"მიცვალებულთა საქმე წინწაწეულად შეიძლება ჩაითვალოს" - კვირის პალიტრა

"მიცვალებულთა საქმე წინწაწეულად შეიძლება ჩაითვალოს"

მერის არჩევნებმა საზოგადოება ორად გაყო. ერთი ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს, მეორე - მთავრობას. სამაგიეროდ პოლიტიკოსები უფრო დაიყვნენ, ვიდრე საზოგადოება. არიან არჩევნების ბოიკოტისტები, ოღონდ კომისიის წევრებს მაინც ახმარენ არჩევნების არაბოიკოტისტებს. არიან ისეთებიც, არჩევნების თარიღი რომ არ იყო დანიშნული, მაგრამ უკვე კანდიდატწამოყენებულები იყვნენ. არიან არჩევნებში რომ სავარაუდოდ კანდიდატს დაასახელებენ ისეთებიც და არის ხელისუფლება. "ჯერ არჩევნები რომ არ იყო დანიშნული და უკვე კანდიდატი წამოაყენეს" იმ პარტიის ერთ-ერთ წევრს, ბატონ ლევან ბერძენიშვილს მივადექით და პირველივე შეკითხვა საქმიანი დავუსვით:

- ბატონო ლევან, ქალაქის მერის არჩევნებზე ბარიერის 50%-ით გაზრდას ითხოვთ, ასე მაგრები ხართ?

- 50% ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მეორე ტური დაინიშნება. ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს. ბარემ აიღონ და კანონში ჩაწერონ "გიგი უგულავა უნდა გახდეს ქალაქის მერიო".

- ხელისუფლება გასაგებია, მაგრამ ამ დანარჩენ ოპოზიციას რატომ აძლევს ხელს 30%?

- საკრებულოში ხომ უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი და ალბათ ამიტომ. ისე კი, მსოფლიოში, დაწყებული ძველი რომიდან და საბერძნეთიდან, დღემდე ნახევარზე მეტი ხმით ირჩევენ კანდიდატს.

- ანუ როგორც ყოველთვის, ნოვატორები ვართ.

- ვერ გეტყვით, შესაძლებელია, ზოგ დალხენილ ქვეყანაში არსებობს 30 ან 20%-იანი ბარიერები. ეგ კი არა, არის ქვეყნები, სადაც არჩევნებისას ხმის გადაცემა დაშვებულია. ზოგან სამი ხმის უფლებაც აქვს ამომრჩეველს. მოკლედ, არსებობს მრავალნაირი სისტემა: ავსტრალიური, ინგლისური...

- ჩვენი რომელს განეკუთვნება?

- ჩვენი არც ერთს. ეს სუფთა ქართული ვარიანტია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. თუ გახსოვთ, 1992 წელს ხალხს ავარჩევინეთ პარლამენტის თავმჯდომარე. მსოფლიოში არსად, არასოდეს არ მომხდარა, რომ პარლამენტს საკუთარი თავმჯდომარე არ აერჩიოს.

- გამოდის, 50%-ს ბოლომდე მიაწვებით.

- რასაც ხელისუფლება ამბობს, ეს წინა არჩევნებს კი ჯობია, მაგრამ ნამდვილს ბევრად ჩამორჩება. ქალაქის მერი რომ უნდა აირჩიო 50%+-ს=+1 ხმით,  ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხი. ეს მახსენებს ერთ ისტორიას: როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მთავრობამ თქვა, ხალხს გავუმხილოთ ცოტა სიმართლეო. ერთმა მათემატიკოსმა იხუმრა: "ესე იგი აქამდე რომ ამბობდით, ორჯერ ორი რვაა, ახლა უნდა თქვათ შვიდიაო".

- ბატონო ლევაქრობთ, ოდესმე ჩატარდება საქართველოში გაუყალბებელი არჩევნები?

- ძნელია ამის თქმა. მსოფლიოში ცნობილია გაყალბების 17 ვარიანტი, საქართველომ 17-ს კარგა ხანია გადააჭარბა, ასე რომ, შემოქმედებიც ვართ. უცებ ამ სენს ვერ მოვიშორებთ, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება შევამციროთ.

- მიცვალებულებს როგორ შეამცირებთ, ლევან ბატონო?

- მიცვალებულთა საქმე წინწაწეულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან უკვე ოპოზიციურ პარტიებსაც გაუჩნდათ მკვდრების სია.

- და ეს რას ნიშნავს, ოპოზიციონერი გარდაცვლილებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას?

- ეს ნიშნავს, რომ მკვდარი საერთოდ ვეღარ მოხვდება საარჩევნო სიაში, ერთადერთი მიზეზის გამო, ის მკვდარია.

- ისე, თუ არის ქვეყანა, სადაც საარჩევნო სიებში მკვდრები შეჰყავთ?

- არა მგონია, ალბათ მხოლოდ ავღანეთი და ჩვენ.

- ამ ბოლო დროს ჩვენი პრეზიდენტი აღმოსავლეთის ქვეყნებს "მიეძალა", დასავლეთმა საბოლოოდ აქცია ზურგი ვითომ?

- ვერ ატყობთ, რომ დასავლეთში აღარავის უნდა მასთან შეხვედრა? გაეროს სხდომაზე რომ იყო, ჰილარი კლინტონი ფეხზე დამდგარი შეხვდა.

- სამაგიეროდ, ბაიდენი შეხვდა დამჯდარი.

- კი ბატონო, ბაიდენი აქ იყო ჩამოსული და დამჯდარიც იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, იმ კაცმა ბევრი რამ მოსთხოვა.

- ბატონო ლევან, ამბობენ, პრეზიდენტობისკენ გზა თბილისის მერის პოსტზე გადისო. თუმცა იმასაც ამბობენ, ამერიკას ვინც უნდა, ის იქნება პრეზიდენტიო. მოდი, გულახდილად გვითხარით, ალასანია მართლა ამერიკიდანაა გამოშვებული?

- ეს ასე არ არის, მეგობრებო. ამერიკიდან არავის უშვებენ და არ ეუბნებიან, რომ შენ იქნები პრეზიდენტიო. ისინი შეიძლება აკვირდებიან ამა თუ იმ პიროვნებას და თავიანთი მოსაზრება აქვთ, მაგრამ ვისაც ხალხი აირჩევს, იმასთან აგრძელებენ დიალოგს.

- მართლა? ჩვენ გვეგონა, როგორც ჯეოსტარის კასტინგი ტარდება, ისე თუ ხდებოდა იქ. მაგალითად: შევიდა ნათელაშვილი, დაუსვეს კითხვები და უთხრეს, "უკაცრავად, მაგრამ თქვენ პრეზიდენტად არ ხართ დაბადებული და ვერ გადახვედით შემდეგ ტურშიო".

- მთლად ეგრე არ არის, მაგრამ გვეუბნებიან, ჩვენ თუ გვკითხავთ, არ ვართ მომხრე, გადაწყვეტილება კი თქვენ უნდა მიიღოთო.

- ნათელაშვილზე ასე თქვეს?

- არ ვიცი, მაგრამ თავად ნათელაშვილს რომ არ მოსწონს ამერიკელები, ცხადია.

- თითქმის ყველა ლიდერია იქ ნამყოფი, ნუთუ მათი მოსაწონი ლიდერი არ გვყავს? მაგალითად, თარგამაძეს რა დაუწუნეს?

- თარგამაძე ალბათ იმიტომ დაიწუნეს, რომ არ ელვარებს...

- და გაჩეჩილაძე?

- გაჩეჩილაძე ზედმეტად ელვარებს. ისე კი, გაჩეჩილაძემ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა იქ. როცა ჰკითხეს, რომელი პარტიის წევრი ხარო, მან უპასუხა არც ერთისო. გაგიჟდნენ ამერიკელები, აბა რანაირი პოლიტიკოსი ხარ, თუ პარტიის წევრი არ ხარო.

- ნინოც ხომ ბევრჯერ იყო, მაგრამ...

- ბურჯანაძე მართლაც მოსწონდათ. თუმცა ისიც დაადგინეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდა.

- გამოდის, ალასანია მოსწონებიათ.

- ყოველ შემთხვევაში, ირაკლისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.