პატარძლის სახელი - კვირის პალიტრა

პატარძლის სახელი

აჩიკო და უჩა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ორივე შესანიშნავად მღეროდა და ხშირადაც ქეიფობდნენ მეგობრებთან ერთად. ერთხელ აჩიკომ მთელი სამეგობრო რესტორანში შეკრიბა და სიხარულით აცნობა, რომ მისმა ბიჭმა, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობდა, ცოლი შეირთო. რა თქმა უნდა, კარგად მოილხინეს. უჩა თამადობდა. ცოტა ხანში მან დიდი ყანწი მოითხოვა და ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო წარმოთქვა:

- მოდი, ჩვენს პატარძალს გაუმარჯოს, რა ჰქვია, ჩემო აჩიკო? - მიმართა მამამთილს.

აუ, დამავიწყდაო, აჩიკომ. ამაზე, რა თქმა უნდა, ყველას გაეცინა, თუმცა უფრო დიდი მხიარულება წინ ელოდათ - რამდენიმე წუთის შემდეგ აჩიკომ წამოიძახა, გამახსენდა, რძალს ია ჰქვიაო. უჩა წამოვარდა და სერიოზულად უსაყვედურა: ბიჭო, კლეოპატრა ან ვერონიკა რომ რქმეოდა, შეიძლება დაგვიწყებოდა, ორი ასო რამ დაგავიწყაო. სუფრასთან ხარხარი ატყდა.

უ. მიქელთაძე