მასე ვერ გააგონებ
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა გურიაში.
ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეგობართან ვიყავი სტუმრად. მთელი ღამის ნაქეიფარმა, დილაადრიან თავი ძლივს ავწიე, იქვე მდგარ კომპოტით სავსე ჭიქას დავეწაფე, ცოტა მოვსულიერდი და ეზოში გავედი, იქ კი ასეთ ამბავს შევესწარი:
მეზობელი სახლის ჭიშკართან ვიღაც კაცი იდგა.
- ნოდარა! - დაიძახა მორიდებით.
- მასე ვერ გააგონებ, ძამა... - გამოეპასუხა ჩემი მეგობრის ბაბუა უცნობს.
- ნოდარა! - მოუმატა ხმას სტუმარმა.
- მასე ვერ გააგონებ, - გაუმეორა შენიშვნა ბაბუამ.
- ნოდარაააა!!!! - იყვირა მოსულმა.
- მასე ვერ გააგონებ, ძამა, მაგი ბათუმშია წასული, - იყო ზუსტი პასუხი.
გიორგი იმნაძე, ოზურგეთი