პოლიტიკოსთა რეინკარნაცია - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსთა რეინკარნაცია

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგია თავის მოძღვრებაში რეინკარნაციას ქადაგებს. რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა და ქართულად "განმეორებით მოქმედებას" ნიშნავს. ამ მოძღვრების თანახმად, ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ შეიძლება გადასახლდეს ძაღლში, კატაში, მუმიაში, ჭიანჭველაში და ასე შემდეგ. ეს გადასახლება თურმე ხდება იმის მიხედვით, თუ როგორ ცხოვრობდა და რა თვისებებით გამოირჩეოდა სიცოცხლეში. ალბათ, საინტერესო იქნება, ამ მოძღვრების შესაბამისად, რად გარდაიქმნებიან ჩვენი პოლიტიკოსები. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს.

ინგა გრიგოლია - ე.წ. "ხლოპუშკად". კი მოგწონს, მაგრამ უცებ რომ აფეთქდება, გეშინია.

გია თორთლაძე - წყლის ჩამოსასხმელ აპარატად. მთავარია ფული ჩააგდო, წყალს ყველას უსხამს.

ვერა ქობალია - ლომად. რატომ ლომადო, გაგიკვირდებათ, ალბათ. და ეკონომიკის მინისტრად რომ დანიშნეს, არ გაგიკვირდათ?

მიხეილ სააკაშვილი - კატად. სადაც არ უნდა დატოვო, მაინც ბრუნდება და სახლს აგნებს.

ბიძინა ივანიშვილი - მაგნიტად. ყველას იკრავს.

დიმიტრი შაშკინი - ხილის ლანგრად. ყველგან შეგიძლია, დადო: მაგიდაზე, პიანინოზე, თაროზე.

ზურაბ ადეიშვილი - კომპიუტერის ჩიპად. ვითომ პატარაა, მაგრამ რამდენ ინფორმაციას იტევს!

გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტის იმ სკამებად, რომლებზეც სხედან.

დავით ბაქრაძე - ნაძვის ხედ, მხოლოდ ახალ წელს რომ ახსენდებათ. როგორც კი ზეიმი ჩაივლის, დაშლიან და მომავალ ახალ წლამდე ყუთში ჩადებენ.

შალვა ნათელაშვილი - გიორგი გუგავად (სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და რა ვქნათ?)