რა დამავიწყებს "პალიტრას", ხალხო?! - კვირის პალიტრა

რა დამავიწყებს "პალიტრას", ხალხო?!

კომუნისტების დრო რომ იყოს, ამ ინტერვიუს ასეთ სათაურს დავარქმევდი - "დიდი გაზეთიდან დიდ პროკურატურამდე", მაგრამ ახლა სხვა დროა და ამ ინტერვიუსაც სხვა სათაური აქვს. ვინც ვერ მიხვდა, იმათ გასაგონად: გაზეთის ამ ნომერში ჩვენი "ინტერვუის" სტუმარია ყოფილი "კვირისპალიტრელი" (თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ყოფილი "პალიტრელიც" არ არსებობს), ულამაზესი ქალბატონი (დაკითხული "ნაციონალები" დამეთანხმებიან), მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.

- გამარჯობა, ხათუნა, "კვირის პალიტრიდან" ვართ, ხომ გახსოვს "პალიტრა"?

- კი, ბუნდოვნად... რა დამავიწყებს "პალიტრას", ხალხო?! ამას წინათ დამესიზმრეთ, თითქოს თათბირზე ვიყავი და რედაქტორი რაღაც დავალებას მაძლევდა...

- ამ დროს გაგეღვიძა და კბილაშვილთან იყავი თათბირზე, არა?

- კბილაშვილის თათბირზე რა დამაძინებს, იქ ისეთი ამბები ტრიალებს...

- აბა, მოგვიყევი, რა ამბებია...

- მაგარი ჟურნალისტი მეგონა ჩემი თავი. მეგონა ყველა ინფორმაცია მქონდა და რაც პროკურატურაში მივედი, მივხვდი, რომ არაფერი მცოდნია.

- იმიტომაც ხარ "კურიერში" დიანა ჯოჯუაზე ხშირად?

- რა ვქნა, აბა? იმდენი განცხადებაა შემოსული...

- ყველა განცხადება უნდა წაიკითხოთ?

- რა თქმა უნდა...

- საწყალი პროკურორები... ძირითადად რა საკითხებს ეხება საჩივრები?

- ბიზნესს. მე ვფიქრობ, ეს მასალები უნდა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ...

- როგორ უნდა გამოვიყენოთ?

- ტურისტები მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან  და ვაჩვენოთ, როგორ კეთდებოდა ბიზნესი სააკაშვილის დროს. მერწმუნეთ, ისეთი უნიკალური შემთხვევებია, ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა. აბა, წარმოიდგინეთ, მიგყავს ტურისტი ახალციხეში, აჩვენებ ნახევრად დანგრეული კულტურის სახლის შენობას და ეუბნები, რომ ამაში ქართველმა ბიზნესმენმა 5 მილიონი დოლარი გადაიხადა...

- მშვენიერი იდეაა, მაგრამ არ გირჩევთ, მერე გამოვა მიშა და იტყვის, მე რომ არ ამეხია ის მილიონები ბიზნესმენებისთვის, ტურისტები აღარ ჩამოვიდოდნენო.

- ეგეც მართალია. ისე კი, ამ კონკრეტულ საქმეში ყველაზე სასაცილო იცით, რა იყო? აუქციონი გაიმართა და გამოცხადდა: იყიდება კულტურის სახლის შენობა, საწყისი ფასი 11 ათასი ლარი! 11 ათასი ერთი... 5 მილიონი ორი! - დაიძახეს და გაიყიდა.

- და ეგ ბიზნესმენები მანამდე რატომ არ იღებდნენ ხმას?

-  ვინც ამოიღო ხმა, იმათ ცოტა ხნის წინ ამნისტია შეეხო.

- ახალი ანეკდოტი იცი? "ნაციონალს" ურეკავს ცოლი, რამდენ ხანში მოხვალ სახლშიო. ბაზარში შევალ, პროდუქტს ვიყიდი, მერე საპარიკმახეროში - თმას შევიჭრი, მერე პროკურატურაში დაკითხვაზეც შევირბენ და მოვალო.

- ეგ არა, მაგრამ ლუდით სათქმელი სადღეგრძელო ვიცი: ისეთ "ნაციონალს" გაუმარჯოს, დაკითხვაზე რომ არაა ნამყოფიო. სერიოზულად კი გეტყვით, რომ ჩვენ ვისაც ვიბარებთ, მათთან ყველაფერი კანონის მიხედვით ხდება. მერე კუბლაშვილი რომ უშვებს, ჩვენი ბრალი არ არის.

- ისე, რომ მოხვიოთ ხელი ამ "ნაციონალებს" და ყველა დაიჭიროთ, თქვენც დაისვენებთ, ჩვენც და ისინიც.

- ეგრე ძველი ხელისუფლება იქცეოდა. თუ პირის დანაშაული არ დადასტურდა, თუ საკმარისი მტკიცებულება არ გექნება, მისი დაკავება არ შეიძლება.

- ჰოდა, იყავით ასე... აგერ, უგულავაც ვერ დაიჭირეთ...

- რა ვერ დავიჭირეთ! იმდენი ფაქტი მოგროვდა მის წინააღმდეგ, მაგრამ... მართლა კურიოზია, რაც სასამართლომ გააკეთა. კაცს 700-ზე მეტი ფიქტიურად დასაქმებული ჰყავდა.

- ეს 700 კაცი მართლა დასუფთავების სამსახურში ჰყავდა გაფორმებული?

- მართლა! თითო სანაგვე ურნაზე თითო კაცი მოდიოდა.

- მაგ სიაში მომღერლებიც მოხვდნენ, არა?

- ძალიან ვაფასებ იმ ბიჭებს, მაგრამ ფაქტია, რომ იყვნენ, თანაც ალპინისტ-დამსუფთავებლები.

- ეგ რაღაა?

- მაღალსართულიან შენობებზე ფანჯრებს რომ წმენდენ.

- მომღერლებს უნდა გაეკეთებინათ ეგ?

- კანონით კი... ისე, მგონი, გიგი თბილისელებისთვის ახალი სერვისის შეთავაზებას აპირებდა, წარმოიდგინეთ, დილაა, გძინავს მე-15 სართულზე და ამ დროს გესმის ფანჯარაში: "ლერწამისა და ტანი შენიიი..." გაიხედავ და შესანიშნავი ჰანგების თანხლებით გიწმენდენ ფანჯრებს.

- ეგ მართლა კარგია... დასასრულ, ასეთი შეკითხვა გვაქვს: როგორ მიდის ამ მთავრობის საქმე, ოთხ წელიწადში დაუბრუნდები ჟურნალისტიკას?

- მე სულით ახლაც ჟურნალისტი ვარ, ბატონებო!