაცს...

- უი, მართლა, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან თუა, კი უნდა იცოდეს, დედამიწის ღერძის გადახრა რამ გამოიწვია და მზის სისტემაში ახალი პლანეტა ხო არ აღმოჩენილა?

ყველა ახარხარდა. გაბრაზებულმა გამგებელმა უსიტყვოდ დატოვა იქაურობა.

არც მეორე დღეს და არც მერე სოფელში ის სტუმარი არ მოსულა...

დათო კაცაძე