ჭკვიანი ქურდები - კვირის პალიტრა

ჭკვიანი ქურდები

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ქალაქში ღამით გასვლა საშიში იყო. მანქანებს ხშირად იპარავდნენ და ცხინვალში ყიდდნენ. ჩემმა მეზობელმა ზურამ რის ვაივაგლახით შეიძინა ძველისძველი BMW... ზურას სხვებივით ბინის წინ გარაჟი არ ჰქონდა. ეგრეთ წოდებული "სტაიანკაც" შორს იყო... ირგვლივ რაც კორპუსები იდგა, თითქმის ყველა ჩამოიარა, მაგრამ თავისუფალი გარაჟი არავის აღმოაჩნდა, არადა, რა უნდა ექნა, მანქანა უკვე სახლის წინ იდგა.

ულოცავდნენ მანქანის შეძენას ზურას, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო, მით უფრო ნერვიულობდა. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა გამოსავალი. სახლში წმინდა სისხლის უზარმაზარი "ნაგაზი ჰყავდა, ჩამოიყვანა ეზოში და თავისი ბმვ-ს გვერდით დააბა. აბა ახლა მიეკაროს ვინმეო, ჩაილაპარაკა და არხეინად დაიძინა.

დილით, გაიღვიძა თუ არა, ფანჯარასთან მივიდა. ბმვ ადგილზე დახვდა. ამაყად ჩავიდა ეზოში, მაგრამ ძაღლი არსად იყო. ქურდებმა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირად ღირებულის წაყვანა არჩიეს.

გიორგი ჩაფიძე, თბილისი.