პოლიტიკური ქეიფი
04-02-2013
პოლიტიკური ქეიფი
მართალია, არჩევნებმა ასე თუ ისე მშვიდობიანად ჩაიარა, ახალი მთავრობაც მშვიდობიანად დაკომპლექტდა, მაგრამ ქვეყანაში მაინც იგრძნობა პოლიტიკური დაძაბულობა. ძველი ხელისუფლება, ახლა ოპოზიცია, აქტიურად ამოქმედდა, ახალი მთავრობა, ანუ ძველი ოპოზიცია ისევ აგრძელებს დაჭერას და დაკითხვას. თითქმის ყოველდღე ვისმენთ ტელევიზიით დაპირისპირებულ მხარეთა დებატებს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ უკვე მოგვბეზრდა. ასეთ დროს მართლაც რომ შვებაა სოფელში წასვლა და დასვენება. მართალია, პოლიტიკა იქაც "ცვეტშია", მაგრამ ნამდვილად არ მოგბეზრდება.
ასე იყო ამას წინათაც. ჩავედი სოფელში (
იმერეთში). თანაც იმ დროს, როცა ყველა ჩემი მეზობელი ნოდარას ეხმარებოდა შეშის ჭრაში. ოჯახი მოვინახულე, ცოტა დავისვენე და ნოდარასთან გადავედი, თუმცა საქმე დაემთავრებინათ და კარი რომ შევაღე, უკვე სუფრასთან დამხვდნენ ნოდარა, გივი, მახო და გოგია.

- აჰა, გვესტუმრა ქალაქელი, - მომესალმა გივი.
- რას ერჩი, საქმე რომ დამთავრდა,
მერე მოვიდა გაწყობილ სუფრაზე, ახალი მემარჯვენეებივით, - გაიცინა გოგიამ და მივხვდი, რომ პოლიტიკაზე საუბარი უკვე დაწყებული ჰქონდათ.
თამადამ (ნოდარამ) ცოლს თეფშის და ჭიქის მოტანა უბრძანა და თავის გვერდით, ცარიელ ადგილზე მიმითითა, დაჯექიო. დავჯექი და ჩავსაფრდი ახალ-ახალი პოლიტიკური ნაკვესების მოსასმენად. ვიცოდი, რომ მხოლოდ გოგია იყო ძველი ხელისუფლების მომხრე, გივი და ნოდარა ივანიშვილის თავგადაკლული მომხრეები იყვნენ, ხოლო მახოს ერთიც და მეორეც ფეხებზე ეკიდა, მისთვის მთავარი სუფრასთან ყოფნა და ღვინის სმა გახლდათ. მოკლედ, თამადამ ახალი სადღეგრძელო თქვა, ყველამ ერთხმად შევსვით და ჩემთვის საინტერესო კამათიც გაგრძელდა.
- აგერ, ბატონო, რაც არის თქვენი "ქართული ოცნება", ქე შევხედეთ ჩვენს რაიონში, - დაიწყო გოგიამ, - იმ დღეს გამგეობაში ვიყავი და "ნაციონალებთან" არ უჩხუბიათ ისე "ოცნების" წევრებს, ერთმანეთთან რომ ჩხუბობდნენ.
- ეგაა სწორედ დემოკრატიული პროცესიო, ხო მოუსმინე ტელევიზორს? - ვთქვი მე.
- აბა, კითხე ბუჭუტია მესაათეს, თუა დემოკრატიული პროცესი ნიკოლოზას მუშტი. რო გოუქანა და სთხლიშა პოლიციის წინ, რა გინდა აქციაზეო, საწყალს გაკეთება კი არა, საათის ცნობა დაავიწყდა.
- ნიკოლოზა ვინაა? - ვიკითხე.

- ვინაა და ჩვენი გამგებლობის კანდიდატია, დალი კოორდინატორს, ვასო "მე-9 არხის" კორესპონდენტს და ჯიმშერა რომაა, ჯაჭვლიანის ნაცნობი, მაგათ უნდათ გამგებლად გაიყვანონ, აპა! - თქვა ნიშნის მოგებით "ნაციონალების" მხარდამჭერმა.
- არ გრცხვენია, გოგია? - მიუბრუნდა გივი, - ეგენი ერთმანეთს ურტყამენ და შენი მიშას მთავრობა ჩვენ გვირტყამდა.
- გოგია ბატონო, კეზერაშვილზე რას იტყვი, მართლა მაინტერესებს, ხომ გაიგე, რამდენი მილიონი უშოვია? - მიმართა მიშისტს გივიმ.
- დედმამიშვილების სადღეგრძელო მინდა შევსვა, - სიტყვა ბანზე აუგდო გოგიამ და გაეცინა.
- ვერ ამბობ ხო ვერაფერს ჩოჩელზე და მის წილებზე? - არ მოეშვა გივი.
- წინაპრების დიდება იყოს! - შეავსო მეორე ჭიქა და ისევ გაიღიმა.
- ვერც მაგაზე ამბობ რამეს, ხო? კარგი, მაშინ უგულავაზე და მის მაქინაციებზე მაინც გამოთქვი აზრი, - არ ჩერდებოდა "ოცნებისტი".

- რას გეტყვი, გივია, იცი? - გაბრაზება დაეტყო გოგიას, ღვინიან ჭიქას ხელი დაავლო და განაგრძო, - ეს შაქარი რო არ მენანებოდეს, ამ წყალს რო დაგასხამ თავზე, მერე მომეშვები!
- თუ შაქარი და წყალია ჩემი ღვინო, რას დადიხარ ყოველ მეორე დღეს? - ამჯერად ოჯახის უფროსი გაბრაზდა.
- ისე, რავა ვთქვა, მარა, ევროსაბჭოში მიშამ მართლა სისულელე თქვა, გოგია ჩემო, - ჩაიცინა მახომ, - ლავროვს უთხრა, გეიკეთე სათვალე და დახედე საქართველოს რუკასო. დაგვღუპა კინაღამ.
- რატო, კაცო? - გაუკვირდა გოგიას.
- რატო და, მართლა რო გეიკეთოს სათვალე, ეს ჩვენი რუკა კიდე უფრო დიდად რო გამოჩნდეს, ესენი რამხელა ყოფილანო, იტყვის და კიდე ჩამოგვაჭრის მიწებს, - გაგვიზიარა მახომ თავისი შიში.
ამაზე ნაციონალების მხარდამჭერსაც გულიანად გაეცინა. ამის შემდეგ თამადამ აკრძალა პოლიტიკაზე ლაპარაკი და სადღეგრძელოებიც გაგრძელდა, თუმცა შიგადაშიგ ორივე მხარე იკბინებოდა.
ნოდარამ ცოლს უთხრა, ხინკალი შეაცხელეო. ნაზიკომ ელექტროღუმელი ჩართო, რაზეც გოგიამ წამოიძახა:

- ჩართე ხო, ჩართე, რა გენაღვლება, დენი კი გაგიიაფეს 3 თეთრით.
მერე მახომ სიგარეტი მოსთხოვა გოგიას, იმან - აღარ მაქვსო, რაზეც გივია შემოსწყრა მახოს:
- სადა აქ სიგარეტი, აგიტატორობის ფულს ვეღარ იღებს ოქტომბრის მერე, საწყალი!
ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა, იმღერეს კიდეც, ჭიშკართანაც გადაეხვივნენ ერთმანეთს და დამშვიდობებისას გოგიამ ხმამაღლა დაიძახა, ხვალ ჩემთან ვჭრით, ბიჭებო, ხო იცით, "დრუჟბა", "ვიჩინა" და "ალადასტური" მზად მაქვსო!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები