"ასე სცემ ქალს პატივს? " - კვირის პალიტრა

"ასე სცემ ქალს პატივს? "

8 მარტს განსაკუთრებით აღნიშნავენ ჩვენი ქალები. ეს კურიოზიც სწორედ 8 მარტს მოხდა.

კომუნისტების დროს ჩემს ქალაქში (ქუთაისში) ავტოინსპექტორად მუშაობდა ჩემი მეზობელი არსენა. იგი მთელ ქალაქში ცნობილი იყო დაუნდობლობით - საკუთარი ძმაც კი დაუჯარიმებია ბევრჯერ. ზოგი ამბობდა, უსისხლო კაციაო, ზოგიც - სამსახურზე შეყვარებულიო... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ყველა ერიდებოდა მის "ზონაში" გავლას. ერთხელ არსენამ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გააჩერა. საჭესთან მშვენიერი ქალი იჯდა.

- თქვენი საბუთები! - უბრძანა ინსპექტორმა.

ქალმა სწრაფად მიაწოდა. არსენამ საბუთებს დახედა და ჯარიმის გამოწერა დაიწყო. ქალმა კეკლუცად შეაჩერა და უთხრა:

- დღეს 8 მარტია და ასე სცემ ქალს პატივს?

არსენა დაფიქრდა. მიხვდა, რომ მასზე ახალ ამბავს ააგორებდნენ ქალაქში - 8 მარტს მანდილოსანი დააჯარიმაო, ამიტომ შესანიშნავ ხერხს მიაგნო და ჯარიმის გამოწერის თარიღად 7 მარტი ჩაწერა.

მ. ობოლაძე. ქუთაისი