მანდატდახეული დეპუტატებისთვის ახალი მანდატები მზად გვაქვს - კვირის პალიტრა

მანდატდახეული დეპუტატებისთვის ახალი მანდატები მზად გვაქვს

"რა ქნას მეტი ბაიდენმა, გვარს ხომ არ გადაიკეთებს სააკაშვილად?"

დაიწყო საზაფხულო პოლიტარდადეგები. დაღლილია ხელისუფლება, უფრო მეტად ოპოზიცია, კიდევ უფრო მეტად ხალხი. სიმართლე გითხრათ, ჩვენც დავიღალეთ, თუმცა ამ თვეში ისეთი სასიხარულო ამბები მოხდა, დაღლილობა რა მოსატანია. მაგალითად: ბაიდენის ვიზიტი, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რუსთაველის

პროსპექტის საკნებისაგან გათავისუფლება, პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება, პალიკოსა და გუბაზის «რეგიონული» ურთიერთობა და სხვ. ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, აგვისტოში ჩვენი ტანჯული სამშობლო ცოტა ხნით «შეისვენებს». სექტემბრიდან კი ისევ დაიწყება მიტინგები, ლანძღვა-გინებები, ფარული ჩანაწერები, აგენტომანიები და ასე შემდეგ. ჰოდა, სანამ ეს ყველაფერი ისევ დაიწყება და ხელისუფლების წარმომადგენლები გვეტყვიან, რა გვეინტერვუიება ამ ოპოზიციის გადამკიდესო, მანამ დრო ვიხელთეთ და სტუმრად ვეწვიეთ 1999 წლიდან ხელისუფლების წარმომადგენელს, 1999 წლიდან პარლამენტარს და 1999 წლამდე ექიმს, ბატონ გიგი წერეთელს.

- ბატონო გიგი, პარლამენტის შენობამდე ავტომანქანით მოვედით. მადლობა თქვენ თუ ოპოზიციას?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზე რთულია. რახან ჩემთან ხართ, მე გადამიხადეთ მადლობა, ოპოზიციასთან რომ მიხვალთ - ოპოზიციას.  ისე კი, ობიექტურად რომ ვთქვა, ორივე მხარეს ეკუთვნის მადლობა, ცოტა მეტი კი ხელისუფლებას, რადგან მეტი პასუხისმგებლობა აკისრია.

- ბაიდენის ვიზიტსაც შევეხოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე გექნებათ პასუხი გაცემული, მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს. ამბობენ, ბატონმა ჯომ ოპოზიციას უთხრა, მიშას თავი დაანებეთო, მართალია?

- მასე არა, ბაიდენმა ოპოზიციას უთხრა: - საფრანგეთი ეუბნება რუსეთს, თავი დაანებე სააკაშვილსო. იაპონია ამბობს, რასაც იტყვის ამერიკა, ჩვენც იმ აზრზე ვართო. ამერიკა კი მხარს მიშას უჭერსო. აგერ ვართ ჩვენ და აგერაა რუსეთიო...

- ეს ალბათ, იმიტომ ითქვა, რომ ბატონმა ჯომ არცთუ მცირე მინიშნება გააკეთა, როცა პრეზიდენტის დედას სთხოვა - გაუფრთხილდით თქვენს შვილს, ძალიან გვჭირდებაო.

- მასე თუ გავყვებით, მინიშნებები საკმაოდ ბევრი იყო. თუ დავუკვირდებით, მათი შეხვედრა დიდი ხნის მეგობრების შეხვედრას ჰგავდა, ჯერ გადაეხვია, მერე რამდენჯერმე ხელი მოუთათუნა მხარზე, რამდენჯერმე ერთმანეთს არაფორმალურადაც მიმართეს, ქალბატონ გიულის სთხოვა, გაუფრთხილდით შვილსო. რა ქნას ახლა მეტი, გვარს ხომ არ გადაიკეთებს სააკაშვილად?

- არადა, რა იმედი ჰქონდა ზოგიერთს?

- იმედი მართლაც ჰქონდათ. იმასაც ფიქრობდნენ, ალბათ, ბაიდენს მეორე თვითმფრინავი ჰყავს ჩამოყვანილი და წაიყვანს ხელისუფლებასო, მაგრამ...

- ოპოზიციის მოლოდინზე მიანიშნებთ?

- ძლიერი ოპოზიცია რომ გვყავს, ეს ქვეყნისთვის კარგია. მისი სისუსტე ნამდვილად არ გვიხარია...

- ჰო, ალბათ დარდისაგან ღამეები არ გძინავთ...

- ძაან ვნერვიულობთ-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ დიალოგს რომ ალტერნატივა არა აქვს, ყველამ კარგად დავინახეთ. ხელისუფლება მუდმივად სთავაზობდა ოპოზიციას, მობრძანდით, დავსხდეთ, გადავჭრათ პრობლემები. აი ახლაც, მანდატდახეულ დეპუტატებს ვთავაზობთ პარლამენტში დაბრუნებას.

- ახალი მანდატები მზად გაქვთ?

- კი, მზადაა და ველოდებით...

- ბესელია მაინც უარზეა...

- ვუფასებ პრინციპულობას. ჩვენ დავუმზადეთ ახალი მანდატები იმ იმედით, რომ იქნებ რომელიმე ოპოზიციონერმა აზრი შეიცვალოს. ასეთი რამეც ხომ ხდება?

- გუბაზი და პალიკო რომ ერთად დადიან რეგიონებში, რა ხდება, გადმოიბირეთ იმხელა კაცი?

- რეგიონებში ერთად წასვლა არ ნიშნავს გადმობირებას. აი, რესტორანშიც თუ ერთად წავლენ, მერე შეიძლება მასე იფიქროთ.

- ბატონო გიგი, თქვენთან მომდევნო ინტერვიუს ჩასაწერად ქუთაისში მოგვიწევს ჩამოსვლა?

- გააჩნია, როდის მოხვალთ. თუ კომიტეტის სხდომა დაემთხვა, თბილისში მოგიწევთ, თუ სესიები - ქუთაისში.

- ისე, მგონი მიგიხვდით, რატომაც გადადიხართ ქუთაისში...

- რატომ გადავდივართ?

- იმედი გაქვთ, ქუთაისელები მიტინგს არ გაგიმართავენ...

- არა, კი გამართავენ, მაგრამ უფრო საინტერესო მიტინგი იქნება... ანეკდოტებს მოჰყვებიან...

- იცით, ქუთაისელები რას ამბობენ? "პარლამენტის გადმოტანას, ფინანსთა სამინისტრო გადმოეტანათ, ფულს მაინც შევხედავდითო".

- გადავიტანოთ ფინანსთა სამინისტროც, რა პრობლემაა... ისე, ქუთათურებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება. გამოცოცხლდება ქალაქი, ბიბლიოთეკები, თეატრები ხალხით გაივსება...

- კიდევ რა გაივსება ხალხით?

- რა თქმა უნდა, რესტორნებიც, მაგრამ ჩამოთვლა ხომ ბიბლიოთეკებით დავიწყე!