რას ჰქვია, არაფერი მჭირს! - კვირის პალიტრა

რას ჰქვია, არაფერი მჭირს!

რამდენიმე თვის წინ ერთ კლინიკაში ვიყავი ექიმთან. ის იყო, კორიდორში გამოვედი, ვხედავ, ერთი შუახნის კაცი ექიმს ემუქრება:

- მე თქვენ გაჩვენებთ სეირს, თქვე უსინდისოებო!

ექიმი კი იღიმება. ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და მოჩხუბარი წავიდა თუ არა, მაშინვე იმ ექიმთან მივედი, რა მოხდა-მეთქი. აი, რა მოვისმინე: ეს კაცი გუშინ კუჭის ტკივილით მოვიდა კლინიკაში, ვეჭვობდით, რომ სერიოზულ დაავადებასთან გვქონდა საქმე, ამიტომ ვთხოვეთ, გამოეკვლია შინაგანი ორგანოები, რისთვისაც 200 ლარი გადაიხადა. პასუხები დღეს ვნახე და სრულიად ჯანმრთელია, მეც გახარებულმა ვუთხარი, რომ არაფერი სჭირდა, იმან კი ჩხუბი დაგვიწყო, რას ჰქვია, არაფერი მჭირს, 200 ლარი გადავიხადე, თქვენ ხომ არ უბერავთო?! ხომ ნახე, როგორ გვეჩხუბებოდაო, - ღიმილით დააყოლა ექიმმა

გ. მელაშვილი. თბილისი