თვითონ ვერ მიდის - კვირის პალიტრა

თვითონ ვერ მიდის

ჩვენს სოფელში ცხოვრობს 70 წელს გადაცილებული, მეტად მხიარული და ენაკვიმატი კაცი, სახელად შალვა. ერთხელ შალვას ცოლისდა, 80 წლის თამარა გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, დაკრძალვაზე მეზობლებიც წავედით. ყველაფერი იმერული წესით ჩატარდა. მოახლოვდა მიცვალებულის გამოსვენების დროც. შალვა და მისი ცოლი, ნათელა, ეზოში გვერდიგვერდ დადგნენ. მეც მათ გვერდით მოვხვდი. გამოასვენეს თუ არა საწყალი თამარა, მანამდე ჩუმად მყოფმა შალვას ცოლმა მოულოდნელად მორთო კივილი:

- წამიყვანე, დაოოოო! მეც წამიყვანე, დაოოო!!!

აღარ გაჩერდა. შალვას გაბრაზება დაეტყო, მიუბრუნდა ცოლს და ჩასჩურჩულა: - გაჩუმდი, ქალო, ვერ ხედავ, თვითონ ვერ მიდის, ოთხ კაცს მიჰყავს და შენ რაფერ წაგიყვანს?!!!

ვინც ახლოს ვიდექით, პირზე ხელაფარებულები სასწრაფოდ გავცვივდით ეზოდან.

გ. ბაღდავაძე. ქუთაისი