"ამ ქვეყანაში ერთ დღეში შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს" - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყანაში ერთ დღეში შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს"

- გამოვა შალვა რამიშვილი ციხიდან და იმნაირ გადაცემას გააკეთებს, ისევ გააწითლებს და შეარცხვენს ამ მთავრობასო, - იძახდნენ მავანნი. გამოვიდა შალვა ციხიდან, გადაცემაც გააკეთა, მაგრამ ხელისუფლება კი არა, მხოლოდ შოუბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელი გააწითლა. ჩვენ შალვას ჯერ კიდევ მაშინ დავუკავშირდით, როცა ის მთელი თავისი არსით "სიმართლის დროის" წამყვანი იყო. ზოგს ათქმევინა, რომ სამსახურში უფროსზე ჭკვიანია, ზოგს ჩამოათვლევინა, ვისთან უნდოდა ინტიმური კავშირის დამყარება... შესაბამისად, გადაცემა რეიტინგული გახდა... და უეცრად შალვა წავიდა. არც ის და არც სხვანი მიზეზს არ აკონკრეტებენ, სამაგიეროდ, ისევ დაიწყეს ლაპარაკი, ალბათ ახლა გააკეთებს ისეთ გადაცემას, რომ...

- შალვა, როგორ მოხვდი "სიმართლის დროში?"

- სრულიად მოულოდნელად. დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გადაცემის წამყვანობა.

- ციხეში შეიძლება დაკავშირება?

- არა, არა, ციხეში არ დამკავშირებიან. რომ გამოვედი, 3 კვირის მერე დაიწყო მოლაპარაკება. მართლა არ მინდოდა, ასე უცებ ჩავბმულიყავი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ ეს გადაცემა იმდენად ჩემი იყო, რომ უარი ვერ ვუთხარი.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, გამოსვლისთანავე ასე უცებ თუ მომიწევდა შეკითხვების დასმა.

- ისე, იქ არ ფიქრობდი ახალ პროექტებზე?

- რას ამბობთ, ხალხო? ციხეში რა პროექტზე შეიძლება ფიქრი? იქ ფიქრობ მხოლოდ ერთ პროექტზე -  "როგორ გადაირჩინო თავი".

- შავი სამყარო როგორ გრძნობს იქ თავს?

- ეგ რომ ვთქვა, ბევრს მოუწევს უფრო მკაცრ პირობებში გადასვლა, ამიტომ ჯობია გავჩუმდე ან თუ მაინცდამაინც უნდა ვთქვა, ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა.

- ანუ უცხოელ ადამიანის უფლებათა დამცველების გასაგონად რომ ვთქვათ, ციხეში ნორმალური პირობებია.

- ციხეში ნორმალური პირობები როგორ შეიძლება იყოს? დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან გადატვირთულია... რაღაცები კი შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ არის უამრავი პრობლემა.

- გამოდის, ევროპულ სტანდარტებამდე ჯერ შორს ვართ.

- რა თქმა უნდა. ევროპას ციხეებს ვერც მივუახლოვდით.

- "სიმართლის დროს" დავუბრუნდეთ. პოლიტიკოსებს რატომ არ იწვევთ თქვენს გადაცემაში?

- ფორმატით არ არის გათვალისწინებული.

- ჩვენ სხვა ეჭვი გვაქვს.

- ბრძანეთ.

- პოლიტიკოსები რომ მოიწვიოთ და სიცრუის დეტექტორზე შეაერთოთ, გადაცემა მალე დამთავრდება.

- ეგ არ არის პრობლემა, ბევრს მოვიწვევთ. პრობლემა სხვა რამეშია. ერთ გადაცემაში ხელისუფლება რომ მოვიწვიოთ, მეორეში ოპოზიცია უნდა იყოს. ეს დეტექტორიან ტოქშოუს დაემსგავსება.

- ისე, ძაან მაგარი იქნება. წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსს რომ ჰკითხოთ: "მოგიტყუებიათ თუ არა ხალხი"?

- უფრო მაგარს გეტყვით. ასეთი კითხვა რომ იქნება: "გიყვართ თუ არა სამშობლო?", რა თქმა უნდა იტყვის - კიო, ამ დროს დეტექტორი ამბობს, - ეს პასუხი არის სიცრუე! ხომ დამთავრდება იმ პოლიტიკოსის კარიერა იქვე?

- მართალი ბრძანდებით, დამთავრდება და ასე რომ გაგრძელდეს, ერთი წლის შემდეგ პოლიტიკოსი აღარ გვეყოლება. ეს დაღუპვაა, შალვა ბატონო! კარგს შვრებით, რომ არ იწვევთ პოლიტიკოსებს.

- არ ვიწვევთ და კიდეც რომ მოვიწვიოთ, დარწმუნებული ვარ, არ მოვლენ.

- ახლა ასეთ შეკითხვას დაგისვამთ: ხალხი ამბობს, რაც ციხიდან გამოვიდა, შალვა ის შალვა აღარ არისო...

- ცხადია, ის შალვა აღარ ვარ. ბალანდას აღარ ვჭამ და ცოტა გავსუქდი... სხვას რას გულისხმობენ?

- პოლიტიკაში წავა და მინიმუმ ოპოზიციის ლიდერი იქნებაო...

- კარგი რა... ჩიხში მიმავალ გზას ჭკუათამყოფელი კაცი არ დაადგება.

- ნორმალური ოპოზიცი რომ დაგხვედროდათ, არც მაშინ წახვიდოდით ოპოზიციაში?

- ეგ მაგონებს ერთ ძველ ანეკდოტს: "ბებიაჩემს რომ რაღაცა ჰქონოდა, ბაბუაჩემი იქნებოდაო". ანუ, კარგი ოპოზიცია რომ დამხვედროდა, ცა რომ გახსნილიყო და მფრინავი თეფში ჩამოსულიყო და ვარსკვლავეთში წავეყვანე, შეიძლება წავსულიყავი, მაგრამ...

- ესე იგი, კარგი ოპოზიცია მაგ დონის ფანტაზიაა?

- დაახლოებით.

- ბატონო შალვა, გვახსოვს თქვენი პოლიტიკური გადაცემები 202-ზე. თქვენ რომ მაშინ აკრიტიკებდით ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებიდან უმრავლესობა დღეს ოპოზიციაა, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან ალიანსშია...

- ხალხს ყველაფერი ახსოვს. ახსოვს, რომ ზოგიერთები იყვნენ იქ, უეცრად აღმოჩნდნენ აქ და იმიტომ, რომ იყვნენ იქ, აქ მყოფებს აღარ აქვთ მაღალი რეიტინგი.

- კიდევ ერთ უხერხულ შეკითხვას დაგისვამთ. ამბობენ, შალვა რამიშვილი ხელისუფლებამ "დაკერაო", მართალია?

- რომ დავიწყო მტკიცება, არავის დავუკერივარო, გამოვა, თავს ვიმართლებ. ასე რომ, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

- სხვა ტელევიზიებშიც ხომ არ გეგმავთ რამე პროექტს? მაგალითად "მაესტროში".

- "მაესტრო" ჯერ თვითონ დალაგდეს. ამჟამად "იმედში" ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

p.s. "ინტერვუის" ჩაწერიდან რამდენიმე დღეში შევიტყვეთ, რომ შალვა რამიშვილი "იმედიდან" წამოვიდა და აღარც "სიმართლის დროს" წაიყვანს. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა იყო მიზეზი უცაბედი ცვლილებისა და დავუკავშირდით ბატონ შალვას.

- რა მოხდა, შალვა?

- ხომ გამოვაცხადე, რაც მოხდა?

- ჩვენთან ინტერვიუს დროს არ იცოდით ეს?

- არა!

- რა ვქნათ ახლა ჩვენ, რა დავწეროთ?

- დაწერეთ, რომ ამ ქვეყანაში ერთ დღეში შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს.