პრეზიდენტის გადადგომა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის გადადგომა

(კონსტანტინე გამსახურდიასეულად)

სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების ამბავი რომ ვიცი, კარგა ხანს არ მჯეროდა, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვალა. ერთ კვირაზე მეტია უკვე გასული და კიდევ არ მჯერა ამის, მაგრამ ყველა არხი, არასამთავრობო თუ სამთავრობო, ამას იძახის! თუმცა რჩება ერთი კითხვა: სად მიდის მიხეილ სააკაშვილი? ცოტა ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტი "რუსეთის აგენტებისგან" დაკომპლექტებულ მთავრობის სხდომას უძღვებოდეს. ჩვენმა გაზეთმა რამდენიმე წლის წინ დაწერა, როგორ გადადგებოდა სააკაშვილი. დღეს ეს საკითხი მეტად აქტუალურია, ამიტომ გთავაზობთ პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის ბოლო წუთების ოდნავ შეცვლილ ვარიანტს კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით.

ამდენი შიდა თუ გარე შეცდომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გადადგომა გადაწყვიტა და განცხადების დასაწერად მოემზადა. ბოკერიამ მოუსწრო ანაზდად.

- შენს მეტი ხომ არავინაა აქ, გიგა?

- არავინაა, მიშა ბატონო!

- კარგია, შენს მეტი რომ არავინ ესწრება ჩემს გადადგომას, გიგა...

- რა დროს გადადგომაა, ერთი წელი კიდევ დაგრჩათ, მიშა ბატონო.

- არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია ოკეანისგაღმელი პრეზიდენტის რისხვამ. მივდივარ ამ სასახლიდან, გიგა. უამბე ჩემი მონათხრობი, ვინც მომიკითხოს. ჯონ მაკკეინსაც და უკანასკნელ ახალგაზრდა "ნაციონალს", მარიამ საჯაიასაც უამბე, გიგა.

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც პრეზიდენტს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ნაკლი "ნაციონალებისა" მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, ლიბერალიც ვიყავი და მართლმადიდებელიც, რუსეთს ვებრძოდი და მეშინოდა მურმან დუმბაძისაც, მაგრამ "ნაციონალებისთვის" არასოდეს მიღალატია, გიგა.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მედროვეები სჭარბობენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი პარტიის მედროვეები. კარგად ვიცი, ჩემს პარტიაში ნახევარი ფულისთვის იყო შემოსული, ნახევარი თანამდებობისთვის, ხოლო როცა პარტიაში ამდენი მედროვე გყავს და ამდენი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა, გოგორიშვილიც ვერ გაგამარჯვებინებს, გიგა. თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, თელავს რომ არ ეღალატათ, იქაც ვძლევდი ივანიშვილს, იცოდე. სიყრმე და სიჭაბუკე პოლიტიკას შევწირე, მაგრამ ოპოზიცია გიჟს მეძახდა, პოზიცია - "მიშა მაგარიას".

დამანელა ნაციონალების კინკლაობამ, გიგა, ჩვენში ყველა ნაციონალს მინისტრობა სწყუროდა, მინისტრს - პრემიერ-მინისტრობა, პრემიერ-მინისტრს - პრეზიდენტობა. მუდამ ფეხქვეშ მეგებოდნენ ჩვენი ნაციონალები და ოპოზიციის დიდი ნაწილი, მაგრამ ყველა მაინც ვერ დავიმორჩილე, ამიტომაც არ მიყვარდა ალასანია და პოლიტიკაში მოსვლის გამო წავეკიდე ბიძინას!

წინა საარჩევნოდ კარგი ვაჟკაცები და რიტორები ვართ, გიგა, ეგაა ოღონდ, არჩევნების დროს დანაპირები აღარ გვახსოვს გამარჯვებულებს.

ოდითგან ასე მოგვდგამდა "ნაციონალებს", მუდამ კადრების სიმცირეს მივსტიროდით, რადგან თანამდებობები ბევრი გვქონდა მუდამ, მაგრამ პროფესიონალი "არანაციონალი" თუ გამოგვერეოდა თანამდებობაზე, ისე დავკორტნიდით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

ახლა ადექი, გიგა, სოფლელი "ნაციონალი" მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ბაქრაძეები და გაბაშვილები, აი ის "ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხომ?" რომ იძახის. იმ ნაციონალის ბუტბუტი მენატრება, გიგა.

მცირე ხანს დადუმდა, უცნაურად დაემანჭა სახე, ჯიბიდან კალამი ამოიღო და ბოკერიას ესროლა:

- აჰა, რაღას უცდი, დაწერე განცხადება, შე უღმერთო, ბარემ გათავდეს ეს პრეზიდენტობა, გიგა!