ვის რა საჩუქარს მიუტანენ საშობაოდ - კვირის პალიტრა

ვის რა საჩუქარს მიუტანენ საშობაოდ

კახი კალაძეს საჩუქრად მიუტანენ ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძის ფილოსოფიურ თხზულებას "დაო დენ ძინი" ჩინურ ენაზე. ნიჭიერი ბიჭია კახი - ჯერ ისწავლის ჩინურს, მერე - ფილოსოფიას და მერე წაიკითხავს.

ვანო მერაბიშვილს საჩუქრად მიუტანენ რადიოს - ვეღარავის უსმენს და რადიოს მაინც მოუსმინოს.

მიხეილ სააკაშვილს საჩუქრად მიუტანენ გაზის გამათბობელს - დენი აღარ აქვს და...

ეკა ბესელიას ყველა მისგან დავალებული ადამიანი მიუტანს თითო ბოთლ შამპანურს - ეს პატარა საჩუქარი არ გეგონოთ, 15-დან 20 000 ბოთლამდე დაუგროვდება.

ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად მიუტანენ 80-იანი წლების ანეკდოტების კრებულს, წაიკითხავს და ეცოდინება, რომელი ანეკდოტი არ უნდა მოყვეს.

დავით ბაქრაძეს საჩუქრად  მიუტანენ თარაზოს, კიდევ უფრო რომ გაწონასწორდეს.

პარლამენტარებს საჩუქრად დაურიგებენ პრეზერვატივებს წარწერით: "მეტი საქმე არა გაქვთ?"

ბაჩო ახალაიას საჩუქრად მიუტანენ მოსამართლის წერილს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ მას ერთი ბრალდება მოეხსნა. მართალია, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია მისთვის, მაგრამ მაინც კარგია.

აკაკი ბობოხიძეს აჩუქებენ დისკს, რომელზეც ჩაწერილი იქნება გახმაურებული ფილმის - "როკის" - ოთხივე სერია. ეს ფილმი მას ენერგიის აღსადგენად გამოადგება, თორემ არჩევნების მერე ძალიან მოდუნდა.

მარიამ საჯაიას მისი უნივერსიტეტის რექტორი ასე დაასაჩუქრებს: აპატიებს ყველა "არას" და ჩათვლებსაც დაუწერს.

გია ხუხაშვილს საჩუქრად მიართმევენ უჩინმაჩინის ქუდს, დაიხურავს და არ გამოჩნდება, ისე გააკეთებს საქმეებს, თანაც უკვე ორი უჩინმაჩინის ქუდი ექნება. ერთი ხომ უკვე აქვს.

გიგი უგულავას აჩუქებენ  რეზინის გასაბერ ქალს. ღილაკზე თითის დაჭერით ეს ქალი გაიხდის - ჩაიცვამს, გაიხდის - ჩაიცვამს... ამით გიგიც დაისვენებს და თბილისის ბიუჯეტიც.

თეა თუთბერიძეს საჩუქრად მიუყვანენ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ბაჩო ახალაია კეთილი კაცია.