საპასუხო წერილი ქალბატონ ჰილარი როდემ კლინტონს - კვირის პალიტრა

საპასუხო წერილი ქალბატონ ჰილარი როდემ კლინტონს

კარგად მოგეხსენებათ, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ქალბატონი ჰილარი კლინტონი გადადგა (არის ასეთი ქვეყნები, ვადა რომ ეწურებათ, პოლიტიკოსები გადადგებიან ხოლმე), კოლეგებს თბილად გამოემშვიდობა და წერილები მისწერა. არც საქართველო დავიწყებია და ძალიან თბილი წერილი გამოუგზავნა ჩვენს პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, თუმცა მანამდე კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებდა და ოპოზიციასა და პოზიციას ქვეყნის ერთობლივად მართვას სთხოვდა. ასეთი ყურადღების გამო ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის სახელით ქალბატონ ჰილარის წერილს წერილითვე ვუპასუხოთ და კარგად ავუხსნათ, როგორია ქართველი ხალხი და როგორ გვესმის კოჰაბიტაცია.

"მოგესალმებით, ქალბატონო ჰილარი! ძალიან დაგვწყდა გული, რომ გადადექით, როგორც ბრძანეთ, თქვენი ნებით. კარგი, რა, ქალბატონო ჰილარი, ქართველებს ვერ მოგვატყუებთ. კარგად ვხვდებით - ან პროკურატურის ზეწოლას ვერ გაუძელით, ან პრეზიდენტმა რაიმე ბლაგვი საგანი გესროლათ და გაბრაზდით, თორემ მაგხელა თანამდებობიდან თავისი ნებით არ მიდიან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასე არასოდეს მომხდარა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ისე კი, ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც თქვენ და ბატონმა ბარაქმა ჩვენთვის გააკეთეთ. 20 წლის მანძილზე ამერიკის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მიაღწია იმას, რასაც თქვენ მიაღწიეთ. ახლა ზოგიერთი რესპუბლიკელი დაიწყებს, ჩვენ ერაყის პრობლემა გადავჭერითო, კოსოვოს კონფლიქტი მოვაგვარეთო, ავღანეთში ჯარები შევიყვანეთო, ცივი ომი დავასრულეთო...

ეგ რა მოსატანია იმასთან, რაც თქვენ შეძელით. ხუმრობა ხომ არაა - საქართველოში პირველად ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა! თუმცა ერთი საყვედურიც უნდა გაკადროთ: ეს კოჰაბიტაცია რომ ბრძანეთ, თავიდან ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა და იმიტომაც დაგეთანხმათ ორივე მხარე. მერე რომ გაირკვა, თანამშრომლობა ყოფილა, ძალიან გაგვიკვირდა. რა გინდათ, მთლიანად გადავჯიშდეთ ქართველები და ყველა პოლიტიკური პრობლემა მშვიდობიანი გზით გადავჭრათ? ერთმანეთი არ დავჭამოთ თანამდებობებისთვის და მიტინგები აღარ დავარბიოთ? სისხლისმსმელები არ ვეძახოთ ერთმანეთს და რუსთაველი აღარ გადავკეტოთ? ბოდიშს გიხდით, ქალბატონო ჰილარი, ჩვენ არაბებმა ვერ გადაგვაჯიშეს და ვერც ეგ თქვენი კოჰაბიტაცია დაგვაკლებს რამეს. ახლა ორიოდე სიტყვით გეტყვით, რა ხდება ჩვენთან და თავადვე მიხვდებით თქვენს შეცდომას.  დავიწყოთ იმით, რომ წინა ხელისუფლება მაშინდელ ოპოზიციას და დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთის აგენტებს ეძახდა. მოვიდა ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში და აღმოჩნდა, რომ "ნაციონალების" მთავრობის ბევრი წევრი ყოფილა თანამდებობის ბოროტად გამომყენებელი. ახლა აგვიხსენით, როგორ შეიძლება რუსეთის აგენტებმა და თანამდებობების ბოროტად გამომყენებლებმა იკოჰაბიტაციონ?

ანდა, გამგებელი რომ "ნაციონალია", დეპუტატი "ოცნებელი", აქეთ პრეზიდენტი "ნაციონალი" და მინისტრი კიდევ - "ოცნებელი", როგორ გინდათ, ამ ოთხმა შტომ ერთად მართოს ქვეყანა? ეჰ, ქალბატონო ჰილარი როდემ, რამდენჯერ ბრძანდებოდით საქართველოში და ნუთუ კარგად ვერ გაგვიცანით? აქ თამადა ვერ იტანს თავის მოადგილეს და ღვინოში უნდა ჩაახრჩოს და "ნაცების" გამგებელი და "ოცნების" მაჟორიტარი აიტანენ ერთმანეთს? ჩვენ განსხვავებული ხალხი ვართ, ყველასგან განსხვავებული და რამდენიმე მაგალითსაც მოვიხმობთ ამის დასტურად: აბა, დაასახელეთ მსოფლიოში პოლიტიკოსი, რომელიც თავის ქვეყანაში არჩევნებს წააგებს და სხვა ქვეყანაში აპირებს რევოლუციის მოწყობას. ჩვენ გვყავს ასეთი პოლიტიკოსი - გივი თარგამაძე. ამერიკას რომ ტრილიონობით დოლარი დაუჯდა რუსეთის დაშლა, ჩვენი გივი მაგ საქმეს 30 ათას დოლარად აკეთებდა.

ან კიდევ, რომელ ქვეყანაში გინახავთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი პოპულარული მომღერალი იყოს? ჩვენთან იყო. ამიტომაც გეუბნებით, რომ ჩვენ ძალიან განვსხვავდებით თქვენგან. მაგალითად, ხომ წარმოუდგენელია, კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს, არნოლდ შვარცენეგერს ავსტრიიდან ყველა შვარცენეგერი  ჩაეყვანა და კალიფორნიის მთავრობაში თანამდებობებზე დაენიშნა? ჩვენთან კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება, იმიტომ, რომ ვიცით ნათესავ-მეგობრობა. უფრო მეტს გეტყვით: თქვენ, ალბათ, გაგიგიათ ისეთი პარტია, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და დაპირებას ასრულებს, ან ისეთი პარტია, რომელიც დაპირებას ვერ ასრულებს, მაგრამ სადმე გაგიგიათ პარტია, რომელიც დაპირებას კვირაში სამი დღე ასრულებს და ოთხი დღე - ვერა? ჩამობრძანდით, დააკვირდით აქაურ ბენზინის ფასებს და მიხვდებით, რას ვგულისხმობთ.

სხვა ყველაფერი კარგადაა, ახლა, მგონი, უგულავას იჭერენ და ძალიან გთხოვთ, არ დაიწყონ მანდ შეშფოთება და აღშფოთება. უგულავას დაიჭერენ, ახალაიას გამოუშვებენ, მერე უგულავას გამოუშვებენ, მერაბიშვილს დაიჭერენ, მერე მერაბიშვილს გამოუშვებენ, სააკაშვილს დაიჭერენ, ამასობაში კი გავა ოთხი წელი და ხალხის დასაქმებაზე უკვე ახალი მთავრობა იზრუნებს.

ერთი პატარა პრობლემა გვაქვს და გეტყვით ბარემ. პარლამენტი აპირებს რეგლამენტში ცვლილებების შეტანას, რაც დეპუტატებისთვის ეროვნული სამოსის ჩაცმას სავალდებულოს ხდის. ეს კი მოგვწონს, მაგრამ ძალიან საშიშია, ქალბატონო ჰილარი: ჩვენს ეროვნულ სამოსში ხანჯალიც შედის, ამიტომ ძალიან გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი გავლენა და ხანჯალი ამოაღებინოთ სამოსიდან, ის ყაწიმები კი ურტყან ერთმანეთს, რამდენიც უნდათ. დასასრულ, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: გული გვიგრძნობს, შემოდგომამდე რაღაც ცუდი მოხდება ჩვენს თავს, ამიტომ იქნებ გამონახოთ დრო, ჩამობრძანდეთ რომის ყოფილ პაპთან ერთად და ჩვენს პრეზიდენტს დაელაპარაკოთ, რომ გადადგომა ძნელი სულაც არ არის.