კაი მოგიტანე გუშინ და.... - კვირის პალიტრა

კაი მოგიტანე გუშინ და....

ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში ცხოვრობს ერთი ძალიან კარგი კაცი, სახელად გივი. ერთ დღეს გივი რაიონში მიდიოდა რაღაც საქმეზე. ცოლმა დაუბარა, შეიარე ფოტოატელიეში, პასპორტისთვის სურათი მაქვს გადაღებული, მზად იქნება და წამომიღეო. გივი თავის საქმეს რომ მორჩა, სასადილოში შეიარა, იქ ძველ ნაცნობებს შეხვდა და კარგადაც გამოთვრა. მერე გაახსენდა ცოლის დანაბარები და მიადგა ფოტოატელიეს. ფოტოგრაფმა სურათები წინ დაულაგა და უთხრა, აგერ, ძამა, სურათები და მოძებნე, რომელია შენი ცოლისო... გივის ბევრი არ ურჩევია, დაავლო ხელი ანჯელინა ჯოლის სურათს და ჩაიდო ჯიბეში. სახლში მისულს მისი სიმთვრალით გამწარებულმა ცოლმა წყევლა-კრულვის შემდეგ სურათი მოსთხოვა და გივიმაც ამაყად გაუწოდა ანჯელინას სურათი. ამაზე მეუღლე მთლად გადაირია:

- შენი სიკვდილი და არ გადარჩენა, ესაა ჩემი სურათი? ხვალვე წაეთრევი, წაიღებ ამ სურათს და ჩემსას მომიტან!.

რა ექნა გივის! გათენდა მეორე დღე და გაემგზავრა რაიონში. ამჯერად მოძებნა თავისი ცოლის სურათი და მიუტანა გაკაპასებულ მეორე ნახევარს. იმან კი დახედა და იკივლა:

- უიმე!!! ეს რა არის?! რას ვგავარ ამ სურათში?!...

დათო კაცაძე, ქუთაისი