"მე არ ვიბარებ, თვითონ მოდიან!" - კვირის პალიტრა

"მე არ ვიბარებ, თვითონ მოდიან!"

ინტერვუი

იმდენი ხანია, ინტერვიუ არ ჩაგვიწერია, დიქტოფონს ხელი რომ მოვკიდეთ, შეიშმუშნა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და ახლა უკვე მათი იუმორის შემოწმება გვევალება, თანაც სიცილ-ხარხარში დასმული კითხვებით ბევრი საინტერესო და ახალი ამბის გაგება შეიძლება. ბევრი ვიფიქრეთ, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი პირველი რესპონდენტი. ბატონი ბიძინა კარგი იქნებოდა, მაგრამ ის ჯერჯერობით მიუწვდომელია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი კაცი შეგვერჩია, თავისი წონით და გავლენით პრემიერის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რომაა. გავიკითხ-გამოვიკითხეთ და ათი გამოკითხულიდან ათივემ ბატონი გია ხუხაშვილი დაგვისახელა. ჩვენც იმ გამოკითხულებივით ბევრი გაგვეგო მის "რუხ კარდინალობაზე", ამიტომ ბევრი აღარ გვიფიქრია - ბატონ გიას ჭავჭავაძის გამზირზე, გაპრიალებულ ოფისში მივაკითხეთ და რესპონდენტებს მონატრებულებმა პირველი შეკითხვა სწრაფად დავუსვით.

- ბატონო გია, როგორ გრძნობთ თავს? რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

- ჩემს ცხოვრებაში ის შეიცვალა, რომ დავიბრუნე თავისუფლება.

- ანუ იბრძოლეთ თავისუფლებისთვის?

- დიახ, მე იძულებით ჩავები პოლიტიკაში, იმისთვის, რომ მომეპოვებინა თავისუფლება. არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ გახდნენ ხელისუფლების ჭანჭიკები.

- ეჰ, გია ბატონო, მაგ ჭანჭიკობისთვის ბრძოლამ გადაიყოლა ეს ქვეყანა. მაინც როგორ გათავისუფლდით?

- მე ჯერ მთლად თავისუფალიც არ ვარ, თუმცა ვნახოთ...

- ანუ კიდევ არის შანსი, დაბრუნდეთ პოლიტიკაში?

- შანსი ყოველთვის ყველაფრის არის, მაგრამ ნამდვილად არ მინდა. თანამდებობაზე ყოფნის ამბიცია არ მაქვს.

- ისევ ხომ არ მოგიწევთ თავისუფლებისთვის ბრძოლა?

- რა ვიცი, შეიძლება მომიწიოს. გამორიცხული არაფერია...

- ბატონო გია, თქვენზე ამბობენ...

- ახალი მთავრობის "კასსირიაო", ხომ? იბარებს ბიზნესმენებს და ფულს აწერსო... კიდევ იცით რაიმე?

- არა... მაგრამ მაგას როგორ აკეთებთ? მოდის, მაგალითად, ჭყონია...

- უი, ჭყონია კარგი გამახსენეთ, ჯერ არ შევხვედრივარ...

- ჰოდა, ვთქვათ, დაიბარეთ ჭყონია, რა უნდა ქნას?

- მე არ ვიბარებ, თვითონ მოდიან... ისე, მართლა მაინტერესებს, ეს ლეგენდები საიდან მოდის.

- ადვილი მისახვედრია, თქვენ ხომ იმ ოფისში ზიხართ, სადაც ადრე კეზერაშვილი იჯდა.

- ჰოდა, მისი მემკვიდრე ვგონივარ ბიზნესმენებს. უნდა ნახოთ, რა დღეში არიან. ვერაფრით ვარწმუნებ, რომ მთავრობას მათგან წილი არ უნდა.

- ისე, ერთი ჩემოდნიანი კაცი კი დავინახეთ წეღან.

- ცარიელი ჩემოდანი იყო თუ სავსე?

- ეგ აღარ ვიცით... მაგრამ საინტერესოა, მაინცდამაინც თქვენთან რატომ დადიან?

- სხვებთანაც დადიან, მაგრამ ჩემთან, ალბათ, იმიტომ, რომ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი ვარ. თავიანთი სურვილით მოდიან და მიყვებიან, რა საშინელება ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

- მხოლოდ მაგის მოსაყოლად მოდიან?

- ზოგიერთს იმასაც ვამჩნევ, რომ ახალი "კრიშის" გაჩენა სურს. ჰგონიათ, არჩევნებმა მხოლოდ "კრიშები" შეცვალა. რომ ვეუბნები, თავისუფალი ბიზნესმენი ხარ, წადი, საქმე აკეთე, ჩვენ არაფერი გვინდა-მეთქი, ეჭვის თვალით მიყურებენ. ეგ კი არა, ერთ ბიზნესმენს შეხვედრაზე უარი ვუთხარი და გული კინაღამ გაუსკდა, იფიქრა, ალბათ, გათავებულია ჩემი საქმეო.

- ისე, მართლებიც არიან: ამ შენობაში ადრე რომ შემოდიოდნენ, ჩემოდანს დატოვებდნენ და მიდიოდნენ თავისუფლად, ახლა ჩემოდანს აღარ იტოვებთ, რა იფიქროს საწყალმა ბიზნესმენმა?

- ის იფიქროს, რომ თამაშის წესები შეიცვალა, გადავედით თავისუფალ და კონკურენტუნარიან ბიზნესზე.

- ეგ ტერმინი ცოტას ეცოდინება.

- ვინც იცის, ის დარჩება ბაზარზე, ვინც ძველებურად გააგრძელებს "კრიშების" ძიებას, ის, ალბათ, გაქრება. მე იმისთვისაც ვმუშაობ, რომ ახალ მთავრობაში ვინმეს ხელი არ წაუცდეს და არ "დაუმეგობრდეს" ბიზნესმენებს.

- ეგ საკმაოდ რთულია, გია ბატონო.

- ყანაში რომ საფრთხობელა დგას, ჩიტებისგან დასაცავად, ისეთი ფუნქცია მაქვს. ბიზნესმენები და მთავრობის წევრები უნდა დავაფრთხო.

- თქვენ ერთხელ განაცხადეთ, თანამდებობა იმიტომ არ მინდა, კედებით ვეღარ ვივლიო.

- ეს იმიტომ ვთქვი, რომ პოლიტიკისადმი ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე. გარეგნულად როგორიც ვარ, ისეთივე ვარ შინაგანად. თავისუფალი ადამიანი ვარ და ვიქნები ყოველთვის.

- ანუ სულ კედებით სიარულს აპირებთ...

- ახლა კიდეც რომ მინდოდეს სხვა რამის ჩაცმა, არ გამოვა, იტყვიან, კედებით მოვიდა და ნახეთ, ახლა როგორ დადისო...