ინფორმაცი(ნ)ები - კვირის პალიტრა

ინფორმაცი(ნ)ები

ლაგოდეხის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 104 კანდიდატის განაცხადი შევიდა. ლაგოდეხის რაიონის დანარჩენი ცხრა მაცხოვრებელი სულმოუთქმელად ელის, ვინ გახდება მათი გამგებელი.

***

დიდი კამათია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის თაობაზე. ძირითად პრობლემად ხარჯებს ასახელებენ. ამ შემთხვევაში ახალ მთავრობას გაუმართლა: მას ერთი თეთრიც არ დაუჯდება საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნება - თუ მაიას ტომის ჟამთაღმრიცხველებს დავუჯერებთ, 21 დეკემბერს შეიძლება პარლამენტი თავის ქუთაისიანად ჩამოვიდეს თბილისში.

***

თენგიზ გუნავა იმდენჯერ დაიბარეს დაკითხვაზე, რომ პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებს დასაქირავებელ ბინას - სამგზავრო ფულს მაინც დავზოგავო.

***

თავდაცვის სამინისტრომ ახალაიას დროინდელი სამხედრო ტექნიკის შესყიდვების ნუსხა გამოაქვეყნა. ქვეყანაში ჯართის ფასი საგრძნობლად დაეცა.

***

კანადის დედაქალაქ ოტავაში ქართული საცხობი გაიხსნა წარწერით: "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის პური.

***

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადება პროკურატურისადმი: "რა ამბავია ამდენი ხალხის დაჭერა?"

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადება ბესელიას კომისიისადმი: "რა ამბავია ამდენი ხალხის ციხიდან გამოშვება?"

***

"რა? სად? როდის?" შეკითხვა: ტერენტი კვირკველია - ტერენტი გრანელი; შიო ქუჩუკაშვილი - შიო მღვიმელი; ლუკა რაზიკაშვილი - ვაჟა-ფშაველა; ვანო მერაბიშვილი - ?

***

რასმუსენმა თქვა, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა იქნებაო. თხოვნა გვაქვს, ბატონო ანდერს, ეგ გამოცდა იანვარში რომ ჩავაბაროთ ექსტერნად, არ შეიძლება?

***

შორენა შავერდაშვილი ტაქსის მძღოლს:

- 8 ლარი რა ამბავია, 7 ლარად წამიყვანე.

- ერთი ლარი რაღაა, ქალბატონო?

- რას ლაპარაკობ, ერთ ლარად მე ტელევიზიის ყიდვას ვაპირებ!

***

სერგეი ლავროვი პრესკონფერენციაზე ხელშეხვეული გამოცხადდა. "ნაციონალურ მოძრაობასა" და რუსეთის ხელისუფლებას შორის ფარულ კავშირში მურმან დუმბაძეს ეჭვი აღარ ეპარება.