5 ლარად - კვირის პალიტრა

5 ლარად

გურულების ენაკვიმატობის ამბავი არახალია; ეს ისტორიაც გურიაში მოვისმინე. ერთი ძალზე ენამოსწრებული მღვდელმსახურია ოზურგეთის ეპარქიაში. ერთხელ, თურმე, ოზურგეთიდან ლიხაურში მიეჩქარებოდა. გააჩერა ტაქსი და სთხოვა, ხუთი ლარის მეტი არ მაქვს და ლიხაურში წამიყვანეო. მძღოლს უარი უთქვამს, შორი გზაა და 5 ლარი არ ეყოფაო. მეჩქარება, წამიყვანე, ღმერთი გადაგიხდის სიკეთესო. ტაქსისტმა თავი მოისაწყლა, მთელი დღეა, კაპიკი არ მიშოვია, ცოდვა ვარო, თუმცა, ბოლოს მაინც დასთანხმდა.

გზაში მძღოლი ეუბნება მოძღვარს:

- მამაო, ერთი სათხოვარი მაქვს: მამა მყავდა ნამეტანი ურწმუნო, ეკლესიაში არასოდეს ყოფილა, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, ვიცი, უეჭველად ჯოჯოხეთში იქნება, გადაუხადე პარაკლისი, იქნებ გადმოიყვანო სამოთხეში და არ მინდა ეგ ხუთი ლარი.

გაეცინა თურმე მღვდელს და უთხრა:

- შე კაი კაცო, ოზურგეთიდან ლიხაურამდე არ მოგყავდი ხუთ ლარად და მე მამაშენი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადავიყვანო?!

ე. ქობალავა. გურია.