ეგებე მეშველოს - კვირის პალიტრა

ეგებე მეშველოს

ეს ამბავი ლანჩხუთში მოხდა. ლანჩხუთის "გურია" საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში რომ თამაშობდა, მთელი დასავლეთი საქართველო დადიოდა საგულშემატკივროდ. ერთხელ ჩემი სოფლის ბიჭებმაც გადავწყვიტეთ ლანჩხუთში გამგზავრება, ჩემს მანქანაში ჩავსხედით და წავედით. გზად მეზობელი - 65 წლის კოლია შეგვხვდა, რომელიც ცნობილი იყო ენაკვიმატობით. მანქანაში ადგილი გვქონდა და გავუჩერეთ. ჩაჯდა გახარებული და წამოვიდა ჩვენთან ერთად. სტადიონზე იმდენი ხალხი იყო, შესვლა ერთი საათით ადრე დაიწყო. ბილეთები ვერ ვიშოვეთ, თუმცა ჩემი ბიძაშვილი მუშაობდა სტადიონზე და პირდაპირ ფეხბურთელების გასახდელთან შეგვიყვანა. კოლია ჩემ გვერდით იდგა. არ მახსოვს, რომელ გუნდს ხვდებოდა "გურია", მაგრამ მოწინააღმდეგე ძალიან უხეშობდა. თითქმის ყოველ ხუთ წუთში უწევდათ ჩვენი გუნდის ექიმებს მინდორზე გასვლა. გავიდოდნენ, მიასხურებდნენ წამალს ფეხბურთელს, ისიც ადგებოდა და გააგრძელებდა თამაშს. ასე გამეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, როცა ერთ-ერთ "ფეხმოტეხილს" ექიმებმა წამალი მიასხურეს და ისიც წამოხტა, კოლია მოულოდნელად მოწყდა ადგილიდან და მინდვრიდან მომავალ ექიმებს წინ გადაუდგა:

- ე, ბიჭებო, რა წამალი გაქვთ ასეთი? ათი წელია, დავიტანჯე კაცი. თუ მისხურებით იმხელა კაცს აყენებთ ფეხზე, მე რომ მომასხუროთ, არ მეშველება ვითომ?

ექიმები სიცილისგან თავად კინაღამ გახდნენ სამკურნალო.

ტ. გიორგაძე