პოლიტიკოსების მემუარები - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსების მემუარები

40 წლის შემდეგ

საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე როგორც კი მიხვდა, რომ მისი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდა, მემუარების წერა დაიწყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პოლიტიკაზე კარგად გამოუვიდა. ახლანდელი ერთი პარტიის მდგომარეობას რომ ვხედავ, მე მგონი, დროა, უკვე ისინიც ედუარდ შევარდნაძის გზას დაადგნენ და მემუარებით მაინც გაგვახარონ. თავის დროზე "ოცნებასაც" მოუწევს ამ საქმის კეთება, თუმცა ჯერ ადრეა. საინტერესო იქნება, რას დაწერენ ახლანდელი პოლიტიკოსები თავიანთ მოგონებებში? ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რა იქნება მათი მემუარების საკვანძო მომენტები, ამიტომ გთავაზობთ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების აწ დასაწერი მემუარების ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს.

ბიძინა ივანიშვილი: "ჩემს მეექვსე პრემიერობას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან 15 ათასი დოლარი დამრჩა, ამიტომ თანამდებობა დავტოვე და ეს ფული ბიზნესში ჩავდე. ყველაფერი თავიდან დავიწყე..."

მიხეილ სააკაშვილი: "15 ათასი ჰქონდა დარჩენილი, მაინც ვერ გავიმარჯვე არჩევნებში."

შალვა ნათელაშვილი: "მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილი-ხმალაძე-ალასანია-გეგეშიძე-დავით XV ბაგრატიონის კლანს."

კობა დავითაშვილი: "40 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს მე და სერგო. ამჯერად - "კათარზისში". პროთეზი მესროლა და გაიქცა, მე გამოვეკიდე და დავეწიე..."

ჩიორა თაქთაქიშვილი: "რომელი წელი იყო, არ მახსოვს, სამზარეულოში ვიყავი, როცა მიშამ დამირეკა, სასწრაფოდ ლოგინში ჩაწექიო. რა თქმა უნდა, დავემორჩილე. ცოტა ხანში ვიღაც უცხოელი შემოვიდა, "მარნეული 2"-ის თუ "ახალციხე 4"-ის ჟურნალისტთან ერთად. ყველაფერს მივხვდი. გენიოსი პრეზიდენტი გვყავდა."

ეკა ბესელია: "ჩემი პრინციპებისთვის არასოდეს მიღალატია. სამიოდე პატიმარი რჩება ციხეში.  ისე არ მოვკვდები, მათთვის ამნისტიის კანონი რომ არ დავწერო."

ვანო მერაბიშვილი: "ჩემი ცხოვრება საინტერესო იყო - მინისტრობა და დაკითხვაზე სიარული."

გიგი უგულავა: "აქ ძალიან ნელა გადის დრო."

კახა კალაძე: "ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში იყო 24 მარტი. დღე, როცა გამოვიდა ჩემი წიგნი "ქარის ენერგიის როლი დენის გაიაფების საკითხში".

აკაკი მინაშვილი: "მახსენდება ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა ჩვენსა და უმრავლესობას შორის. ეს იყო 2038 წელს, როცა პარლამენტის ადგილსამყოფელის განხილვა მიმდინარეობდა. ოპონენტები ასპინძიდან ხონში გადატანის მომხრენი იყვნენ, ჩვენ ვანში გვინდოდა. მაშინ კიდევ ერთხელ შედგა კოჰაბიტაცია და ვანსა და ხონს შორის მდებარე ქალაქ სამტრედიაზე შევაჩერეთ არჩევანი."

გია ხუხაშვილი: "ჩემი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა მახსოვს? ერთხელ, ვხედავ, ერთ ბიზნესმენთან "ნაციონალი" მისულა და წილს ართმევს. ბიზნესმენი ემუდარება, ბანკის ვალი მაქვს და ნუ დამღუპავო, მაგრამ არაფერი შველის... მერე ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, მოვიდა ის ბიზნესმენი ჩემთან და მეკითხება, რამდენი გინდათ წილიო, არაფერი-მეთქი, ვუთხარი. იმ ბიზნესმენის დაუჯერებლობით და სიხარულით სავსე თვალები მახსოვს."

მარიამ საჯაია: "არასოდეს დამავიწყდება, როცა პირველი სიყვარული და დეპუტატობა ერთად მეწვია."

გიგი წერეთელი: "რომის სენატში იყო ერთი სენატორი, მარკუს კოკციუს ნერვა. მე, ხათუნამ და მიხეილმა მას მთელი ორი წლით ვაჯობეთ და გინესის რეკორდებში შევედით. დიდი მადლობა ყველა იმ პარტიას, რომელთა სიით ჩვენ დეპუტატები ვხდებოდით. ეს მათი გამარჯვებაც იყო."