დათა თუთაშხია: "ჩემ დღეშია, საწყალი ბიძინა..." - კვირის პალიტრა

დათა თუთაშხია: "ჩემ დღეშია, საწყალი ბიძინა..."

ალბათ, დიდი სიცხეების ბრალია, ძვირფასო მკითხველო, ჩვენი ფანტაზიის ასე შორს წასვლა და უკვდავი რომანის გმირთან ინტერვიუს ჩაწერა. თუმცა, სხვა ვერსიაც გვაქვს - რესპონდენტების ერთი და იმავე აზრების მოსმენა მოგვწყინდა. მაშ, ასე, გთავაზობთ ინტერვიუს დათა თუთაშხიასთან.

- მოგესალმებით, დათა ბატონო, როგორ ბრძანდებით?

- კაი გამარჯობა შენი... როგორ ვიქნები ამ მთავრობის ხელში? კაცი არ მომიკლავს ჯერ და ესენი მომაკვლევინებენ ნამდვილად...

- ვის ემუქრებით, დათა ბატონო, თუ საიდუმლო არ არის?

- ჩინელებს! მე, დათა თუთაშხიას, ტყეში არ მიშვებენ, ეგ წუპაკი მამაძაღლები...

- მხოლოდ ეს არის თქვენი წყრომის მიზეზი?

- არა, მიზეზების მეტი რაა! აბელა სეთურის მერე თუ რამე გამიკვირდებოდა, არ მეგონა ნამდვილად, მარა, თქვენ რომ გიყურებთ, სეთურის ხალხი მონაგონია, ასე მგონია მე...

- მოდი, კონკრეტულ კითხვებზე გადავიდეთ... არჩევნები ახლოვდება, ვის უჭერთ მხარს?

- არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემსაში-მეთქი, ვთქვი ერთხელ! არ მჯერა მე მაგ პარტიების, მარა ახლა ნამეტანი ცუდადაა საქმე. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ შეჭამეს ქვეყანა გათახსირებულებმა. მუშნის არ იყოს: კაცი უნდა ეყოს ფულს და არა - ფული კაცს... ამათ არაფერი არ ყოფნით, ასეა ეს!..

- ბიძინა ივანიშვილზე რას იტყვით?

- რა უნდა ვთქვა, ჩემ დღეშია, საწყალი... ვისაც ჩააცვა, ისინი ხდიან სწორედ, მარა ვიცი, არ შეარჩენს არასდიდებით...

- ამბობენ, გააყალბებენ არჩევნებს ნაციონალებიო...

- ბიძინას რომ გაუყალბონ, ის კაცები არ არიან ნაციონალები, "გრეჩიხას" რომ გაუყალბებენ, ის კაცები არიან...

- ვანო მერაბიშვილს იცნობთ, არა?

- ხელმწიფის ტოლი გამხდარა აგერ, ახლა... კი ვიცნობ, ჭკვიანი კაცია, მაგრამ მასეთი კაცები რატომ მიდიან მიშას სამსახურში, მაცოდინა ნეტავი...

- აუცილებლად უნდა გკითხოთ რუსეთ-საქართველოს ომზე... თქვენც ხომ რუსეთს ებრძოდით?

- ვებრძოდი და ვებრძვი კიდევაც, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს... მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი - ისეთი შევჭამო, არ დამასწროს და აქეთ არ შემჭამოსო. მგელი ფიქრობს ასე და ადამიანმა რატომ არ უნდა იფიქროს ვითომ?

- თქვენ შევარდნაძესაც არ წყალობდით.

- მართალიც ვიყავი. ვამბობდი მე: არ უნდა დასცალდეს შევარდნაძეს მისი აღმოჩენილი ახალგაზრდების გაზრდა, თორემ თუ გაზარდა, მასზე უკეთესი რატომ გამოვა რომელიმე-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა?!

- ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით დიდი ამბებია ატეხილი, თუმცა ამას წინათ აღმოჩნდა, რომ თავად ხელისუფლება ხალხს ფქვილს ურიგებს, ეს არ არის მოსყიდვა?

- ხალხს მინდა ვუთხრა: ფქვილი არ აიღოთ, ხალხო, გაგაფუჭებთ და წაგახდენთ ეგ ფქვილი!

- და ბოლოს, რას ეტყვით ჩვენს პრეზიდენტს?

- წადი შენი გზით, მიშა, ბიძიკო!