ოჯახი და პოლიტიკა - კვირის პალიტრა

ოჯახი და პოლიტიკა

თითოეული ჩვენგანი პოლიტიკოსებს მხოლოდ როგორც პოლიტიკოსებს, ისე უყურებს, არადა, ამ ტკბილ და მურაბა ხალხს აქვთ ფიქრები, ოცნებები, ჰობი, ჰყავთ ცოლები, ჭამენ, სვამენ, ჩხუბობენ...ახლა ჩვენ გვინდა, ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ, როგორ ხვდებიან ცოლები პოლიტიკოსებს, როცა ისინი შინ ქეიფის ან სხვა მიზეზის გამო გვიან ღამით ბრუნდებიან. მაშ ასე, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსებს მეუღლეები:

მიხეილ სააკაშვილს - "ისე დადიხარ აღმა-დაღმა, ვერც 2013 წლის მერე მოიცლი ოჯახისთვის."

ნუგზარ წიკლაურს - "კიდევ რუსეთის აგენტი გამოავლინე, ხომ? ხომ აგიკრძალა ექიმმა, არ ეშვები მაინც!.."

გიგი უგულავას - "კაცო, სანამ უნდა გადაყვე ამ ძმაკაცებს და ტენდერებს?!"

ვანო მერაბიშვილს - "ადრე მე ვეუბნებოდი ყველა დაქალს, მათი ქმრები სად დადიოდნენ, ახლა ახალაიას ცოლმა უნდა მითხრას, სად დადიხარ? ესაა საქმე?"

შოთა მალაშხიას - "არ შეაკეთო, უცადე მაგ რუსეთის დაშლას და ამასობაში ის კარადა დაიშალა."

დავით ბაქრაძეს - "არაფერს არ გეუბნები. არც გეჩხუბები. ამდენი წელია, ვერ გავიგე, როდის ხარ მთვრალი და როდის - ფხიზელი, სულ ერთნაირად ლაპარაკობ."

გიორგი ჭანტურიას - "რატომ მატყუებ? მუშაობდი არა ის... ვუყურებ მთელი დღეა, "1-ელ არხს."

შალვა ნათელაშვილს - "წუხელ სიზმარი ნახე? გამოდის, დღესაც ვერ დარჩები სახლში, ბრიფინგს ჩაატარებ..."

ბიძინა ივანიშვილს - "მიყიდე, რა, ის კაბა, რა ასეთი ძვირია, 50 ათასი კაბა პლუს ორი მილიონი ჯარიმა რა ფულია?!"

გურამ ჩახვაძეს - "რომ დალევ და სახლში ყვირი, ხარ იმ პარლამენტში და იყვირე იქ, თუ ვაჟკაცი ხარ."

გიორგი თარგამაძეს - "ან შემოდი, ან გადი, რაა, ამ შუა კარში რომ დგახარ."