"კურიერმა" ბაბუ გადაგვირია - კვირის პალიტრა

"კურიერმა" ბაბუ გადაგვირია

გივიკოს პატარაობიდან უყვარდა ტექნიკა. სულ ჩხირკედელაობდა - ხან მაგნიტოფონში იყო ჩამძვრალი და ხან - ტელევიზორში. მშობლები ეჩხუბებოდნენ, დენმა არ დაგარტყას, თავი დაანებეო, მაგრამ ბიჭი ჯიუტად განაგრძობდა ხელმარჯვე ოსტატობას. თან თანატოლებსაც არ ივიწყებდა და მათთან ერთად ათასგვარ ოინბაზობას იგონებდა. განსაკუთრებით თავის ბაბუას, გივის აწვალებდა სხვადასხვა ხრიკით. საინფორმაციო გადაცემებისადმი გივი ბაბუას სიყვარული საყოველთაოდ იყო ცნობილი და პატარა გივიმაც ასეთი რამ მოიფიქრა: "კურიერის" ერთი გადაცემა ჩაწერა დისკზე, მერე მეზობელს, პაროდიის ნიჭით დაჯილდოებულ გიგას, წინასწარ მოფიქრებული ტექსტი ჩააწერინა და ზუსტად ცხრა საათზე ტელევიზორის წინ მიმჯდარ ბაბუას ჩაურთო.

"კურიერი" ჩვეულებრივ დაიწყო. პრეზიდენტი ერთ-ერთ რაიონში ჩავიდა და მოსახლეობას მიმართაო, თქვა ზალიკომ და პრეზიდენტმაც დაიწყო: "მინდა მივმართო ბატონ გივი ბ-ძეს (გივი ბაბუას სახელი და გვარი ახსენა). პენსიას ყოველ წელს გიმატებთ და 10 და 20 ლარი რატომ გენანება შვილიშვილისთვის?" - გივი გაკვირვებისგან გაშეშდა, მერე იფიქრა, მომეჩვენა, წავალ, ცოტას გავივლი, გადავიღალე ალბათო და გარეთ გავიდა. კარგა ხანს იარა და უკან დაბრუნდა. ტელევიზორში სპორტზე საუბრობდნენ. ამერიკული კალათბურთის ფინალი შედგაო, გამოაცხადა ობოლაძემ და კადრში კობი ბრაიანტი გამოჩნდა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო, ეკრანისკენ შემობრუნდა და ქართულად დაიძახა: - შენ გიძღვნი ამ ქულას, გივი ბაბუაო. ეს ბოლო წვეთი იყო. საწყალმა კაცმა ყვირილი მორთო. მთელი სოფელი შეიყარა, სასწრაფოც კი გამოიძახეს, თუმცა გივიკომ ყველაფერი აღიარა და ბაბუა საავადმყოფოში წაყვანას გადაარჩინა.

გიორგი კ-ძე. თბილისი.