ტანჯვიდან ო, რაკაიამდე! - კვირის პალიტრა

ტანჯვიდან ო, რაკაიამდე!

- ეს არის რეპორტაჟი?! - შემომიბღვირა ტელეკომპანია ,,დრონი მეფობენ, არა - მეფენის" საინფორმაციოს ხელმძღვანელმა და გაოცებულ-გაბრაზებულმა შემომხედა.

- რა არ მოგწონთ აქ, ბატონო? - გამიკვირდა მე.

- შენ ის თქვი, რა მომწონს - შხამიანი კალამბური შემომაფრქვია ხელმძღვანელმა და დაიწყო:

- რომ ამბობ, გზები დააგესო, მერე რა, გზებს მეც კი დავაგებ - დამსვი იქ და!.. რომ ამბობ, ჯარი გაძლიერდაო, ჯარს მეც კი გავაძლიერებ - დამსვი იქ და!.. რომ ამბობ, ელექტროენერგია 24-საათიანიაო, მეც კი ვიზამ მაგას - დამსვი იქ და!.. რომ ამბობ...

- პატივცემულო, უარყოფითი მხარეებიც მაქვს მოხსენიებული, - შევაპარე მე.

- ეგ კარგია, მაგრამ მეტი ცრემლი მინდა, მეტი უბედურება უნდა ჩანდეს, ტანჯვა მინდა, მეტი ტანჯვა!

- გავიგე, ბატონო!

- თუ გაიგე, წადი ახლა, "ტანჯვა" მომიტანე! - მიბრძანა საინფორმაციოს ხელმძღვანელმა და "ტანჯვის" საძებნელად გამიშვა.

მეორე დღეს პირველ რეპორტაჟად გავიდა ჩემი სიუჟეტი "ტანჯვები", რომელიც დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო:

ვაი, რა გვეშველება ჩვენ უბედურთ! ვიღუპებით, იქცევა ქვეყანა! მერე რა, რომ გზები იგება და ჯარი ძლიერდება?! ამას ხომ ჩემი საინფორმაციოს ხელმძღვანელიც შეძლებდა - დასვით იქ და... ვაი, ვაი, ვაი, ამას რას მოვესწარით!

სიუჟეტი საინფორმაციოს ხელმძღვანელს ისე მოეწონა, რომ გადამეხვია და ახალი თაობის გენიოსი მიწოდა. შევიფერე და მორიგი რეპორტაჟის მოსამზადებლად მოვემზადე. რეპორტაჟში ლაპარაკი უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ მალე საქართველოს ცეცხლის წვიმა მოევლინებოდა და მხოლოდ საინფორმაციოს ხელმძღვანელი და მისი მდივანი ნანუკა გადარჩებოდნენ. ეს უკანასკნელიც იმ შემთხვევაში, თუ უკან არ მოიხედავდა. უკან მოხედვის შემთხვევაში, ნანუკა მარილის სვეტად გადაიქცეოდა.

მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყურმილს დავწვდი. ტელეკომპანია ,,ვისაც ჩვენი მატარებლის ბილეთი არ აუღია, თავის თავს დააბრალოს"" საინფორმაციოს ხელმძღვანელი რეკავდა:

- ხელფასი რამდენი გაქვს? - შემეკითხა.

- 300 ლარი.

- ჩემთან იმუშავე და 310 გექნება! - დამკერა მან და ყურმილი დადო.

დავიკერე და მეორე დღეს ახალ სამსახურში გადავედი. საგულდაგულოდ მომზადებული რეპორტაჟი ჩემს ახალ საინფორმაციოს ხელმძღვანელს ვაჩვენე და შექების მოლოდინში გავყუჩდი. ხელმძღვანელმა თავი დიდხანს აქნია, მერე ზომაზე მეტი ჟანგბადი გადაყლაპა და მითხრა:

- რას ჰგავს ეს?! რა უმუშევრობაა ქვეყანაშიო?! რა ტელეფონები ისმინებაო?! სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობსო?! სხვათა შორის, სულ არ იყო ძველად სასამართლო, მაგრამ რა ვაჟკაცები გავზარდეთ: გიორგი სააკაძე, პაატა, ავთანდილი!..

- ავთანდილი ვინაა? - გამიკვირდა მე.

- გიორგი სააკაძის უფროსი ბიჭი, - ამიხსნა გიორგი სააკაძის გენეალოგიაში ჩახედულმა საინფორმაციოს ხელმძღვანელმა და ახალი სიუჟეტის მოსამზადებლად მიბიძგა.

სიუჟეტი მალევე მოვამზადე, რომელიც დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო:

"როგორც იქნა, ამოვიდა მზე ბედნიერების, გვიხარია, ბედნიერი ერი ვართ, რა კარგია ცხოვრება, სასამართლო რად გვინდა? სულ არ ჰქონდა გიორგი სააკაძეს სასამართლო, მაგრამ რა ვაჟკაცები გამოზარდა! ისეთი კმაყოფილები ვართ, რა ვქნათ, არ ვიცით".

საინფორმაციოს ხელმძღვანელს რეპორტაჟის ნახვისას, სიხარულისგან მიკრო და მიოკარდის ინფარქტებს შორის რომ ინფარქტია, ის დაემართა. საავადმყოფოდან მობრუნებული კი გადამეხვია, ო, რა კაიაო, მითხრა და პრემიაც მომცა და ჩემი სიუჟეტი მსოფლიოს სატელევიზიო ოქროს ფონდში შეტანის ღირსადაც მიიჩნია. მეც გავემზადე ჩემი სიუჟეტის მსოფლიოს ოქროს ფონდში შესატანად, მაგრამ ამ დროს ისევ ტელეკომპანია ,,დრონი მეფობენ, არა - მეფენის"" საინფორმაციოს ხელმძღვანელმა დამირეკა და...

და მოდი, მე ნუღარ მაწერინებთ, ამას სჯობს, ეს ფელეტონი წაიკითხოთ თავიდან... რამდენჯერმე...