ლავრენტის გამოსავალი - კვირის პალიტრა

ლავრენტის გამოსავალი

ქვემო ქართლის ერთ პატარა სოფელში გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ცხოვრობდა ერთი პატიოსანი კაცი, სახელად ლავრენტი, რომელიც კოლმეურნეობაში მეველედ მუშაობდა. ლავრენტის ცოლი კოლმეურნეობის ფერმის მოწინავე მწველავი იყო და ერთ მშვენიერ დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. იმავე სოფელში ცხოვრობდნენ კოჭლი ძმები - ბენო და გენო, რომლებიც თავიანთი ოხუნჯობით იყვნენ განთქმულნი. როცა ეს ამბავი გაიგეს, ბენო და გენო ლავრენტისთან მივიდნენ და სრულიად სერიოზულად უთხრეს:

- ახალი კანონი შემოიღეს, ოთხი წლის განმავლობაში, სანამ დეპუტატი ქალი თავის ვადას არ დაასრულებს, ქმარს არა აქვს უფლება, ახლოს გაეკაროს.

ლავრენტი შეფიქრიანდა, გავარკვევ მაგ საკითხს მე მთავრობაშიო და კოლმეურნეობის კანტორისკენ გასწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბენო და გენო ლავრენტის სოფლის ბირჟაზე შეხვდნენ:

- რა ქენი, ლავრენტი, გაარკვიე რამე მთავრობაში? - ჰკითხა ბენომ.

- როგორ არა, - უპასუხა ლავრენტიმ, - მართლები ყოფილხართ, ოღონდ ასე მითხრეს, სანამ შენი ცოლი დეპუტატია, ბენოს და გენოს დავავალებთ შენს მომსახურებასო.

შალვა გოგოჭური, მარნეული.