პოლიტიკოსის წერილი შეყვარებულს - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსის წერილი შეყვარებულს

ჩემო სიყვარულის ტრიბუნავ, მინდა გითხრა, რომ ვერაფრით შევძელი შენი დავიწყება. მუდამ თვალწინ მიდგახარ ისე, როგორც ნაციონალს - სკამი, ჯიპი და პრემია.

მახსოვს, პირველად რომ დაგინახე, შენი სილამაზით ისე აღვფრთოვანდი, როგორც დასავლეთი - არჩევნების შემდეგ; მოკლე კაბა ისე გიხდებოდა, როგორც ალასანიას - ხალი. შენი ღიმილი ანბანის ძეგლივით ფასდაუდებელი იყო და ჩვენი გაცნობაც - ისეთი მოულოდნელი, როგორიც "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვება. ერთმანეთს პარკში შევხვდით, შენ ცხვირსახოცი დაგივარდა, ისე, როგორც წინა მთავრობას - რეიტინგი; მე ცხვირსახოცი მოგაწოდე და კაფეში დაგპატიჟე, შენ კი ისე საყვარლად თქვი უარი წამოსვლაზე, როგორც ამირან გამყრელიძემ - ჯანდაცვის მინისტრობაზე.

მე ვეღარ მოვითმინე, თვალებში ჩაგხედე და გითხარი, რომ მიყვარხარ, შენ კი ისეთი დაბნეული თვალები გქონდა, როგორიც მარიამ საჯაიას აქვს კანონპროექტის კითხვისას. მაშინ შენ უარი მითხარი, თუმცა მე ვხვდებოდი, რომ შენს სიყვარულს ისე ნელ-ნელა მოვიპოვებდი, როგორც "ქართული ოცნება" მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. რამდენიმე დღეში კი შენ აღიარე, რომ გიყვარდი, როგორც სააკაშვილმა - დამარცხება. როგორც კი ეს გავიგონე, ავლაბრის  რეზიდენციასავით შავი თვალები დაგიკოცნე და თბილისის მერიის ხარჯებივით გაბერილ ტუჩებზე დაგეკონე, და მერე? მერე ბაღიდან ჩემს ბინაში ისე გადავინაცვლეთ, როგორც წინა ხელისუფლებამ - ოპოზიციაში, იქ კი ჩვენი სხეულები ისე გაერთიანდა, როგორც ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროები გაერთიანდებიან მალე. ამ ურთიერთობას ისე ვმალავდით, როგორც ქრისტიან-დემოკრატები - ნაციონალებთან მეგობრობას. ჩვენი ქორწინება ისეთივე გარდაუვალი იყო, როგორიც - უგულავას დაკითხვა. მალე დედაშენმა ჩვენი სიყვარულის ამბავი  გაიგო და ისე დამწყევლა, როგორც ხუთი ნომრის შემომხაზველები - მურმან დუმბაძემ, თუმცა ამ წყევლამ მე ისევე ვერ შემაჩერა, როგორც რასმუსენის შეშფოთებამ - კბილაშვილი. ჩემს ბინაში შეხვედრის წამებს ისე ვითვლიდი, როგორც ხადური - ბიუჯეტს და უკან ისე დაგდევდი, როგორც ალისტრახო - მეცხრე არხის ჟურნალისტებს.

მაგრამ... ისე მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა, როგორც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა - ზოგიერთისთვის.  ერთხელ კაფეში დაგინახე, ვიღაც ბიჭებთან ცეკვავდი, ტელეკომპანია "იმედივით" გადადიოდი ხელიდან ხელში. თავის მოკვლა მომინდა ნინა წკრიალაშვილივით. ჩემს სიყვარულს წყალი შეუდგა, როგორც ქუთაისში - პარლამენტს. ამის შემხედვარეს ნანა კაკაბაძესავით ცრემლები წამომცვივდა. შენ მოხვედი და თავს იმართლებდი, მე კი ისე მჯეროდა შენი, როგორც ქართველ ხალხს - ბაჩო ახალაიას უდანაშაულობის. ამ ამბის შემდეგ ადეიშვილივით გაუჩინარდი ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა შაშკინივით ხანდახან მწერდი "ფეისბუქზე", რომ არა ხარ დამნაშავე. ახლა პრეზიდენტივით მიჭირს მარტოობა, მაგრამ რა ვქნა - 7 ნოემბერივით ვერ ვივიწყებ შენს ღალატს, ამიტომ ჩვენი მომავალი ისეთივე გაურკვეველია, როგორიც - დეკემბრის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი.