როგორი უნდა იყოს ოპოზიცია? - კვირის პალიტრა

როგორი უნდა იყოს ოპოზიცია?

მოგეხსენებათ, ჟურნალისტებს ბევრი რამ გვაინტერესებს; ეს ცნობისმოყვარეობით კი არ მოგვდის, პროფესია გვაქვს ასეთი, რომლის არსი ის არის, რომ ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ (ყველანაირად გვიმალავენ, მაგრამ მაინც). მეც ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ, ინფორმაციის მოყვარული. დავდივარ აღმა-დაღმა და ინფორმაციას ვეძებ. ხან ხელისუფლებას ვხვდები, ხან - ოპოზიციას. ამ შეხვედრებისას ერთი რამ სულ მიკვირდა: როცა ხელისუფლების წარმომადგენელს ან ხელისუფლების მომხრეებს ვხვდებოდი, ისინი მეუბნებოდნენ:

- კარგი, რა, ჩვენი ოპოზიცია სუსტია, საუბედუროდ, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია არ არის, არადა, კარგი კრიტიკა ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.

გავიდა ცოტა დრო და პოლიტიკაში ივანიშვილი გამოჩნდა. გახარებული გავიქეცი ხელისუფლების მომხრეებთან და ნიშნის მოგებით ვუთხარი, ხომ გამოჩნდა ახლა ძლიერი ოპოზიცია-მეთქი. არაო, მითხრეს, ეს უფრო სუსტიაო. გამიკვირდა, მით უმეტეს, რომ ამას შეშინებული სახეებით ამბობდნენ. თუმცა ამას აღარ მივაქციე ყურადღება და გადავწყვიტე, ხელისუფლების მომხრეებისგან გამეგო: მაინც როგორი უნდა იყოს ნამდვილი ოპოზიციონერი? სწრაფად წამოვავლე ხელი დიქტოფონს და ხელისუფლებას რომ ყველაფერში ამართლებს, ისეთ კაცთან დავიწყე საუბარი, თუმცა ის ისე მელაპარაკა, უფრო რეპორტაჟს ჰგავდა, ვიდრე ინტერვიუს. გთავაზობთ ინტერვიუს თუ რეპორტაჟს ხელისუფლების მომხრესთან.

- გამარჯობათ, თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია სუსტია, როგორი წარმოგიდგენიათ ნამდვილი ოპოზიცია?

ინტერვიუერი დაიბნა, მერე თითქოს რაღაცა გაახსენდაო, სწრაფად მითხრა:

- აი, ჭიქა რომ ნახევრადაა სავსე, ხელისუფლება იტყვის, ნახევრად სავსეაო, ხოლო ოპოზიცია - ნახევრად ცარიელიო. გაიგე?

- ვერა... - გულწრფელად ვუთხარი მე.

- მაგაშია საქმე, - ამოიოხრა ხელისუფლების მომხრემ, - მიტომაა ქვეყანაში რთული სიტუაცია.

- მაგალითად, რა უნდა გააკრიტიკოს ოპოზიციამ? - დავსვი უფრო რთული შეკითხვა.

- რა ვიცი, აბა, საკრიტიკოს მეტი რაა?

- მაგალითად? - არ მოვეშვი მე

- იცით, - აღელდა ხელისუფლების მომხრე, -  თქვენ დაასახელეთ რომელიმე საკითხი და მე გეტყვით, საკრიტიკოა თუ არა.

- კარგი, - არც ამაზე დავიხიე უკან, - უნდა გავაკრიტიკოთ თუ არა ხელისუფლება იმის გამო, რომ ბენზინი ძალიან ძვირია და საწვავის შემოტანა მონოპოლიზებულია?

- კარგი, რა, სხვა თემა ვერ ნახეთ? ეს ხომ თითიდან გამოწოვილია, - ამაყად მიპასუხა ინტერვიუერმა, - გაქვთ საბუთი, რომ მონოპოლიზებულია?

- და არ არის ძალიან ძვირი?

- არა, რას ამბობთ, თურქეთში უფრო ძვირია, ნახეთ, თუ გინდათ.

- კარგი, -  გადავედი მე სხვა საკითხზე, - ოპოზიციამ თუ უნდა გააკრიტიკოს ხელისუფლება იმის გამო, რომ ჩინოვნიკები დიდ პრემიებს იწერენ და ახალ-ახალ ჯიპებს ყიდულობენ?

- ესეც გამოწოვილია თითიდან, - მითხრა ხელისუფლების მომხრემ.

- ტენდერებს რომ უკანონოდ ატარებს მერია?

- ეგ ხომ გამოწოვილია და გამოწოვილია!

- დენს რომ ნაგავი მიაბეს, ამაზე შეიძლება ხელისუფლების გაკრიტიკება?

- არა, რა თქმა უნდა! აბა, შევარდნაძის დრო ჯობდა?

- ტერიტორიები რომ დავკარგეთ, არც ამაზე?

- არა და არა! ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

- უმუშევრობა რომ გაიზარდა?

- ვერც ამაში დავადანაშაულებ ხელისუფლებას, რადგან ცდილობენ, რაც შეუძლიათ. მოსემ ხალხი ორმოცი წელი ატარა უდაბნოში.

- კიდევ ერთი შეკითხვა: კონსტიტუციას რომ ცვლიან  ყოველდღე, ეს კარგია?

- ასეა, ალბათ, საჭირო. დღეს ხომ არ შეუცვლიათ?

-  დღეს არა...

- ანუ ტყუით, ყოველდღე ცვლიანო. ხომ გამოგიჭირეთ! თქვენ ხართ ანგაჟირებული ჟურნალისტი!

უკვე ტირილი მინდოდა, რადგან ვხვდებოდი, რომ ვერ ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას, მაგრამ მაინც გავაგრძელე:

- ნაციონალი თუ არ ხარ, სამუშაოს რომ ვერ იშოვი, ამაზე შეიძლება რამის თქმა?

- კარგი, რა! არ გამოგივათ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება!

- ეს რა შუაშია?

- ამაზე ასეთი პასუხი გვაქვს, ნუ მასწავლი შენ!

- ანუ ხელისუფლება არ უნდა გავაკრიტიკოთ?

- როგორ არა, როცა ჭიქა ნახევრად სავსეა, უნდა ვთქვათ, რომ ნახევრად ცარიელია.

აქ დამთავრდა ჩემი ინტერვიუ. როცა რედაქციაში მივედი და გავშიფრე, მივხვდი, რომ ოპოზიციას თუ უნდა, ძლიერი იყოს, ხელისუფლება არ უნდა გააკრიტიკოს. ამიტომ დავურეკე ჩემს რესპონდენტს და ახალი  ამბავი ვამცნე.

- ბატონო, ამ ინტერვიუს მიხედვით თქვენ გამოდიხართ ოპოზიცია, თანაც - ძლიერი.

- რა თქმა უნდა, ჩვენ რობოტები კი არ ვართ, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა, - მითხრა მან ამაყად და დამემშვიდობა.