გაბრაზებული "კარმანშჩიკი" - კვირის პალიტრა

გაბრაზებული "კარმანშჩიკი"

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში არცთუ ისე სახარბიელო იყო. მეტროსა თუ ავტობუსებში უამრავი ეგრეთ წოდებული "კარმანშჩიკი" დაძრწოდა და ხალხს უკანასკნელ კაპიკებს აცლიდა ჯიბიდან, თანაც ისე იყვნენ დაოსტატებული, იშვიათად თუ გაიგებდა ვინმე. ერთხელ ასეთ ამბავს წავაწყდი: ერთ-ერთ გაჩერებასთან ხალხი შეჯგუფებულიყო, 50-ოდე წლის მამაკაცი ხალხის შუაგულში იდგა და პოლიციელს შესჩიოდა, ვიღაცამ ჯიბიდან 200 ლარი ამომაცალა, არადა, წამლები უნდა მეყიდაო. დედა მყავს ავადმყოფი და დღეს თუ წამლები არ მივუტანე, ცუდად წაუვა საქმეო. იქვე მდგომმა ქალებმა წყევლა დაიწყეს,  კაცებმა - გინება.

- ეჰ, ხალხო, წყევლა და გინება რას დააკლებს ქურდს და უბედურს? - ამოიოხრა დაზარალებულმა.

- უი, არ ეღირსოს არაფერი, ვინც ეგ ფული მოგპარა, სიკვდილი და არგადარჩენა მის ოჯახს! - გაკაპასდა ერთი ქალბატონი. სიტყვა დაამთავრა თუ არა, მოულოდნელად ხალხს ახალგაზრდა მამაკაცი გამოეყო, დაზარალებულს მიუახლოვდა და - რატომ არ გრცხვენია, შე უნამუსო, შენისთანა აფერისტი კაცი ჯერ არ შემხვედრიაო, მიახალა. გაოცებული ხალხი დადუმდა, ხმა ვერავინ ამოიღო, მხოლოდ პოლიციელმა იკითხა, რას ერჩი, მოქალაქევ, ამ კაცსო. რას ჰქვია, რას ვერჩი, ტყუილად აწყევლინებს ამ ქალებს ჩემს თავს, რა 200 ლარი, ორლარიანის მეტი არ ჰქონდა ჯიბეშიო, თქვა გაბრაზებულმა ისე, არც კი უფიქრია, რა მოელოდა.

საბოლოოდ პოლიციამ ქურდი განყოფილებაში წაიყვანა, დაზარალებული კი დარცხვენილი გაუდგა გზას.

ზვიად ცაგარეიშვილი. თბილისი