გამარიაჟებული ქართველის წერილი ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენს - კვირის პალიტრა

გამარიაჟებული ქართველის წერილი ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენს

დეკემბერში ნატოს მინისტერიალი გაიმართება. სავარაუდოდ, ჩვენს საკითხს განიხილავენ. მთელი საქართველო დიდი იმედით შეჰყურებს ამ შეკრებას. რა თქმა უნდა, სულ მცირე, მაპს ველოდებით. როგორც იცით, გენერალურმა მდივანმა დაურეკა ახალ პრემიერ-მინისტრს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ივანიშვილს უთქვამს, გამოცდა ხომ ჩავაბარეთ, მიგვიღეთ ნატოშიო. ჩვენ არ ვიცით, რა უპასუხა ბატონმა რასმუსენმა, თუმცა ვფიქრობთ, რომ სათქმელი მართლაც აღარაფერი აქვს. ამბობენ, დეკემბრის შეკრებაზე მიშა და ბიძინა ერთად წავლენო. მანამდე კი ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით, გვსურს, მივწეროთ წერილი ნატოს გენერალურ მდივანს:

"მოგესალმებით, ბატონო ანდერს ფოგ!

წერილს გწერთ საქართველოდან. მოგეხსენებათ, არჩევნები ჩავატარეთ უდემოკრატიულესად. ჰო, ხაშური უნდა დაივიწყოთ, ისე, როგორც წინა ხელისუფლებას ჰყავდა დავიწყებული. ახლა უყურეთ, რა დემოკრატია გვაქვს: პრეზიდენტი "ნაციონალია", პრემიერი - "ქართული ოცნების" ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე - "რესპუბლიკელი", ენერგეტიკის მინისტრი - ფეხბურთელი... მეტი რაღა გინდათ? გაიძახოდით, მედია არ არის თავისუფალიო. ჩამობრძანდით და უყურეთ "რუსთავი 2"-ს, ხაზს ვუსვამ - "რუსთავი 2"-ს. ეგ კი არა, ისე გავდემოკრატიულდით, სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავებისთვის ფეისბუქზე იბრძვიან კანდიდატები.

ვიცით, რომ დეკემბერში შეკრება გაქვთ. ჩვენ მანდ ბიძინას და მიშას ერთად გამოვუშვებთ და თქვენ დაინახავთ, რა არის ჭეშმარიტი დემოკრატია. მოკლედ, ჩვენ უკვე ისეთი დემოკრატიულები გავხდით, გვინდა, რამდენიმე საკითხზე გთხოვოთ ყურადღების გამახვილება: ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი, ასევე საფრანგეთში დაარბიეს მიტინგი, სადაც პოლიციამ ძალას გადაამეტა. ვფიქრობთ, ალიანსმა ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი სამუშაო უნდა ჩაატაროს.

ბატონო ანდერს, ჩვენ ხელისუფლება კი შევცვალეთ, მაგრამ ისევ გვაქვს სურვილი, ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ. უკვე აღარ ვიცით მიზეზი, რისთვისაც უარი უნდა გვითხრათ. იმ ქალბატონს რაც შეეხება (გვარს და სახელს არ დავასახელებ, გერმანიის კანცლერი რომაა), ახლაც თუ უარი გვითხრა და ახალი მიზეზი მოიფიქრა, ეგ მიზეზობა სხვა რამის ბრალი იქნება და კარგად დააკვირდით...

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ჯერ არ არიან მზად ჩვენი მიღებისთვის და მათ ბევრი მუშაობა სჭირდებათ დემოკრატიის გასაძლიერებლად, მაინც გულმხურვალედ გთხოვთ, მოგვცეთ მაპი, თუ არა და, თქვენ კარგად იყავით. ჩვენ უკვე ისედაც კარგად ვართ."