"ცალხელა ქალები" - კვირის პალიტრა

"ცალხელა ქალები"

გასულ საუკუნეში, კომუნისტების დროს, კოლმეურნეობებს შორის სოციალისტური შეჯიბრებები იყო გამართული. გურიაში ცნობილი მეტოქეები იყვნენ შრომისა და ნატანების კოლმეურნეობები. ჩაის კრეფაში ხშირად სოფელი შრომა იმარჯვებდა. ნატანების კოლმეურნეობის თავმჯდომარე მექალთანეობით ცნობილი გივი წითლიძე იყო. ერთხელ, რაიონის აქტივის კრებაზე, რაიკომის მდივანმა სოფელ შრომის თავკაცს ჰკითხა:

- გივი წითლიძის კოლმეურნეობას მუშახელი მეტი ჰყავს და გამაგებინე, შენ როგორ იმარჯვებ?

რაზეც გურულებისთვის დამახასიათებელი პასუხი მიიღო:

- ჩემი კოლმეურნეობის ქალები, ბატონო, ორი ხელით კრეფენ ჩაის, წითლიძის კი - ცალით.

- ცალი ხელით რატომ? - გაიკვირვა მდივანმა.

- რატომ და, ერთი ხელი უკან აქვთ მიფარებული, გივია არ მოგვახტესო!

ყველას გულიანად გაეცინა, მათ შორის - მდივანსაც.

ჯემალ ჭაკნელიძე