რა კარგია არჩევნები - კვირის პალიტრა

რა კარგია არჩევნები

გლეხიკაცის პატრონი არავინააო, რომ იძახიან, არაა მართალი. რატომო, შემეკითხებით, ალბათ. ახლავე მოგახსენებთ. კარგა ხანია, სოფელში ვარ, მიწაზე ვმუშაობ და ამით ვარჩენ ცოლ-შვილს. ეს არჩევნები ვინც მოიგონა, ღმერთმა გაახაროს. წელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ისე გამიადვილდა, ნუ იტყვით...

ერთ დღეს, ჩვეულებრივ, დიდი თოხი მეკავა ხელში და თაკარა მზეში ყანას ვთოხნიდი, როცა შორიდან ვიღაც "გალსტუკიანი" კაცი დავინახე. ქრისტიან-დემოკრატები ვართო, მითხრეს. გამარჯობა არ ჰქონდათ ნათქვამი, მეცა მათი ლიდერი, გამომგლიჯა თოხი ხელიდან და თოხნა დაიწყო. არც მეგობრები ჩამორჩნენ და სხვა თოხი არ გაქვსო? - მკითხეს.

შენ მთოხნელი თქვი, თორემ თოხს ასს ვიშოვი-მეთქი, ვუთხარი, გავვარდი მეზობლებში და იმდენი თოხი ვიშოვე, ქალ ქრისტიან-დემოკრატებსაც შეხვდათ და ისინიც ენერგიულად შეუდგნენ მუშაობას, თუმცა აქ მოხდა გაუთვალისწინებელი  - მოულოდნელად ვიღაც ბიჭმა, რომელსაც ვიდეოკამერა ჰქონდა ზურგზე გადებული და ამ ყველაფერს იღებდა, დაიძახა:

- კარგი, გეყოფათ, ყველაფერი გადავიღე!

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მოსულებმა თოხები გადაყარეს და გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. სწორედ ამ ფაქტის გამოისობით გამიჩნდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი იდეა. საღამოს მეზობლები შევკრიბე, მათ წინ რუბიკონზე გადასული კეისარივით გავიჯგიმე და დავიწყე:

- ძვირფასო მეზობლებო, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად გვეძლევა შანსი, არჩევნების წყალობით, წლევანდელი მოსავალი ადვილად მოვიწიოთ, მხოლოდ კამერა და ოპერატორობის ოდნავ მაინც მცოდნე კაცი გვჭირდება! - მეზობლები ერთხანს გაკვირვებით მიყურებდნენ, ერთმა ისიც კი თქვა, რამდენჯერ ვუთხარი ამ კაცს, მზეში თოხნა არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერაო. თუმცა როცა ჩემი გეგმა გავაცანი, ყველანი აღფრთოვანდნენ და ისიც კი მითხრეს, მოდი, ოფისი გავხსნათო. ოფისის იდეა მეც მომეწონა და მეორე დღესვე სოფლის ცენტრში გავხსენით ოფისი სახელწოდებით "გლეხები და პოლიტიკოსები". პირველმა კლიენტმაც არ დააყოვნა. საღამო ხანი იქნებოდა, რომ ოფისში ზარი გაისმა. "ქართული ოცნებიდან" ვართო, მითხრეს:

- რა გნებავთ? - ძალზე სერიოზული ხმით ვკითხე.

- გლეხებს გვინდა დავეხმაროთ, - მიპასუხეს.

- ახლა ჩვენთან როგორაა საქმე... - ძალიან მენეჯერული ხმით დავიწყე ახსნა, - ხუთი გლეხის ოჯახის დახმარებაზე ნაკლები პაკეტი არ გვაქვს; თუ ათს დაეხმარებით, ფასდაკლებაა - სასუქს ჩვენ დაგახვედრებთ, თუ ათზე ნაკლებს - თქვენი სასუქით მოხვალთ.

- რა გვჭირს ჩვენ, "ოცნებელებს" სავაჭრო?! - გაისმა გულმოსული ხმა ყურმილიდან, ოცი გლეხის ყანას დავუყრით სასუქს ჩვენი ხარჯებითო, - დაამატეს მაშინვე.

მოკლედ, შევთანხმდით და იმ დღეს ჩემი მეზობლების სიის პირველმა ოცეულმა სასუქის დაყრის პრობლემა ადვილად მოაგვარა. მეორე დღეს ლეიბორისტებმა დარეკეს. მართალია, თვითონ არც სასუქი მოუტანიათ და საჭმელიც ჩვენ ვაჭამეთ, მაგრამ სამაგიეროდ, იმნაირი ბუღასავით ბიჭები მოვიდნენ, სამ დღეში ოცდაათი მეზობლის ყანა გათოხნეს. თუმცა პატარა ინციდენტიც მოხდა: ერთმა პოლიტიკოსმა, შუა თოხნაში თავზე წაკრული ცხვირსახოცი მოიხსნა, ძირს დაახეთქა, ასეთი არც დეპუტატობა მინდა და არც არაფერიო, თქვა და ისე მოკურცხლა, ოლიმპიადის გამარჯვებულ უსაინ ბოლტს შეშურდებოდა. შემდეგ იყო და მემარჯვენეებთან მოგვივიდა  იაღლიში - გინდა თუ არა, შეშას დავჩეხავთო, არადა, შეშის დაჩეხა უკვე განაწილებული გვქონდა ეროვნულ-დემოკრატებზე. მაშინ ბალახს მოვთიბავთო. სამწუხაროდ, ეგეც დაკავებულია-მეთქი. ძალიან გაბრაზდნენ და ის იყო, წასვლას აპირებდნენ, რომ ერთმა მეზობელმა, რომელიც ბლოკნოტს ჩაჰკირკიტებდა, არისო, დაიძახა არქიმედეს აღფრთოვანებით და გაბრაზებულ მემარჯვენეებს ამაყად განუცხადა:

- ზეგ, დილის 7 საათზე, საქონლის საძოვარზე გადენაში დაგვეხმარებით!

მემარჯვენეები კმაყოფილები დარჩნენ.

ასე მოვაგვარეთ საქმეები, მაგრამ ვენახი გვქონდა ყველას შესაწამლი, ეს ყველაზე ძვირი ჯდებოდა და სამწუხაროდ, არც ერთმა პარტიამ არ მოინდომა ამ საქმის თავის თავზე აღEება. ის იყო, საკუთარი ძალებით უნდა შეგვეწამლა, რომ სწორედ ამ დროს ნაციონალების ზარი გაისმა, მთელ სოფელს ჩვენ შევუწამლავთ ვენახსო. მეორე დილას მოგვადგნენ 5-ნომრიან მაისურებში გამოწყობილები, რა თქმა უნდა, "იმედის", "რუსთავი 2"-ის და "პირველი არხის" ჟურნალისტებით გარშემორტყმულნი. ერთ-ერთი მეზობლის ვენახში შევიყვანე და აქედან დაიწყეთ-მეთქი, ვუთხარი. მათაც, სანამ კამერები ჩართული იყო, მშვენივრად შეწამლეს ვაზი, თუმცა, როგორც კი კამერები გამოირთო, აბა, წავედითო, თქვეს და წასავლელად მოემზადნენ.

- კი მაგრამ, მთელი სოფლის ვენახები არ უნდა შეგეწამლათ? - აღვშფოთდი მე.

- ხომ შევწამლეთ, რაღა გინდათ? - ურცხვად მითხრა ერთმა ნაციონალმა.

- რა შეწამლე, მხოლოდ ერთი ვენახი? - გადავირიე მე.

- უყურე ამაღამ "რუსთავი 2" -ს და ნახავ, თუ ერთი შევწამლეთ! - დამტუქსა ნაციონალმა და ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ ჩემს ნიშანზე ბუჩქებიდან ჩვენი სოფლის ყოფილი ფიზიკის მასწავლებელი ამოძვრა თავისი კამერით და დაიძახა: ყველაფერს ვიღებ და იცოდეთ, ოპოზიციურ არხებს მივცემ ჩანაწერსო.

ნაციონალები გაცოფდნენ, მაგრამ რაღა უნდა ექნათ - მთელი სოფლის ვენახები შეწამლეს.

აი, ასეთი წარმატებით ავამუშავეთ ოფისი "გლეხები და პოლიტიკოსები" და ჩვენს საქმიანობას, ალბათ, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო გავააქტიურებთ.