პოლიტიკური წყევლები - კვირის პალიტრა

პოლიტიკური წყევლები

საქართველოში ყოველდღე იცვლება სიტუაცია. დღე არ გავა, რომ ვიღაცა რაღაცაზე არ დაიჭირონ. ნაციონალები ოხრავენ, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს იჭერენო, "ოცნებაში" გაიძახიან, ფაქტები გვაქვსო. ნაციონალები პასუხობენ, ფაქტები კი გაქვთ, მაგრამ მაინც პოლიტიკური დევნააო. ამან რომ არ უშველათ, ადგნენ უმცირესობის წარმომადგენლები და ევროპასთან ჩაუშვეს "ოცნება". დედა, ეს რა გავიგე, ამნაირი თქვენთან არაფერი მომხდარა ჯერო! - აღშფოთდა ევროპა, თან ისე, როგორც იცის - ევროპულად, ანუ: პოლიტიკური ნიშნით არავინ დაიჭიროთო და თუ ფაქტები გაქვთ, მაშინ უნდა დაიჭიროთ, აბა, რა უნდა ქნათო. ამაზე ნაციონალებმა: ხომ ხედავთ, დასავლეთმა - არ დაიჭიროთო და რატომ იჭერთ მაინცო?

"ოცნებამ" კიდევ: თუ პოლიტიკურია, მაშინ არ დაიჭიროთო, ასე თქვა დასავლეთმა და პოლიტიკური არ არის, სამართლიანიაო. მოკლედ, ამდენი ჩხუბი, ამდენი ლანძღვა, წყევლა და გინება კარგა ხანია, არ გაგვიგია. ჩვენ ვისზე ნაკლები წყევლა და გინება ვიცით! ამიტომ მკითხველს გვინდა შევთავაზოთ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის შესატყვისი რამდენიმე ფორმულა:

*ისე დაბრუნდი სახლში, როგორც "ნაცმოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში!"

*ისე მარტო დარჩი ოჯახში, როგორც სააკაშვილი დარჩა მთავრობაში!"

*შენ დაგიბარა მოწმედ კბილაშვილმა!"

*მიშას რეზიდენციასავით დაგიბნელდეს თვალები!"

*ისე მშვიდად დაგეძინოს ღამით, როგორც გიგი უგულავას სძინავს ახლა!"

*შენი ოჯახი დაგხვდეს ისე, როგორც გენმდივნად დანიშვნის დროს დახვდა მერაბიშვილს ნაციონალები!"

*ისე დაგიბრუნდეს დილით საძოვარზე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, როგორც ადეიშვილი, შაშკინი და რურუა დაბრუნდებიან საქართველოში!"

*ახლა რომ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს აქვთ, ისეთი სტაბილური სამსახური გქონოდეს მთელი ცხოვრება!"

*იმდენ ხანს გეცოცხლოს, რამდენ ხანსაც ტუღუში იყო მინისტრად!"

*ხადურივით დაეთვალოს შენს ცოლს ყოველი თვის ბოლოს შენი ხელფასი!"

*იმდენ ხანს დაგიჯდეს სახლში სიდედრი, რამდენ ხანსაც მაჭავარიანი, წერეთელი და გოგორიშვილი სხედან პარლამენტში!"

*კულტურის მინისტრის მოადგილე შეგხვედროდეს სადმე მთვრალი!"