მე, რობოტი - კვირის პალიტრა

მე, რობოტი

გაგიკვირდებათ და, რობოტი ვარ. ვიღაც მონა რობოტი არ გეგონოთ, ღილაკს რომ ხელს დააჭერ და ისე მოძრაობს; ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, ერთი კია - არ ვიცი, ვინ შემქმნა, საიდან მოვედი, თუმცა ეგ დიდად არ მადარდებს.

ცოლიც მყავს და შვილებიც და ვცხოვრობ ჩვეულებრივად, ერთ უცნაურ თვისებას კი ვამჩნევ ჩემს თავს: ყველაფერს ვეგუები, მაგალითად, ცხელი წყალი თუ დამესხა, ისე მაქვს მიკროსქემა მოწყობილი, ვცივდები; თუ სიცივეა, პირიქით, ვცხელდები, ის კი არა და, 2003 წლიდან წითელი ფერის ხუთთითიან რკინის ხელს ყოველ ათ წუთში ზემოთ ვწევდი და "მიშა! მიშას!" ვიძახდი. არ ვიცი, ამას რატომ ვშვრებოდი, თუმცა ერთს ვხვდებოდი: სწორედ ამის გამო იყო, რომ კარგი ხელფასი მქონდა  და ყველა კარი ჩემთვის ღია იყო. ასე მოვედი 2012 წლის ოქტომბრამდე, 1-ელ ოქტომბერს კი უცნაური პროცესები დამეწყო. კარგად გათენებულიც კი არ იყო 1-ლი ოქტომბრის დილა, რომ ვიგრძენი, ფეხი გამილურჯდა; შუადღისას უკვე ტანიც ლურჯი მქონდა, საღამოს კი მთლიანად ლურჯი ვიყავი, თანაც ვგრძნობდი, რომ თავში მიკროსქემა უცნაურად ჟღრიალებდა. კარგა ხანს იჟღრიალა, ბოლოს კი, არ ვიცი, როგორ, ჩემთვის სრულიად ახალი ბგერები აღმომხდა პირიდან: "ბიძინა, ბიძინა!" - გავიძახოდი და ვერც ვხვდებოდი, ეს რატომ მემართებოდა. მეორე დღეს სრულიად ლურჯი ვიყავი და როგორც ადრე, ერთსა და იმავე სიტყვებს ხშირად ვიმეორებდი, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ "მიშას" მაგივრად ახლა "ბიძინა-ბიძინას" ვყვიროდი, ეტყობა, ჩემმა დამპროგრამებელმა იზრუნა თავის დროზე და ისეთი მიკროსქემა ჩამიდო, რომელიც ყველას და ყველაფერს ეგუებოდა, სამაგიეროდ, სიმართლის, პრინციპულობის და სხვა ასეთი თვისებების მიკროსქემა მთლიანად გააუქმა და სწორადაც მოიქცა. როგორც ადრე, ახლაც ჩემთვის ყველა კარი გაიღო, მობრძანდით, ბატონო ლურჯო რობოტოო, - სულ ასე მეუბნებოდნენ. გავთამამდი და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მოვინდომე მუშაობა. უარი არ უთქვამთ, გასაუბრებაზე დამიბარეს.

კარგა ხანს ვისაუბრეთ; საუბრისას გაირკვა, რომ ამ თანამდებობაზე აუცილებლად დამნიშნავდნენ. მადლობა გადავუხადე თანამოსაუბრე გამსაუბრებელს. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. ერთი წუთითო, - მთხოვა გამსაუბრებელმა და ყურმილს დასწვდა... და მოულოდნელად გალურჯდა, "ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინას" ძახილი დაიწყო, მერე მეც მთხოვა, ამყევიო. მეც ჩემს ხელზე ახლად ამოსული 41 თითი გავშალე და ავყევი. რობოტი ყოფილა ისიც ჩემსავით, ფერშეცვლილი, ყველაფრის შემგუებელი რობოტი.