დიდი მადლობა, პრეზიდენტო! - კვირის პალიტრა

დიდი მადლობა, პრეზიდენტო!

დღეს უცხოურ პრესაში თუ პოლიტიკურ ელიტაში დიდი ოვაციებია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ესაო, ისაო, დემოკრატიაო, ჯიგარიაო, შუქურააო. რატომაა შუქურა და დემოკრატიო რომ იკითხავ, იმიტომ რომაო, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა უზრუნველყოო. გასაგებია მათი აზრი, ჩვენ, ქართველი ხალხი, ვართ უმადურები, თორემ გარეთ ყველა ყველაფერს ხვდება, ამიტომ გვინდა ქართველ ერს ნამუსი და სინდისი მოვწმინდოთ და საკააშვილს დიდი მადლობა გადავუხადოთ. მაშ ასე, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა თქვენ, რომ:

1) არჩევნების შედეგები რომ გამოცხადდა, გამარჯვებით გახარებული ხალხი არ დაარბიეთ.

2) უამრავი დამკვირვებლის თვალწინ არჩევნები არ გააყალბეთ.

3) სპეცნაზი მხოლოდ ხაშურში გამოიყენეთ.

4) "იმედი" დაუბრუნეთ მფლობელს მანამ, სანამ სასამართლო წაგართმევდათ ისედაც.

5) თქვენი ნებით წარადგინეთ ახალი პრემიერი და მთავრობა, არ გამოიწვიეთ სახელისუფლებო კრიზისი, არ დანიშნეთ ახალი არჩევნები, მერე ამ არჩევნებში ისევ არ წააგეთ უფრო დიდი პროცენტით.

6)  ზიანი რომ არ მიეყენებინა ხალხისთვის, ახალაიები გაგვარიდეთ.

7) 0 ლარის მაგივრად 200 მილიონი დაგვიტოვეთ ბიუჯეტში.

8) ქუთაისის პარლამენტის შენობაში, მხოლოდ ზოგიერთ ოთახში ჩადის წყალი და არა ყველაში.

9) გამარჯვებულ პრემიერს მოქალაქეობა მიეცით, სტრასბურგში არ აჩივლებინეთ და მერე სტრასბურგის სასამართლო რომ გეტყოდათ, მიეცით მოქალაქეობაო, ამის საფუძველზე არ მოგიწიათ მიცემა.

10) პარლამენტში ისეთი სახეები წამოსწიეთ, რომ მომავალში ნაცმოძრაობას არჩევნებში არანაირი შანსი არ დაუტოვეთ.

11) "რეალ-ტივის" დაფინანსება რომ შეუჩერეთ და დახურეთ.

12) თქვენი ახალი პრემიერის და მთავრობის  საშუალებით ბიზნესი და სასამართლო გაათავისუფლეთ.

13) "რუსთავი 2" ხელისუფლების მაკრიტიკებელ ტელევიზიად აქციეთ.

14) ამ 9 წლის განმავლობაში ყველა არ დაგვიჭირეთ.

15) 2013 წელს კონსტიტუციის საფუძველზე (ალბათ) მიდიხართ.