უაღრესად საქმიანი წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამხანაგ დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევს! - კვირის პალიტრა

უაღრესად საქმიანი წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამხანაგ დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევს!

აგვისტოს მოვლენებმა ბევრი ძალიან გააბრაზა რუსეთზე. თუმცა ისეთებიც იყვნენ, იქედნურად რომ იძახდნენ, აბა რა გეგონათ, იმხელა რუსეთს რომ ეჭიდავებოდით, სადაა ახლა თქვენი ამერიკაო? ბევრი იმასაც კი იძახდა, რუსები მიშას ვერ იტანენ, თორემ ჩვენი სიყვარულით გიჟდებიანო, ომიც ამ სიყვარულის გამო დაგვიწყეს და ბომბებიც სიყვარულით დაგვაყარეს თავზეო. მოკლედ, ამ ქვეყანასთან და მის ორ უფროსთან ხალხს სალაპარაკო დაუგროვდა.

ჩვენც გავითვალისწინეთ ხალხში დაგროვილი ემოცია, ფიქრი თუ ლანძღვა და წერილი გავუგზავნეთ მათი კონსტიტუცია რომ არ დარღვეულიყო მხოლოდ ამისთვის, უეჭველად მხოლოდ ერთი ვადით არჩეულ პრეზიდენტს, ამხანაგ დიმიტრი მედვედევს.

მოკითხვა...

გამარჯობა, ამხანაგო დიმიტრი, როგორ ხართ? ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდა თქვენთან. ერთი პირობა ვიფიქრეთ, წერილის დაწერას, ჩვენ თვითონ ჩამოვალთ და დაგელაპარაკებითო (აგერ ხართ, ახლოს, ერთი საათის გზაა თბილისიდან თქვენამდე), მაგრამ ბოლოს მაინც წერილის დაწერა ვარჩიეთ. ჩვენი თხოვნა იქნება, პირდაპირ ნუ მიურბენინებთ წერილს პუტინს, ჯერ წაიკითხეთ და მერე მას წააკითხეთ. ნუ გეშინიათ, არ დაგტუქსავთ. ჩვენკენ მშვიდობაა, ამხანაგო დიმიტრი, მართალია, ტერიტორიები წაგვართვით, ეკონომიკაც ვერაა რიგზე, უმუშევრების მთელი არმია გვყავს, მაგრამ გასკდით გულზე, თქვენს ჯინაზე არ ჩამოვიშალეთ. ისე, რა იყო, რამ გაგაბრაზათ ასე, ერთი ომის მოგება რომ არ გინდათ გვაპატიოთ? 1801 წლიდან სულ თქვენ გვიგებდით ომს და ერთი მოგება შეგვარჩინეთ ჩვენც. ამხანაგო დიმიტრი, აფხაზეთი და ოსეთი რატომ აღიარეთ? არ იყო საჭირო,  ისედაც ვხვდებოდით, წართმეული რომ გვქონდა. თქვენი ამბავი რომ ვიცით, ააყვავებთ ახლა აფხაზეთს და ოსეთს. დაგიწყიათ უკვე, რამდენიმე ბაზა აგიშენებიათ, ალბათ აფხაზებიც და ოსებიც ხვდებიან, რომ ეს ბაზები მსოფლიოდან უამრავ ტურისტს მოიზიდავს და ძალიან გახარებულები არიან. ისე, ამხანაგო დიმიტრი, რა მიკვირს, იცით? რაც თქვენთვის შეშფოთება და აღშფოთება შემოუთვლიათ, კიდევ როგორ გიდგათ თქვენ და პუტინს სული?

ვაღიაროთ დანაშაული...

მოკლედ, სულ უბრალო რამეზე იცით წაკიდება, რა. ჩვენ რომ დავაკვირდით, პროამერიკულები რომ ვართ, ნატოში შესვლა რომ გვინდა, ამერიკული რადარების დადგმას რომ ვაპირებთ კავკასიონზე, ამისთვის გვბომბავთ. არ გრცხვენიათ, ამხანაგო დიმიტრი? ღირს ასეთ წვრილმანებზე ჩხუბი? ბავშვივით იქცევით თქვენც და პუტინიც. სხვა მიზეზი თუა, ისიც თქვით, ბატონო. შეიძლება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს კასპში დედის ნახვა უნდოდა, კი ბატონო, გვესმის, დედის სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს კაცს, მაგრამ ეთქვა ბატონო, დედის ნახვა თუ უნდოდა და ბიზნესკლასით ჩავაფრენდით მოსკოვში. კიდევ რამე თუ გაქვთ სათქმელი, გვითხარით ადამიანურად, ტანკების გარეშე  და დავანებოთ თავი კინკლაობას, თორემ დაიღალნენ უცხოელები ამდენი აღშფოთებით. სტატისტიკური მონაცემებით, მარტო პან გი მუნი 2008 წლის აგვისტოდან დღემდე იმდენჯერ აღშფოთდა, რამდენჯერაც სხვა ქვეყნების გამო ერთად აღებული. ჩვენც ვაღიარებთ ბატონებო ჩვენს შეცდომებს, ალბათ არ უნდა ჩამოგვეხსნა ნიღაბი თქვენთვის, რადგან ევროპა არც მანამდე იღებდა ხმას და ახლა ნიღაბჩამოხსნილი რომ დაგინახათ, მთლად დამუნჯდა.

გვასწავლე და გასწავლით

ამხანაგო დიმიტრი, ახლა ჩვენ გეტყვით იმ სიტყვებს, რითაც მთელ საქართველოს დაიმეგობრებთ. მაშ ასე, გამოდით ტელევიზიით და თქვით: _ ძვირფასო ქართველებო, რა გინდათ ამერიკასთან, ამერიკა შორსაა, მე კი აგერ ვარ, ყურის ძირში. არ გახსოვთ, გადმოფრინდებოდით ჩვენთან 37 მანეთად, ჩამოიტანდით სასმელს, ტყემალს, მსხალს, მერე კაცებს დაგვათრობდით და ქალებს კოცნიდით... რა გინდოდათ მეტი? კიდევ, ღვინოს გისაღებდით, წადით ახლა და გაყიდეთ ამერიკაში.

ამხანაგო დიმიტრი, თქვით ეს სიტყვები და ნახეთ, რა შედეგი გექნებათ. ხო, კიდევ რა გვინდა თქვენთან: ამას წინათ, ბურკინა-ფასოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩვენთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფასები აინტერესებდა. იქნებ პრაისი გამოგვიგზავნოთ, პატარა ფულს ჩვენც ვიშოვით მაკლერობაში.

პ.ს. რა ვიცი, ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ვიხსენებთ, ამიტომ, გემშვიდობებით, ჩვენო დიმიტრი. ისე, ძალიან ნუ გაამაყდებით, ტერიტორიები რომ წაგვართვით, აბა, მიშა იყოს რუსეთის პრეზიდენტი და თქვენ და პუტინი საქართველოს, მარტო საქართველოში კი არა, მთელ ევროპაში იქნებოდა რუსული ბაზები. აბა, კარგად დიმიტრი, პუტინი ჩამიკოცნეთ, რომ ნახავთ. დასასრულ, ბაბუამ მთხოვა, მაგხელა წერილს აგერ სიმღერა მისწერე და შეგირიგდებათო, აი სიმღერის ტექსტიც:

საკვარლის საპლავს

ვეზებდი,

ვერ ვნაკე დაკარგულიკო,

გულამოსკვილი ვტიროდი,

გდე ჟე ტი მაია სულიკო.