ვალის გადახდა ურანით - კვირის პალიტრა

ვალის გადახდა ურანით

ეს კურიოზი ერთმა ჩემმა ნაცნობმა მიამბო:

შევარდნაძის მმართველობის დროს სვანეთში თურმე რუსების მიერ დანატოვარი უამრავი რადიაციული ნარჩენი არსებობდა, რომელსაც არც არავინ ეძებდა, არც არავის გაჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში იქაურმა ერთ-ერთმა გლეხმა ვამეხმა შემთხვევით ურანი იპოვა, - კარგი ქვა ჩანს, ხანჯლებს ავლესავო, გაიფიქრა და სახლში წამოიღო. მეორე დილით აღმოაჩინა, რომ იმ ადგილას, სადაც ურანი დააგდო, თოვლი გამდნარიყო და ბალახიც ამოსულიყო. გლეხს ძალიან გაუხარდა და სასწრაფოდ ძროხა მოიყვანა საბალახოდ. როცა მოსაღამოვდა, ვამეხმა სასწაულმოქმედი ქვა სახლში შეიტანა. იქ უფრო უცნაური რამ მოხდა, ქვამ გაყინული სახლი გაათბო. ვამეხმა ღმერთს მადლობა შესწირა, ურანი ლოგინის ქვეშ ამოიდო და თბილად დაიძინა. ასე გრძელდებოდა მთელი ზამთარი. დღისით გაიტანდა ვამეხი ქვას გარეთ და ძროხას აბალახებდა, საღამოს კი ლოგინქვეშ იდებდა და თბილად ეძინა. ერთ დღესაც ვამეხს ძველმა მევალემ მოაკითხა და 60 ლარი მოსთხოვა. ვამეხს ფული არ ჰქონდა და იძულებული იყო, მევალისათვის თავისი სასწაული ქვა შეეთავაზებინა. მევალემ ერთი პირობა ეჭვით შეხედა ქვას, მაგრამ როცა ურანმა მის თვალწინ  თოვლი გაადნო და ბალახი ამოიყვანა, სიამოვნებით მიიღო ვალის სანაცვლოდ.

Aამ ამბავმა თბილისშიც ჩამოაღწია, სადაც საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელსაც ნარჩენებისგან უნდა გაეწმინდა სვანეთი. თუმცა სვანები კარგა ხანს არ აძლევდნენ თბილისელ სტუმრებს სასწაულმოქმედ ქვას და თან იძახოდნენ, არავითარი ზიანი ამ ქვას ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ მიუყენებიაო. განსაკუთრებით 70 წელს მიღწეული ვამეხი აქტიურობდა: არავითარი ზიანი ამ ქვისგან არ მიგრძნია, ეგაა ოღონდ, ადრე სამ დღეში მინდებოდა ქალი,, ახლა კი 10 Dდღე მჭირდებაო.

რევაზ ძნელაძე, თბილისი